„დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმეა და საგანგაშო!“ - კვირის პალიტრა

„დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმეა და საგანგაშო!“

ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაზე მსჯელობა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორთან, დემოგრაფთან, პროფესორ ანზორ თოთაძესთან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღევანდელი სურათის შეფასებით დავიწყეთ.

- 1991-2021 წლებში ყოფილი საბჭ­ოთა­ რესპუბლიკების მოსახლეობის რიცხოვნობა 27 მილიონ 842 ათასი კაცით­ გაიზარდა ყველა­ იმ 6 რესპუბლიკაში,­ რომელთა მოსახლეობაც­ აღიარებს მაჰმა­დია­ნურ რელიგიას, 9 ქრისტიანულ­ი აღმსარებლობის ქვეყანაში­ კი შემცირდა 19 მილიონ 138 ათასი კაცით. საბოლოოდ პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობა 8 მილიონ 704 ათასი კაცით გაიზარდა. ამდენად, მოსა­ხლეობის ბუნებრივ მატებასა და კლებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა­ რელიგიური კუთვნილება. კერძოდ, 1960 წლის ბელა­რუსში 8 მილიონ 147 ათასი კაცი ცხოვრობდა, ხოლო უზბეკეთში - 8 მილიონ 395 ათასი, ე.ი. მოსახლეობის რაოდენობის მიხე­დვით თანაბარი ქვეყნები­ იყვნენ. 1990 წელს ბელარუსში 10 მილიონ 259 ათასი კაცი ცხოვრობდა, უზბეკეთში კი - 20 მილიონ 322 ათასი.

- საქართველოში რა ვითარება იყო?

- საქართველოში მძიმე დემოგრაფიული­ ვითარება შეიქნა. დამოუკიდებლობის აღდგენამდე 30 წლის განმავლობაში დემოგრაფიული მაჩვენებლები დადებითი სიდიდით ხასიათდებოდა - მოსახლეობა ამ პერიოდში­ მილიონ 380 000 კაცით გაიზარდა. ყველა რეგიონში მოსახლეობამ საგრძნობლად მოიმატა, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო­ სვანეთისა. 1991-2021 წლებში ქვეყანაში დემოგრაფიულმა მაჩვენებელმა არნახული ვარდნა განიცადა, მილიონ 724 000 კაცით შემცირდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით (მხედველობაში გვაქვს ჩრდილო კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებიც), საქართველოში დემოგრაფიული ვითარება ურთულესია. მაგალითად, 1960 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 129 000 კაცს უდრიდა, ხოლო აზერბაიჯანისა - 3 816 000 კაცს ანუ 313 000 კაცით ნაკლებს საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით. ცოტა ხანში, 1965 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსახლეობა გათანაბრდა. ამჟამად (2021 წელს) საქართველოს მოსახლეობა 3 729 000 კაცს, ხოლო აზერბაიჯანისა 10 119 000 კაცს უდრის.

- შობადობის მიხედვით როგორი სურათი გვაქვს?

- შობადობა უაღრესად შემცირდა. ნიშანდობლივია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 60 000 ბავშვი დაიბადა, ხოლო 7 წლის შემდეგ­, 2022 წელს, თითქმის 18 000 ბავშვით­ ნაკლები - 42 000. არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში 7 წლის შემდეგ, 2029 წელს, კიდევ უფრო შემცირდება შობადობა მიგრაციისა და სხვა ფაქტორების გავლენით და დაახლოებით 20 000 ბავშვი დაიბადება - 10 000 ბიჭი და 10 000 გოგონა, რაც ეროვნული კატასტროფის­ ტოლფასია (ცნობისათვის, XX საუკუნის მეორე ნახევარში 90-100 000 ბავშვი იბადებოდა ყოველწლიურად საქართველოში).­ ამ ვითარების შემობრუნება თითქმის შეუძლებელია, რის შესახებაც ჯერ კიდევ ამ 12 წლის წინათ აღვნიშნავდი. მიზეზი ის არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავის დროზე ვერ გაისიგრძეგანა უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება. კერძოდ, 1980-1989 წლებში,­ 10 წელიწადში, საქართველოში 455 000 გოგონა დაიბადა, ხოლო 2000-2009 წლებში, ისევ 10 წელიწადში, მისი ნახევარი - 226 000 გოგონა. 1980-იან წლებში (10 წელიწადში) დაბადებულმა­ გოგონებმა უკვე თითქმის დაამთავრეს ფერტილური პერიოდი, ანუ ცხოვრების ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც მათ აქვთ ბავშვების გაჩენის უნარი. 2000-იან წლებში (ისევ 10 წელიწადში) დაბადებული გოგონების ფერტილური პერიოდი კი ახლახან დაიწყო და წლები გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შობადობა ყოველწლიურად შემცირდება. ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ როგორმე შევაჩეროთ შობადობის შემცირება და თუკი ეს მოვახერხეთ, შემდეგ ვიზრუნოთ შობადობის გაზრდაზე, სხვა შემთხვევაში დაიხურება ქართველთა ცხოვრების უკანასკნელი ფურცლები. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 1991 წლის შემდეგ განვლილ 30 წელიწადში იმ რაოდენობით რომ გაზრდილიყო მოსახლეობა, როგორც იზრდებოდა 1991 წლის წინა 30 წელიწადში, ამჟამად საქართველოს მოსახლეობა 7 მილიონი იქნებოდა, ხოლო 2050 წლისთვის - 8 მილიონი.

შობადობის შემცირების გარდაუვალ ფაქტს გვიჩვენებს აგრეთვე ფერტილურ პერიოდში ქალების ასაკობრივი სტრუქტურის რიცხოვნობა. დემოგრაფიაში ფერტილურ პერიოდად მიჩნეულია 15-49 წელი. ე.ი. ფერტილური პერიოდი შეადგენს საშუალოდ 35 წელს და შეიძლება ქალმა მთელი­ ცხოვრების განმავლობაში თეორიულად 35 ბავშვიც კი დაბადოს. ყველაზე უფრო ნაყოფიერი ამ მხრივ 20-35 წელია, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალების მიერ 35 და უფროს ასაკში დაბადებული ბავშვების რიცხვი. ფერტილურ პერიოდში ქალების რაოდენობა 1959-1990 წლებში 229 000-ით გაიზარდა, ხოლო 1991-2021 წლებში, სამწუხაროდ, 556 000-ით შემცირდა.

დღეს ძალიან დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ უმძიმეს დემოგრაფიულ სატკივარს ვუმკურნალოთ. ამისათვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ფინანსური სახსრები, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკურად ცოტა წელში გავიმართეთ. ხანდახან ისეთ უბრალო ღონისძიებებზე იხარჯება მილიონები, რომ ამ თანხებით შეიძლებოდა დემოგრაფიული­ ვითარების გამოსწორება. დიდ ეროვნულ სირცხვილად მიმაჩნია, რომ თბილისში, და შეიძლება მთელ ქვეყანაში, ძაღლებმა ჩაანა­ცვლეს შვილები და მათ მაგივრად ძაღლების გამრავლებაზე­ ვზრუნავთ და უაზრო­ კანონებსაც ვიღებთ ძაღლების მოვლისა და გამრავლებისთვის. წლის განმა­ვლობაში, რასაც ამ მიზნით სახელმწიფო­ და საზოგადოება ფინანსებს ხარჯავს, მნიშვნელოვანწილად ეყოფოდა ქვეყანაში დემოგრაფიული­ ვითარების მოწესრიგებას, ხოლო ვისაც ძაღლი ოჯახის წევრად მიაჩნია, შვილივით უყვარს, მასთან ერთად სძინავს, ნუ სცოდავს, თუ ღმერთი­ არ სწამს, მიუახლოვდეს მაინც უფალს, მოუსმინოს დიდ ავტორიტეტს, რომის პაპს: "ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სურს ჰყავდეს ბავშვი, ზოგჯერ ჰყავთ 1 შვილი,­ მაგრამ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც­ ბავშვის ადგილს იკავებენ, რაც შეურაცხყოფს კაცობრიობას და გვიკარგავს ადამიანურობას. ადამიანები უარს ამბობენ­ დედობისა და მამობის ფასეულობაზე, მათ არ სურთ შექმნან ოჯახი და დაბადონ ბავშვები­, რასაც შეიძლება მოჰყვეს ცივილიზაციის, სამყაროს დაღუპვა" (5 იანვარი, 2022 წელი, The Guardian).

demog4-1690733030.jpg

- როდიდან ჩანს საქართველოში დემოგრაფიული ვითარების მკვეთრი გაუარესება?

- საქართველოში დემოგრაფიული ვითარების მკვეთრი გაუარესება 1993 წლიდან დაიწყო. თვალნათლივ ჩანდა, რომ საჭირო­ იყო დამოუკიდებელი დაწესებულების შექმნა, რომელიც ანალიზს გაუკეთებდა უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებას და დასახავდა გზებს მისი გაუმჯობესებისთვის. ეს დიდი ეროვნული საქმე საკუთარი ინიციატივით ითავა მაშინდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში 1998 წელს შექმნა დემოგრაფიის საქვეუწყებო დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარედ იმხანად ვმუშაობდი. დეპარტამენტმა დიდი მუშაობა ჩაატარა მოსახლეობაში დემოგრაფიული­ ცოდნის გავრცელებისათვის, სისტემატურად აკეთებდა დემოგრაფიული ვითარების ანალიზს, ამუშავებდა წინადადებებს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად, მაგრამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური ვითარება მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა.

სამწუხაროდ, "ნაციონალები" მოვიდნენ­ თუ არა ქვეყნის სათავეში, დემოგრაფიული დეპარტამენტი გააუქმეს. ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მაშინ პირწავარდნილი "ნაციონალი" ვახტანგ­ მეგრელიშვილი, რომელიც ამჟამად როგორც­ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი,­ პარლამენტშია წამოსკუპებული. მისი აქტი­ურობით დეპარტამენტი უმალ განყოფილებად გადააკეთეს, 2004 წელს კი გააუქმეს. ასე მოუღო ბოლო უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რადგან "ნაციონალების" შეხე­დულებებს არ ვიზიარებდით. აუცილებლად მიმაჩნია ისიც აღვნიშნო, რომ "ნაციონალები" დემოგრაფიული მონაცემებით თავიანთ სასარგებლოდ მანიპულირებდნენ.

- რას გულისხმობთ?

- იმ პერიოდში საჯარო რეესტრს გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. მაშინ მას ევალებოდა ძირითადი დემოგრაფიული­ მონაცემების დამუშავება, რომლებსაც შემდეგ სტატისტიკის სამსახური აქვეყნებდა­. ვაშაძემ 2008 წელს 7 ათასით გაზარდა დაბადებულთა რაოდენობა, შემდეგ 2009 წელსაც ისევ 7 ათასით. ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, რაც დემოგრაფიული მაჩვენე­ბლების აღრიცხვა წარმოებს, არ მომხდარა.­ მეტიც, შობადობა რომელიმე წელს ათასი ბავშვითაც არასოდეს გაზრდილა.­ სამაგიეროდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა­ ტელევიზიით რამდენჯერმე განაცხადა: საქართველოში შობადობის ბუმიაო, ე.ი. ეკონომიკაში ყველაფერი­ კარგად არისო. ეს სიყალბე­ კარგად გამოჩნდა სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებით. მაგა­ლითად, 2008 წელს ყოველ 100 გოგონაზე თურმე 127 ვაჟი დაბადებულა. მართალია, იმ პერიოდში შერჩევითი აბორტები­ კეთდებოდა ვაჟის დაბადების მიზნით, მაგ­რამ არასოდეს ყოფილა შემთხვევა 100 გოგონაზე 112 ვაჟზე მეტი დაბადებულიყოს. როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, შემდეგ 2009 წელს უკვე 100 გოგონაზე 104 ვაჟი დაიბადა მათი გაანგარიშებით, თითქოს ერთი შემთხვევითი აბორტიც არ გაკეთებულიყოს­. ბუნებაში ჩვეულებრივ 100 გოგოზე 103-105 ვაჟი იბადება­ (ეს შეიძლება მოვიძიოთ კრებულში: საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული, 2015, თბილისი, გვ. 55).

ახლახან მთავრობის სხდომაზე ჩვენმა­ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია დემოგრაფიულ პრობლემებს­ მივხედოთ. სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური­ დაცვის­ მინისტრის მოადგი­ლემ, ქალბატონმა თამარ­ გაბუნიამ განაცხადა, ყველაფერი მზად გვაქვს­ ამისთვის­ და შემდეგ სხდომაზე­ წარმოგიდგენთო. საინტერესოა, ასე უცბად, სახელდახელოდ, პატივცემულმა­ მინისტრის მოადგილემ საერთოდ დემოგრაფების, მათი ჩართულობის გარეშე რა მასალა წარმოადგინა. მან ისიც განაცხადა, რომ ამ მასალას მინისტრის მოადგილეებს დაურიგებდა­ და ყველა თავის წინადა­დებას წარმოადგენდა, მაგრამ ასე საქმე არ კეთ­დება და არც დემოგრაფიული პროგრამის შემუშავება ხდება. ქალბატონმა გაბუნიამ ეს ტრიუკი 5 წლის წინათ გამოიყენა (შეიძლება სამინისტროს სხვა თანამშრომელმა), მაშინაც მინისტრის მოადგილეებს დაავალეს წინადადებების წარმოდგენა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ თავი არავის შეუწუხებია და დავალების შესრულებაც არავის მოუკითხავს. როგორც ჩანს, საუბარია დემოგრაფების, მათ შორის ჩვენი­ მონაწილეობით შედგენილ კონცეფციაზე, მაგრამ კონცეფცია სხვაა, მთავარია, დემოგრაფიული პროგრამის შედგენა და მისი განხილვა სამთავრობო დონეზე. ამ ასპექტში საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს შევადგინე საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. მასში განხილული იყო ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება და დასახული ღონისძიებები მწვავე დემოგრაფიული ვითარების გადასაჭრელად. პროგრამა გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტარებს (უმრავლესობას ჩემი ხელით მივართვი პარლამენტში), სპეციალისტებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებს. სრულებითაც არ ვფიქრობდი, რომ პროგრამა უნაკლო იყო და დაზღვეული შეცდომებისაგან, მასში დასამატებელი და გამოსაკლები წინადადებებიც დაიძებნებოდა, მოტანილი ღონისძიებების სხვაგვარი ინტერპრეტაციაც გახდებოდა საჭირო, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ მთლიანობაში პროგრამა თანამედროვე დემოგრაფიულ მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნის გამოყენებით და ეროვ­ნულ ინტერესებთან შეხამებით იყო შემუშა­ვებული. ვიმედოვნებდით, რომ მთავრობა შეადგენდა სპეციალისტებით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა პროგრამას და ხელისუფლება გამოავლენდა მისი პრაქტიკაში დანერგვის პოლიტიკურ ნებას. ამის შესახებ პროგრამის შესავალშიც ეწერა. მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ საკითხზე მაშინ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოვაწყვეთ კონფერენცია, სადაც მოვიწვიეთ პარლამენტარები, მინისტრები, კულტურის მუშაკები და სხვა. კონფერენციას დაესწრო მხოლოდ პარლამენტარი პაატა მხეიძე და განათლების მინისტრის მოადგილე. როგორც ჩანს, ჩვენმა პარლამენტარებმა და მთავრობის წევრებმა ვერ გაისიგრძეგანეს ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა და თით­ქმის 6 წელი შეჩერდა მუშაობა. დრო კი არ ითმენს, სწორედ ამ საკითხებზე მინდოდა ქალბატონ თამარ გაბუნიას ნახვა. როდესაც ცხელი ხაზით დაურეკეს სამინისტროში, მიპასუხეს, რომ მიღებაზე სამინისტროში უნდა მივსულიყავი და განცხადება დამეწერა. მაშინ ვთხოვე, ქალბატონ გაბუნიას მრჩევლისათვის დაერეკათ და გადაეცათ, რომ ვიყავი პროფესორი, დემოგრაფი, ადრე ჯანმრთელობის სამინისტროშიც ვმუშაობდი და ეშუამდგომლა მიღებაზე, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ. მირჩიეს ელფოსტით გამეგზავნა თხოვნა, ასეც გავაკეთე, მაგრამ თითქმის თვეა ველოდები პასუხს. ამასობაში ქალბატონ გაბუნიას ტელეფონის ნომერიც გავიგე, მაგრამ არ პასუხობს. მოკლედ, შეუვალი ციხესიმაგრეა და იმაშიც დავრწმუნდი, რომ მასთან შეხვედრა არ ღირდა.

demog3-1690733030.jpg

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ზემოთ ნათქვამი თვალნათლივ გვიჩვ­ენებს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმეა და, მაშასადამე, საგანგაშო. დრო აღარ ითმენს! აუცილებელია საგანგებო ღონისძიებების გატარება. საჭიროა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა - შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. საქართველოში დემოგრაფიული ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე და აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის სრულყოფილად გატარებისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი სამთავრობო სტრუქტურის - საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრის შექმნა.

საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად და მთელი სისრულით დავიწყოთ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგში რაც არ უნდა დიდი სახსრები დავხარჯოთ, სასურველი შედეგი ძალიან მცირე ან საერთოდ არ იქნება. ქვეყნის "დემოგრაფიული ორმოდან" ამოსვლას უაღრესად დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის საჭირო მასშტაბებით გატარებას. საჭირო ხდება სხვა გზების მოძიებით შესაბამისი ფინანსური სახსრების მოზიდვაც.

- ეს როგორ არის შესაძლებელი?

- ამ ყველაზე დიდ ეროვნულ სატკივარს­ მთელმა ერმა უნდა უმკურნალოს, შესაბამისი სახსრებიც ერმა უნდა გაიღოს - ერმა ერი უნდა გადაარჩინოს. საზოგადოებრივი სოლიდარობა გადამწყვეტ ფაქტორად მიგვაჩნია. დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად საზოგადოებამ უნდა გამონახოს ფინანსური წყაროები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიძებნოს სხვადასხვა სახეობის გადასახადები, გაიზა­რდოს სულ 3-4 პროდუქციის აქციზზე­ გადასახადი იმ რაოდენობით, რომელიც მისაღები­ იქნება მოსახლეობისათვის. ასეთ პრაქ­ტ­იკას როგორც დემოგრაფიული მიზნით, ისე სხვა შემთხვევაშიც, ზოგიერთი ქვეყან­აც იყენებს, რის შესახებაც გაეროს მოსახ­ლეობის ფონდის თანამშრომლებიც აღნი­შნავენ. მაგალითად, იტალიაში ძლიერი მიწისძვრის დროს მიყენებული ზარალის აღსადგენად და ისტორიული შენობების რესტავრაციისათვის მთავრობის დადგენილებით რამდენიმე წლით მცირედ იზრდება ბენზინის ფასი.

demog2-1690733030.jpg

ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისთვის მთავარია ფინანსური სახსრების მოძიება. ამ მიზნით:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს მისი მთლიანი მოცულობის 2,0%-მდე;

ერთ კოლოფ სიგარეტზე უნდა გაიზარ­დოს აქციზზე გადასახადი საშუალოდ 30 თეთრით, რაც წელიწადში შეადგენს დაახლოებით 125 მილიონ ლარს;

უნდა გაიზარდოს 1 ლიტრი ალკოჰოლური სასმელების საცალო ფასი 50 თეთრით, ლუდისა კი 10 თეთრით, როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო პროდუქციაზე. წლიური შემოსავალი აღნიშნული პროდუქციის გაყიდვიდან წელი­წადში 39 მილიონი ლარი იქნება;

უალკოჰოლო სასმელების - მინე­რალური­ და მტკნარი წყლების 1 ლიტრის საცალო­ ფასი უნდა გაიზარდოს 10 თეთრით, რო­გ­ორც­­­ შიდა, ისე საექსპო­რტო პროდუქციაზე. ამ შემთხვევაში დემოგრაფიული­ ცენტრის შემოსავალი 49 მილიონი ლარი იქნება;

1 ლიტრ ბენზინზე სააქციზო გადასახადი­ უნდა გაიზარდოს 3 თეთრით. ამ შემთხვევაში დემოგრაფიული საჭიროებებისათვის, ისე ადგილობრივი წარმოების საწვავიდან მიღებული შემოსავალი 42 მილიონ ლარს შეადგენს.

დემოგრაფიული განვითარების ცენტრის­ შემოსავლები სიგარეტიდან, ბენზინიდან, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებიდან გაანგარიშებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ერის მონაწილეობა მოსახლეობის ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნების საქმეში. ამ მიზნით საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრში უნდა გადაირიცხოს დემოგრაფიული ანარიცხები ხელფასიდან - 2-5 ლარი თვეში, ხელფასის სიდიდის მიხედვით. ეს თანხა, სულ მცირე, 50 მილიონ ლარს შეადგენს.

მსხვილმა გადამხდელებმა დემოგრაფიული განვითარების ცენტრს ყოველთვიურად უნდა გადაურიცხონ საშუ­ალოდ 1000 ლარი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში­ 1400-ზე მეტი მსხვილი გადამხდელია. წლის განმავლობაში ეს თანხა 17 მილიონ ლარს შეადგენს.

დაწესდეს უშვილობის გადასახადი როგ­ორც საბიუჯეტო, ისე კერძო სექტორში.­ 20 წლისა და უფროსი ასაკის დასაქმებულებზე ხელფასის 1%-ის რაოდენობით, რომელიც ძირითადად მოხმარდება უშვ­ილო დედების უფასოდ მკურნალობას და სხვა. დემოგრაფიული განვითარების ცენტრს­ გარკვეული შემოსავლები ექნება შემოწირულობის სახით, როგორც ქვეყანაში, ისე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)