ლიზა ბათიაშვილისა და ხატია ბუნიათიშვილის წარმატება საერთაშორისო სივრცეში - სად გამოიფინა მათი ფოტოები - კვირის პალიტრა

ლიზა ბათიაშვილისა და ხატია ბუნიათიშვილის წარმატება საერთაშორისო სივრცეში - სად გამოიფინა მათი ფოტოები

"ქართველი არტისტის წარმატება საერთაშორისო სივრცეში დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის" - ლიზა და ხატია მსოფლიო ვარსკვლავებთან

ორი უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის, მევიოლინის - ლიზა ბათიაშვილისა და პიანისტის - ხატია ბუნიათიშვილის ფოტოები გერმანიის ქალაქ მიუნხენში Ludwig Beck-ის ცენტრში გამოფინეს. ეს არის დაწესებულება, რომელიც ცნობილია მაღალი დონის ბრენდებითა და უნიკალური ნივთებით. ლიზა და ხატია მსოფლიო ვარსკვლავებთან – ლედი გაგასთან, იგი პოპთან და ბრუს სპრინგსტინისთან ერთად არიან წარმოდგენილნი.

სცენარისტი და კრეატიული პროდიუსერი - თეო ჯორბენაძე მსოფლიო მეგავარსკვლავებთნ მრავალი წლებია თანამშრომლობს. იგი ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ, მის აღფრთოვანებას გვიზიარებს...

- ყველამ ვიცით, რომ პოპ არტისტები ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდებიან პოპულარულები. კლასიკური მუსიკის სოლისტებისთვის მათთან კონკურენცია, ამ მიმართულებით, ადვილი არ არის. ლიზამ და ხატიამ, ცხადია, დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით შეძლეს ასეთი აღიარების მოპოვება. ლიზას კონცერტებს არაერთხელ დავსწრებივარ ევროპულ დარბაზებში და ძალიან საამაყოა, რომ საქართველოს ამ რანგის ვარსკვლავი ჰყავს.

მიხარია, რომ ჩვენმა ერთობლივმა მუსიკალურმა წარმოდგენამ ნიკოლოზ რაჭველის საორკესტრო ვერსიებით ინტერესი გამოიწვია. მაისში პრემიერები გვქონდა ბერლინში და ლუდვისბურგში. 2024 წელს, ფილადელფიაში და მონრეალში იგეგმება City Lights, შემდეგ, იტალიაში. ლიზას ცხოვრების ამბავთან ერთად, ამ მუსიკალურ წარმოდგენაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც არის მოთხრობილი. მადლობა ლიზას ამ შესაძლებლობისთვის, ყოველი ქართველი არტისტის წარმატება საერთაშორისო სივრცეში დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მგონია საქართველოსთვის და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ.

(სპეციალურად საიტისთვის)