ვინ და რატომ ავრცელებს ტყუილს, რომ თითქოს ქართველებმა ბრძოლა არ იციან?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ ავრცელებს ტყუილს, რომ თითქოს ქართველებმა ბრძოლა არ იციან?!

რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ინტერვიუ ჩაწერა ლეგენდარულ უკრაინელ ფეხბურთელ ლეონიდ ბურიაკთან. საუბარი, რა თქმა უნდა, ომსაც შეეხო და ბურიაკმა ასეთი ფრაზა თქვა:“`ჩვენ არა ვართ ქართველები და სომხები, ეს უკრაინაა~. მისი ეს ფრაზა, ძირითადად, ქართულმა სპორტულმა მედიამ შეიმჩნია და, რა თქმა უნდა, ქართველი მკითხველის პროტესტიც მოჰყვა.

ვერ ვიტყვით, რომ ბურიაკს ქართველები არ უყვარს, რადგან იმავე ინტერვი­უში დიდი სითბოთი იხსენიებს თბილისის `დინამოს~ ფეხბურთელებს. თუმცა მისი ზემოხსენებული ფრაზა მეტყველებს, რომ ქართველები და სომხები ნაკლებად მებრძოლ ხალხად მიაჩნია, ვიდრე­ უკრაინელები. აქვე ხაზს ვუსვამთ - დიდება უკრაინას, ამ ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს და გვტკივა თითოეული დაღუპული უკრაინელი. ბარბაროსული რუსეთი უნდა დამარცხდეს და ეს ყველა ამ ქვეყნის მეზობლისთვის ისტორიული შანსი იქნება. არც ქართველებისა და უკრაინელების დატოლებას ვაპირებთ, რადგან ეს გონებასუსტების საქმეა. აქ ბურიაკში (რომელსაც ვერ მოსთხოვ ისტორიის ცოდნას და პოლიტიკური მოვლენების ანალიზს) არ არის საქმე, ეს რუსეთის პროპაგანდის მიერ შექმნილი ერთ-ერთი მავნებლური და ანტიქართული მითია.

სომხებმა თავისი იკითხონ და ჩვენ ჩვენი­ ვთქვათ. დიახ, რუსული პროპაგანდა­ ათწლეულების მანძილზე ამტკიცებს, რომ ქართველებს ბრძოლა არ შეუძლიათ, სუ­ლის­ სიმტკიცე და გამარჯვებისკენ სწრაფვა­ არ ახასიათებთ, ომის დაწყებიდან მალევე ბრძოლის ველიდან გარბიან და ა.შ. რუსულმა პროპაგანდამ ასეთი ქართველის სურათი შექმნა - ჭკუამხიარული, რომელსაც მხოლოდ `ლარისა ივანოვნა~ და `შაშლიკები~ უყვარს, ნებისმიერ დროულ თუ უდროო ადგილას იწყებს ცეკვა-თამაშს და მრავალხმიან სიმღერას. ამაში ჩართულია რუსული ფილმები, იუმორი (კრემლმა მოახერხა და იუმორი მძლავრ პროპაგანდისტულ იარაღად აქცია), ლიტერატურა, სოცქსელები და ა.შ. შესაბამისად, ლეონიდ ბურიაკის მსგავს ადამიანებს სჯერათ მსგავსი­­ პროპაგანდის. ასეთ ადამიანებს შესაძლოა, ძალიანაც უყვარდეთ ქართველები, მაგრამ მათ უყურებენ როგორც საყვარელ, ეგზოტიკურ ტიპებს, რომელთაც ხელის შემობრუნება არ იციან.

ამ პროპაგანდის მიზანი ნათელია - როდესაც ადამიანს, საზოგადოებას, ერს დიდი ხნის განმავლობაში დოზირებულად ჩააწვ­ეთებ, რომ მას ბრძოლა არ შეუძლია, ექმ­ნება­ არასრულფასოვნების კომპლექსი. ფსიქოლოგიურად წინასწარ დამარცხებულია და ხშირად მათ დასამორჩილებ­ლად­ აღარ გჭირდება არც დიდი არმია და არც დიდი ბრძოლები. სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა ზოგიერთ ჩვენს თანამემამუ­ლეზეც მოქმედებს. ჩვენს საზოგადოებაში არის კატეგორია, რომელიც დარწმუნებულია, რომ არაფრის თავი არა გვაქვს, ქვეყნის დაცვა არ შეგვიძლია და საერთოდაც გადაგვარების გზაზე ვდგავართ. ზოგიერთი ამ მავნებლურ აზრებს (შეგნებულად თუ შეუგნებლად, საკითხავი, აი, ეს არის), ტელეეთერით თუ სოცქსელით ავრცელებს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს, პირველ რიგში, უნდა ურჩიო, რომ ისტორიის წიგნები წაიკითხონ. კარგი, ისტორიას თუ არ ენდობიან, გადახედონ უახლოეს წარსულს და გააანალიზონ მაინც.

სანამ იმაზე მსჯელობას დავიწყებდეთ, შეგვიძლია თუ არა ქართველებს ქვეყნის დაცვა, პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ უახლოეს ომებში საქართველოს მოწინააღმდეგე გახლდათ რუსეთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხვრის ტყავში იყო გახვეული. საქართველოს ხელისუფლებების ბრალი იყო, რომ ყველაფერს თავის­ სახელს არ არქმევდნენ და საქართველო-რუსეთის ომს ხან ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ კონფლიქტად მოიხსენიებდნენ­ და ხან `ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლად~. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდ­ესაც საქართველომ ორი ომი გადაიტანა­ რუსეთთან (სამაჩაბლო 1991-1992 წლები; აფხაზეთი 1992-1993 წლები), პარალელურად, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. საქართველოში, ფაქტობრივად, რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა ბრძოლა. ამას პატარა ქვეყანა კი არა, ზემძლავრი და მრავალრიცხოვანი სახელმწიფოები ვერ უძლებენ ხოლმე. დიახ, ყველა ომში დავმარცხდით, მაგრამ თითოეულ მარცხს ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზი და არავინ გაქცეულა ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილი.

omi2-1690731255.jpg

სამაჩაბლოს ომი

90-იანი წლების დასაწყისში სამაჩაბლოს­ ცხელ წერტილად ქცევა რომ თავიდან ბოლომდე მოსკოვში იყო დაგეგმილი, ამაზე­ ალბათ, არავინ დაობს. შესაძლოა, ბევრმა­ არ იცის, რომ სულ პირველად, ცხინვალში ქართველი მოსახლეობის დასაცავად შევიდნენ ქართული შსს-ს ნაწილები (მაშინ მილიცია ერქვა). მანამდე კი მოხდა ასეთი ფაქტი - კომუნისტური ხელისუფლების დამარცხ­ების შემდეგ, რუსებმა­ საქართველოს­ შსს-ს საწყობებიდან ლამის­ მთელი იარაღი გაზიდეს. ფაქტობრივად, ქართული ოფიციალური შეიარაღებული ნაწილები განიარაღებული იყვნენ. მიუხედავად ამისა, ქართული მილიცია და მათთან ერთად ახლად ჩამოყალიბებული შეიარაღებული ფორმირებები (რომლებსაც არ ჰქონდათ ცენტრალიზებული მართვის სისტემა და ემორჩილებოდნენ უშუალოდ იმ პირს, რომელმაც­ ეს ფორმირება შექმნა), ლამის შიშველი ხელებით ახერხებდნენ რუსების მიერ შეიარ­აღებული სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რატომ დაიკარგა ცხინვ­ალი?! იმიტომ არა, რომ ვინმე იქიდან გამო­იქცა. მოხდა ის, რომ თბილისში 1991 წლის 22 დეკემბერს სამოქალაქო ომი დაიწყო­ და ცხინვალისთვის არავის სცხელოდა. ცხინვალიდან სოლიდური­ ნაწილები დედაქალაქისკენ გადმოისროლა მაშინდელმა მთავრობამ და, ფაქტობრივად, ქალაქი დაუცველი იყო, რითაც ისარგებლეს ოსმა სეპარატისტებმა. თუმცა მიუხედავად სამოქალაქო ომისა, ქართველმა მოსახლეობამ მოახერხა ცხინვალის გარშემო განლაგებული ყველა სოფლის შენარჩუნება. რა აღარ სცადეს სეპარატისტებმა და რუსებმა ამ სოფლების ასაღებად, მაგრამ ყოველ ჯერზე კუდამოძუებული გარბოდნენ უკან.

გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო განუკითხაობა­ და ქაოსი. თუმცა 1992 წლის ივნისში მაშინდელმა ქართულმა გვარდიამ წარმატებით­ დაიწყო შეტევა ცხინვალის მიმართულებით­. სულ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი ქალაქში შესვლამდე, მაგრამ თბილისიდან შეჩერების ბრძანება მივიდა. დიახ, შევარდნაძემ გასცა შეტევის შეჩერების ბრძანება, დაიწყო ე.წ. სამშვიდობო პროცესი, ჩადგნენ იქ რუსი სამშვიდობოები (რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა 2008 წელს) და სიტუაცია გაიყინა.

აფხაზეთის ომი

omi3-1690731255.jpg

რა თქმა უნდა, აფხაზეთის ომი უფრო მასშტაბური და სისხლისმღვრელი იყო, ვიდრე აგვისტოს ომი. ვნახოთ, რა სიტუაცია­ იყო მაშინდელ საქართველოში - ქაოსი­ ქვეყანაში, გამსახურდიას მომხრეების აქტიურობა სამეგრელოში და ეკონომიკური კოლაფსი. მაშინდელი ჯარი წარმოადგენდა­ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდათ. აკლდათ იარაღი, ჯავშანტექნიკა.­ მაშინდელი ქართველი მებრძოლების მთავარი დასაყრდენი იყო პატრიოტიზმი (რა თქმა უნდა, იმათ არ ვგულისხმობთ, ვინც ომი პირადი გამდიდრების წყაროდ აქცია). დიახ, პატრიოტიზმი, რადგან რომელიმე მებრძოლი თავის ავტომატიანად თბილისში ჩამოსულიყო და მშვიდობიანი­ ცხოვრება გაეგრძელებინა, მომკითხავი არავინ იყო... რაც მთავარია, საქართველოს არ ჰყავდა­ მოკავშირე და მაშინდელი აფხაზე­თის ომი ცივილიზებული სამყაროსთვის იყო `სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი~.­ დახმარება შემოიფარგლებოდა პურის ფქვილით და მაკარონებით.

ქართულ მხარეს აფხაზურ ფორმირებებთან ერთად უპირისპირდებოდნენ ე.წ. მოხალისეებად გადაცმული რუსული არმიის­ ნაწილები. რუსული ავიაცია ბომბავდა სოხუმს და ქართულ პოზიციებს. მიუხედავად გამოუცდელობისა, იარაღისა თუ ელემენტარულად, ტყვია-წამლის ნაკლებობისა, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო სოხუმის აღება. ომში გადამწყვეტი ეპიზოდი შესაძლოა ყოფილიყო 1993 წლის მარტის ბრძოლები, როდესაც ქართულმა მხარემ სოხუმზე მასშტაბური შეტევა მოიგერია და მოწინააღმდეგეს ისე მწარედ მოხვდა ცხვირში, რომ მათ რიგებში პანიკა დაიწყო. თუმცა ქართული ჯარი უშედეგოდ ელოდა კონტრშეტევის ბრძანებას...

საბოლოოდ, სოხუმი დაეცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმებიდან გამომდინარე, სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გააყვანინეს და შემდეგ, აფხაზებმა და რუსებმა შეთანხმება დაარღვიეს და განიარაღებულ ქალაქს შეუტიეს. პარალელურად, დაიწყო შეტაკებები სამეგრელოში. შევარდნაძესა და გამსახურდიას შორის დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის მორიგი რაუნდი და აფხაზეთისთვის არავის სცხელოდა...

აგვისტოს ომი

აგვისტოს ომზე ნებისმიერ მკითხველს, ინტერნეტში შეუძლია მოიძიოს ოფიციალური დოკუმენტაცია, მედიაქრონიკა და მოვლენების განვითარება საათობრივად აღადგინოს. შესაბამისად, ნახ­ავს, რომ არც ერთი ქართული ნაწილი ბრძოლის ველიდან არ გამოქცეულა და წინააღმდეგობა შეწყდა მაშინ, როდესაც ასეთი­ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. წინააღმდეგობის გაგრძელების გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული, ჯარიც მზად იყო ამისთვის და ათასობის სამოქალაქო პირიც, რომლებიც მზად იყვნენ მოხალისეებად წასასვლელად. საერთოდ, აგვისტოს ომში ქართველ ჯარისკაცებს ორი მოწინააღმდეგე ჰყავდათ - რუსული ჯარი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სულელური ბრძანებები.

ქართველებს ბრძოლაც კარგად შეუძლიათ და ქვეყნის დაცვაც, გმირობაც და­ თავგანწირვაც. გამარჯვებისთვის კი საჭიროა,­ რომ ბრძოლა და გმირობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც შეეძლოს.

P.S. სხვათა შორის, რუსული პროპაგანდა იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსები არასოდეს ნებდებიან და თავისიანებს არ ტოვებენ. თუმცა უკრაინის ომმა კარგად აჩვენა, რომ სპრინტერებივით კარგად გარბიან ბრძოლის ველიდან და რუსი ოფიცრები საკუთარი ტყავის გადასარჩენად დაჭრილებს­ ტოვებენ გულმოწყალე მოწინააღმდეგის იმედად.

გიორგი კვიტაშვილი