"გამოიკვეთა ორი წითელი ზონა" - თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონები" - კვირის პალიტრა

"გამოიკვეთა ორი წითელი ზონა" - თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონები"

საქართველოში ყოველწლიურად წყლის ობიექტებზე 150-დან 200 კაცამდე­ იღუ­პება,­ მათ შორის არიან მოზარდებიც. გარდა­ცვლილების ოჯახები წლებია ხელი­სუფლებას­ რეაგირებას სთხოვენ, ერთი მათგანი იურისტი ალეკო ცქიტიშვილია, რომლის დავა მერიასთან უზენაეს სასამარ­თლომდეც მივიდა. ის­ ხუთი წელია თბილისის ზღვაზე გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვს­ და სწორედ ამ მოტივით დაიწყო დავა მერიისა და "ჯივიპი"-ს წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას ადგილზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება­ დაავალა, მერიამ კი მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა...

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო რამდე­ნიმე წელიწადში მაგალითად თბილისის ზღვაზე 30-მდე ადამიანი დაიხრჩო, რომელთა­ შორის 10 არასრულწლოვანია. იქ გამოიკვეთა ორი წითელი ზონა: თემქის მხარე ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის მხარე - მდინარე იორის შესართავი. წელს, საბანაო სეზონზე, მარტო ორ დღეში საქართველოში­ წყლის ობიექტებზე 4 ადამიანი დაიღუპა: ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში 5 წლის დანიელი დაიხრჩო. 19 წლის თორნიკე მესხს, რომელიც 17 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა, მყვინთავები მდინარე ძუსაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ და 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს, რომლის ცხედარი თბილისის ზღვიდან ამოიყვანეს. ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოების დროს მაშველებმა თბილისის ზღვაზე კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ გარდაცვლილი 45 წლამდე უცხოელი მამაკაცია.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნით, ალეკო ცქიტიშვილის თაოსნობით­ დაიწყო კამპანია "იცურე მშვიდად", რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და რეგულაციებს მოითხოვს იმ ადგილებში, სადაც ხშირად იღუპებოდნენ­ მოზარდები, სადაც არც გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა და არც მაშველები პატრულირებენ.

ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლ­ებათა ცენტრის" ხელმძღვანელი: - ხელისუფლების მხრიდან­ პრევენციული ღონისძიებები წყლის ობიექ­ტებზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა იყოს ჩატარებული, რასაც სჭირდება დაგე­გმვა, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება,­ მათ შორის, ადმინისტრაციული კოდექსის­ მიხედვით ჯარიმების დაწესება­ და ა.შ. როდესაც წყლის ობიექ­ტებზე სიკვდილიანობის ასეთი მაღალი­ ციფრია, ეს პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ჩვენ დავიწყეთ კამპანია "იცურე მშვიდად" და იმ ადგილას, სადაც­ ჩემი შვილი­ დაიხრჩო,­ მოვახერხეთ გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერების და წარწერების, ასევე, ვიდეოკამერების დამონტაჟება. ხუთწლიანი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ იქ ელემენტარული რაღაც გაკეთებულიყო და მას შემდეგ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ცოტნე დაიღუპა, არც ერთი ადამიანი აღარ დამხრჩვალა. ხელისუფლებას­ არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ამას ჩვენ ვხედავდით სასამართლო პროცესზე,­ სადაც ჩემი ადმინისტრაციული სარჩელი განიხილებოდა თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის წინააღმდეგ. მერიაც და კომპანია­ GჭP-იც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ­ იქამდე, სანამ პირველი­ ინსტანციის მოსამართლე­ ნათია ბუსკაძემ თავისი გადაწყვეტილებით არ დაავალდებულა­, იქ მოწყობილიყო გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერები­. მადლობა ამ მოსამართლეს მამაცობისთვის, რომ არა ეს გადაწყვეტი­ლება, შესაძლოა, უპასუხისმგებლო მერსა და მის ჯგუფებს არ შეებერტყათ ყური. ჩვენ გავმართეთ რამდენიმე საპროტესტო­ აქცია არა მარტო თბილისის ზღვაზე (სადაც 2 ყველაზე საშიში ლოკაციაა ე.წ. ჩანჩქერის და მეორე - ვარკეთილის მხარეს ე.წ. კოშკის ტერიტორია), არამედ რეგიონებში. ვიყავით ქალაქ რუსთავში წყალსაცავის ტერიტორიაზე, სადაც მისმა კერძო მეპატრონემ მერიასთან­ ერთად განიხილა ეს საკითხი და ტერიტორია მავთულხლართ­ებით შემოღობა, მეთევზეების შესვლაც აიკრძალა,­ ბანაობაც. მას შემდეგ, რაც ჩვენი­ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იქ უბედური შემთხვევა აღარ მომხდარა. გვქონდა საპროტესტო აქცია მტკვარზეც, სადაც პანდემიამდელ პერიოდში, ორი ძმა - 20-22 წლის ბიჭები დაიღუპნენ.

- რა სახის რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

- მინიმალური ღონის­ძიებებია გამაფრთხილებელი­ და ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება. როცა ამაზე ადვოკატირებას ვაკეთებდით, შევხვდით როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ასევე,­ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს - კახა კუჭავასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის იმჟამინდელ ხელმძღვანელს თამარ­ ხულორდავას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი­ მოთხოვნა იყო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, კონკრეტულად, უნდა იყოს მიღებული მთავრობის დადგენილება, რომელიც მოაწესრიგებს ამ სფეროში არსებულ ქაოსურ ვითარებას. სამწუხაროდ, ეს ვალდებულება თითქმის 10 წელია შეუსრულებელია და მთავრობა ამგვარი დადგენილების გამოცემისა და დამტკიცების თარიღს ყოველი წლის 1 იანვრამდე გადაავა­დებს ხოლმე. ფაქტობრივად­, ამ ნორმატიულ აქტზე მუშაობა შეაჩერეს. არადა, სწორედ ამ აქტით, კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს წყლის ობიექტებზე არსებული­ ვითარება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბანერების დამონტაჟება, არამედ პოლიტიკის განხორციელება, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ ობიექტზე. მაგ. დაცულ ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში გურგენიანის ჩანჩქერში, რამდენიმე წლის წინ მოსწავლე დაიხრჩო­. იქაც ვიყავით ასული და ნაკრძალის დირექტორი­ პასუხისმგებლო­ბით შეხვდა ჩვენს წამოწყებას, რის შემდეგაც მოწესრიგდა ტურისტული ბილიკი, გაჩნდა ბანერებიც...

- საშიშ ზონებზე ბანერები და ამკრძალავი ნიშნები საკმარისია? შესაძლოა ადამიანებმა არც გაითვალისწინონ ეს ნიშნები, მაინც გარისკონ, რაც საბედისწერო გამოდგეს მათთვის...

- რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარი­სი, ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული ადგილების დაცვა უნდა მოხდეს და ასეთი ადგილი თბილისის ზღვაზე არის სულ რამდენიმე. ერთ-ერთი ასეთი იყო ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერი, სადაც ბარიერები გაკეთდა. ვარკეთილის მხარეს შეიძლება ბარიერები ვერ გაკეთდეს იმიტომ, რომ ზღვას მთლიანად ვერ შემოღობავ, მაგრამ შეიძლება გამოიყოს­ დარაჯი, რომელიც მოქალაქეებს გააფრთხილებს. შეიძლება დაწესდეს ჯარიმებიც - როდესაც ამკრძალავი ნიშანია დამაგრებული, მაგრამ მოქალაქე არღვევს აკრძალვას და შედის წყალში, სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს ადმინისტრაციული ჯარიმები. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანას. ასევე მნიშვნელოვანია­ ხაზი გაესვას მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, რაშიც მთელი რიგი ღონისძიებები­ იგულისხმება, მათ შორის სასკოლო განათლებაში უნდა იყოს სპეციალური საგანი.­ ბავშვს ეს განსაკუთრებით იმ ასაკში სჭირდება, როცა თავგადასავლებს ეძებს. ასევე დავსვით საკითხი, რომ ცურვა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი (ფასიც). გვქონდა­ იდეა მოქალაქეების სმს-ებით გაფრთხილებისაც. მაგალითად, თუ შავ ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი, ან წყალდიდობა - მდინარე ალაზანი იქნება, არაგვი თუ რიონი, მოქალაქეები უნდა გააფრთხილონ, რომ არ შევიდნენ წყალში... გვქონდა შეხვედრები სკოლებში, მოვამზადეთ 2 საგამოძიებო ფილმი, გამოვაქვეყნეთ ორი კვლევა თავისი რეკომენდაციებით და ა.შ.

- წყალში დახრჩობის სტატისტიკა კლებისკენ მიდის თუ ზრდისკენ?

- ზოგადი დინამიკა შესწავლილი გვაქვს­ და ჯერ კიდევ პანდემიამდე ის კლებისკენ მიდიოდა. ეს იმიტომ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ხელისუფლებამ ნაწილობრივ მოაწესრიგა ვითარება - პლაჟებზე სისტემატურად დგანან მაშველები. თუმცა შავი ზღვის პერიმეტრზე არის ადგილები, სადაც მაშველები არ იმყოფებიან და, სამწუხაროდ, როგორც თბილისის ზღვაზე, იქაც არის მოწყობილი კუსტარული რეკრიაციული ზონები, პლაჟები, სადაც ბანაობენ ადამიანები, არადა, იქ ბანაობა არ შეიძლება. იქაც უნდა იყოს გამაფრთხილებელი ბანერები, ან მუნიციპალიტეტებმა აიღონ ამ ადგილებზე კურატორობა, რაც იმას გულისხმობს, რომ იქაც იყოს მაშველი.

ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა მაშველების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი აღჭურვილობა. როცა რუსთავის­ კულტურის და დასვენების პარკში მოზარდი დაიხრჩო, ადგილზე ჩავედით, აღმოჩნდა, რომ იქ მაშველები კი იმყოფებოდნენ­, მაგრამ ჰყავდათ კატერი, რომელიც, ფაქტობრივად, არ მუშაობდა. ზოგადად, მაშველებს­ რა მოტივაცია და ანაზღაურება­ აქვთ, ეს ცალკე თემაა. ცალკე საკითხია, თვითონ მაშველმა რა დონეზე იცის ცურვა, ან ადამიანის წყლიდან ამოყვანა, მათ მუდმივი წვრთნა და ტრენინგები სჭირდებათ.

კამპანია გრძელდება და ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას - ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილება სააპელაციოში ლეილა მამულაშვილმა გააუქმა და თბილისის მერიას სრულად მოწმინდა შავი ლაქა. ჩვენ დაგვრჩა უზენაესის, ბოლოს კი - სტრასბურგის სასამართლოს იმედი.

„ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს!“

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ვარაზ წოწონავა გირჩევთ:

- პირველ რიგში, არ უნდა შევიდეთ წყალში იქ, სადაც ბანაობის ამკრძალავი­ ნიშნებია. უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და არ შევიდნენ წ­ყალში ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ფატალურად სრულდება. განსაკუთრებით მოზარდების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება, რადგან ბავშვები არ აქცევენ ყურადღებას ამკრძალავ ნიშნებს, იციან გათამამება და წყალში შორს შესვლა. ხშირად, როდესაც მოქალაქეები არ ითვალისწინებენ მაშველის გაფრთხილებებს, დგება ფატალური შედეგები.

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა მდინარეში ბანაობა, რადგან შეიძლება მოულოდნელად აჩქარდეს, რა დროსაც შესაძლებელია ადამიანი გაიტაცოს. ამ შემთხვევაში ადამიანი იბნევა და იწყებს ცურვას დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც არასწორია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა შევიდეთ წყალში წვიმის დროს, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. ქარი იწვევს ტალღებს, რასაც ადამიანი ხშირად ვერ უმკლავდება. ასევე სახიფათოა ჩანჩქერის თავზე ბანაობა, ამ დროს წყალმა იცის გატაცება და ჩანჩქერის ქვეშ მოყოლა, რაც ასევე ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.

როგორც თბილისის მერიის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოწესრიგდა და განთავსდა ამკრძალავი ნიშნების ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, თუმცა ამის მიუხედავად, ხშირად მოქალაქეები არ ითვალისწინებენ მითითებებს. მაგალითად, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს სამაშველო სამსახურის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აღმართულ დროშას. როდესაც აღმართულია წითელი ფერის დროშა, ამ დროს ზღვაში შესვლა არ შეიძლება, რადგან ფიქსირდება შტორმი. როდესაც აღმართულია თეთრი ფერის დროშა, ეს იმის ნიშანია, რომ ზღვაში შესვლა დაშვებულია. კიდევ ერთხელ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ მაშველის რეკომენდაციები და ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს.