"დიახ, მე არა მაქვს კითხვები გახარიასთან, რომელიც "გავრილოვის ღამეს" პარლამენტის შენობას იცავდა"
"ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა დროს წასული ლიდერები ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე ლაპარაკობენ. გასულ კვირას პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაძლოა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები გაერთიანდნენ. ასეთი ალიანსის აუცილებლობაზე ლაპარაკობს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგურიც, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ძალთა ახალი კონფიგურაცია, რომლის გაერთიანების ფორმულა არც მიშა იქნება, არც ბიძინა და ამასთან, ხალხისთვის საინტერესო თემებზე მოახდენს კოორდინირებას. საგულისხმოა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს, რომ არც ერთ სხვა პარტიასთან ალიანსს არ გეგმავს. როგორი შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენლების ალიანსი, მათი მიზნები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ზვიად ძიძიგური გვესაუბრება:
- ორპოლუსიანი არჩევნები, რომლის წინასაარჩევნო პერიოდში "ნაცმოძრაობა" ოპოზიციურ ერთობას აცხადებს, "ქართული ოცნება" კი თავის სატელიტებთან ერთად ერთვება მარათონში, ყოველთვის "ქართული ოცნების" გამარჯვებით მთავრდება. 2020 წელს "ნაციონალებმა" გამოაცხადეს, ათი პარტია ვართ ერთადო, და "ძალა ერთობაშია" დაირქვეს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ფორმალობა აღმოჩნდა, ელექტორალური გაერთიანება ვერ მოხერხდა. ვინ იქნება ამ ახალ პლატფორმაზე? ცხადია, უცხო ადამიანები არ იქნებიან. მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს მაგალითი, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს პოლიტიკური ერთობა შეექმნათ და კარგი შედეგი მიეღოთ. რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება იმ პირებისგან, რომლებიც "ქართულ ოცნებაში" იყვნენ და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გუნდიდან წავიდნენ. გახარიაც ამ პოლიტიკური გუნდის მაღალჩინოსანი იყო და ყველამ იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კარგი შედეგი ჰქონდა.
- გახარიას გუნდი ამბობს, რომ არც ერთ პარტიასთან არ აპირებს ალიანსს.
- დიდი ალბათობით, "ქართული ოცნებიდან" წამოსული პირები თუ პარტიები ახალ ცენტრს შექმნიან, მაგრამ ვინ იქნება ამ ალიანსში, ჯერ თქმა ძნელია. მთავარია, რა თემები აერთიანებთ. ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 70% ამბობს, რომ მის ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს. პოლიტიკოსები ძალიან დაშორდნენ ხალხს, 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდეა გაზრდილი ეს უფსკრული. ამიტომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა გვარ-სახელების პირები დაწყვილდებიან ერთ კონფიგურაციაში, არამედ ის, თუ რას ეტყვიან მაგალითად, ვეტერანებს, პენსიონერებს, ახალგაზრდებს, მუშებს... თუ ხალხმა გული არ მოიბრუნა პოლიტიკოსებზე, რამდენი კონფიგურაციაც გინდა, იმდენი დაალაგე, უპირატესობა მაინც ხელისუფლებას ექნება. ხალხი არც ხელისუფლებას ენდობა, მაგრამ მათ აქვთ საჯარო სექტორში დასაქმებულთა კონკრეტული შესაძლებლობა და ასევე სრულიად უსინდისოდ იყენებენ საბიუჯეტო რესურსებსა და ძალოვან უწყებებს.
- ამ კონფიგურაციაში თქვენც იქნებით?
- ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, რა თემის ირგვლივ გაერთიანდებიან პარტიები და ცალკეული პერსონები. საკითხი არ დგას ისე, რომ ვინმესთან ერთად მინდოდეს ან არა, მე მაინტერესებს, როგორ შეგვიძლია ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლა.
- ე..ი. თქვენ შორის კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
- კი, დაიწყო, მაგრამ ინტენსიური ჯერ არ არის. სავარაუდოდ, პროცესი შემოდგომიდან ან უფრო საარჩევნო წლის დაწყებიდან გააქტიურდება. თუმცა, ვფიქრობ, ეს დროის ფლანგვაა. თითქოს არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ხელისუფლების უპირატესობა ოპოზიციამ იმით უნდა დააბალანსოს, რომ ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს, ეს კი ნიშნავს, რომ ათჯერ მაინც შემოიარო საქართველო და ამომრჩევლის დარწმუნება შეძლო. აი, ამ ყველაფრის გასაკეთებლად არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. არადა, გამოცდილება მკარნახობს ვთქვა, რომ ეს ზაფხული პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციებისა და ხალხთან შეხვედრების გასამართავად არ იქნება გამოყენებული.
- პირადად თქვენ რომ გამოიჩინოთ ასეთი ინიციატივები?
- ჩემი პირადი ინიციატივების შესახებ მაშინვე შეგატყობინებთ, როგორც კი გადავწყვეტ, რომ ამის გასაჯაროების დრო მოვიდა. მუშაობის პროცესზე თავიდანვე თუ საჯაროდ დავიწყებ ლაპარაკს, ჩათვალეთ, რომ ჩანასახშივე მოკვდება პროცესი. როდესაც პრესა და ტელევიზია რაღაც ინფორმაციას მიიღებს, კონსულტაციების დიდი ნაწილი, ასევე სამოქმედო პროგრამა უკვე შესრულებული უნდა იყოს.
- თქვენი გამოცდილება და წარსულში დაშვებული შეცდომები რას გეუბნებათ, რა გახდა "ქართულ ოცნებასა" და ხალხს შორის უფსკრულის გაჩენის მთავარი მიზეზი?
- "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ შექმნიდა სრულიად ახალი ყაიდის ქვეყანას, სადაც ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუციები იქნებოდა და ადამიანების ყოფითი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ზღაპრიდან გადმოსული, მითოლოგიური პერსონაჟივით გამოგვეცხადა და ქველმოქმედებითა და სიკეთით გაითქვა სახელი, წარმოდგენილი ჰქონდა უამრავი პროგრამა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოსაგვარებელი. უნდა ითქვას ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე ამ პროგრამების ნაწილი განხორციელდა კიდეც. დღევანდელი ხელისუფლება ვეღარ ხედავს ხალხზე ზრუნვის საჭიროებას და ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთ არგუმენტად იმას ასახელებს, რომ თუ ეგენი არ იქნებიან, მიშა მოვა. ასე მუშაობენ 2016 წლიდან, რაც დღემდე ამართლებს. "ნაცმოძრაობას" მმართველობის პერიოდში იმხელა ნეგატივი აქვს ქვეყანაში დაგროვილი, რომ "ქართული ოცნება" 11 წლის შემდეგაც ახერხებს მის საფრთხობელად წარმოჩენას. მხოლოდ ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი უკიდურესად დასუსტდა, ნარატივი "მიშა მოვა" ჩაანაცვლეს მესიჯით "ომი იქნება". მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ სანამ იქნება, მმართველი გუნდი წარმატებით გამოიყენებს ამ ნარატივს და შეეცდება 2024 წლის არჩევნები "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" დაპირისპირებად გადააქციოს. გარწმუნებთ, როგორადაც არ უნდა დაეცეს "ოცნების" რეიტინგი, მის ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხე არ ემუქრება, თუ ოპოზიციაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება. მაღალრეიტინგიანი ძალა კი ნიშნავს ხალხთან მომუშავე პარტიას.
- თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მხოლოდ მან იცის, ხალხს რაზეც უნდა ესაუბროს, რა უნდა შესთავაზოს, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი უჭირთ.
- ეს არის საკითხები, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში უნდა მუშაობდნენ. ეს არის განათლება, სოციალური საკითხები, მიგრაციის შეჩერება, ახალგაზრდების დაინტერესება, პოლიტიკური და სოციალური პროექტები. მე ვერ ვხედავ, რომ ამ საკითხზე მუშაობდეს ვინმე. ხელისუფლება რომ პრორუსულია და ევროპულ მომავალს გვართმევს, ამაზე ლაპარაკი არ უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ მთავარი მიმართულება უნდა იყოს ხალხის დარწმუნება, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლა უკეთესობისკენ შეიცვლება ცხოვრება. თუ ამაში ვერ დაარწმუნებ, რატომ დაგიჭერს მხარს? უკეთეს შემთხვევაში, არჩევნებზე არ მივა.
- თქვენ, რომელიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდით, ცალსახად ამბობთ, რომ ეს ძალა პრორუსულია?
- ერთი რამ ზუსტად ვიცი, "ოცნების" ბოლოდროინდელი ნაბიჯები ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნამდვილად არ არის. ორმაგი თამაშია, "ქართული ოცნება" ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, მაგრამ ამასობაში ორივეს წვავს. უკვე ძალიან რეალურია იმის რისკი, რომ საქართველო მარტო, პირისპირ დარჩეს რუსეთთან, რომელთანაც 200-წლიანი ურთიერთობის მწარე გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ არასდროს გვქონია მასთან პარტნიორული ურთიერთობის წლები, უმთავრესად ვასალურ მდგომარეობაში ვიყავით. ახლა თავად განსაჯეთ, ეს ხელისუფლება პრორუსულია, პროევროპული თუ საერთოდ, რა პრო არის? მე რასაც ვხედავ, ეს ხალხის ბედით ჟონგლიორობაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკულმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაზე უარი რომ თქვან, რა დაემართება ჩვენს სახელმწიფოს?
- თქვენ რომ ორმაგი თამაში უწოდეთ, "ქართული ოცნება" ამას სიფრთხილის პოლიტიკას უწოდებს.
- მე არ ვეთანხმები. სინამდვილეში ეს არის საკუთარი ქვეყნის საფრთხეში ჩაგდების პოლიტიკა, ხალხის ბედით თამაში... თუ ჩვენ არჩევნებამდე მივიღებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, 2024 წლის არჩევნებზე ევროპული კონტროლი გაცილებით მკაცრი იქნება. შესაბამისად, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის რიტორიკა კარდინალურად შეიცვალოს. ამას გარდა, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" არ სჯეროდა და შეიძლება არც ახლა სჯერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან უკრაინა და დასავლეთი გამარჯვებული გამოვლენ. აქედან გამომდინარე, ერთგვარ დაზღვევას აკეთებენ, მაგრამ ასეთი ფიქრები და ვარაუდები ჭკუასთან ახლოს ყოფნაზე არ მეტყველებს.
- ვინც ახლა "ქართულ ოცნებას" მართავს, ერთ დროს თქვენი თანამოაზრეები იყვნენ.
- 2012 წელს, მაშინ როდესაც მე "ქართულ ოცნებაში" ვიყავი, ეს გუნდი აბსოლუტურად პროდასავლური იყო. ბევრი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციისთვის. შემდგომ, როდესაც ამ გუნდმა არ შეასრულა დანაპირები და დაეცა მისი რეიტინგი, გაცილებით ადვილი გახდა ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, მედიის წარმომადგენლების დაშინებითა და დაპატიმრებით, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნება. ამასობაში ევროპელები და ევროპული სტრუქტურები ხელისშემშლელ ფაქტორებად წარმოაჩინეს. ერთსაც გეტყვით, "ქართულ ოცნებას" და საზოგადოდ, ქვეყანას, დღეს არავინ მართავს, ერთი კაცის გარდა - ის ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილია. აბა, გამოვიდეს "ქართული ოცნების" რომელიმე მოლაპარაკე თავი და მითხრას, რომ ასე არ არის! ეს ხალხი ყველაფერს ივანიშვილის კურთხევით აკეთებს.
- ბიძინა ივანიშვილს ადრე არ ეტყობოდა ერთპიროვნული მართვის სურვილი?
- არა, არ ეტყობოდა! "ქართული ოცნება" კოალიციური გაერთიანება იყო. ჩვენ ვიკრიბებოდით და ერთობლივად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, 2012-დან 2016 წლამდე ვერ დამისახელებთ მმართველი გუნდის ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეუსაბამო იყო ევროინტეგრაციასთან. ბიძინა ივანიშვილიც დემოკრატიული ლიდერის როლს თამაშობდა. ის მას შემდეგ შეიცვალა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო და ერთპარტიულ მმართველობაზე გადავიდა "ქართული ოცნება". დღეს "ქართული ოცნება" სულ სხვა პარტიაა, თვისებრივად განსხვავდება იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც 2012 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა. თქვენ მითხარით, დღევანდელი "ოცნების" ლიდერები თქვენი თანამოაზრეები იყვნენო. მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები მაშინ ახლოსაც კი არ იყვნენ პარტიის და მით უფრო ქვეყნის მართვის სადავეებთან. ეს ხალხი შემსრულებლის ნიჭით გამოირჩევა. დღეს ივანიშვილს ასეთი ხალხი სჭირდება.
- ახალი პოლიტიკური პლატფორმის საკითხს დავუბრუნდეთ. თქვენ იმედი გაქვთ, რომ გახარიას პარტიის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმა შეძლებს მესამე პოლუსის შექმნას, მაგრამ რას იტყვით იმის თაობაზე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე არ ავიწყდება გავრილოვის ღამე?
- ამ კითხვას ამომრჩეველმა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გასცა პასუხი, როდესაც ახალჩამოყალიბებული პარტიის ლიდერმა გახარიამ ძალიან მაღალი პროცენტი აიღო. რომ არა მიშას საქართველოში ჩამოსვლა, ორჯერ მეტ პროცენტს აიღებდა. ხალხის იმ დიდმა ნაწილმა, რომელსაც თვალის დასანახავად ეჯავრებოდა სააკაშვილი, შიშით, ისევ არ დაბრუნდესო, "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა. რაც შეეხება გახარიას პარტიის გარშემო "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების გაერთიანების საკითხს, მინდა გაითვალისწინოთ, რომ მე მხოლოდ ალბათობა დავუშვი და კონკრეტულად არაფერი მითქვამს.
- თქვენ არა გაქვთ გახარიასთან კითხვები გავრილოვის ღამის შესახებ?
- მე ვარ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს მოვიდა ხელისუფლებაში და იცის, რისი გამოწვევა შეუძლია ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დაწესებულების შენობებში ძალით შევარდნას. დიახ, მე არა მაქვს კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა. მესმის, რომ მაშინ საქმე ეხებოდა რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში გამოცხადებას, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში შევარდნა ერთხელ უკვე დამთავრდა სახელმწიფოს დამხობით, რასაც სისხლიანი კარუსელის ათწლიანი ტრიალი მოჰყვა.
ხათუნა ბახტურიძე