"სტატისტიკის მიხედვით, ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამო იღუპება“ - კვირის პალიტრა

"სტატისტიკის მიხედვით, ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამო იღუპება“

ქვეყანაში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. სამწუხაროდ, არაერთი მოქალაქე­ შეეწირა ამ დღეებში ავტოავარიას, უამრავი დაშავებული მოხვდა კლინიკებში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხშირად გადაჭარბებული სიჩქარე, საპირისპირო ზოლში გადასვლა, დისტანციის დაუცველობა და ალკოჰოლური თრობაა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მსხვერპლი ხშირად ქვეითად მოსიარულენი ხდებიან. ხშირია საგზაო შემთხვევა მოტოციკლეტისტების მონაწილეობითაც. როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას, ამ და სხვა საკითხებზე საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გვესაუბრება:

- ბატონო მევლუდ, ამ დღეებში ბევრი ჩვენი მოქალაქე შეეწირა ავტოავარიას. ექსპერტები მუდმივად საუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

- თუ ამ ტრაგედიების დასრულება­ გვინდა, სასწრაფოდ ყველაფერი ნულიდან­ უნდა დავიწყოთ, უპირველესად განათლებით. ბევრს არა აქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება დაემართოს, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში ეს ცოდნა უნდა გაღრმავდეს, ბავშვებმა ავტომანქანის მართვა უნდა ისწავლონ. მძღოლობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია. დღევანდელი ავტოსკოლები, გარდა გამოცდის ჩაბარებისა, არაფერს ასწავლიან. გამოცდის ჩაბარებაში იგულისხმება დაზეპირებული ბილეთები, მერე კი გამოდიან და დაერევიან ქუჩაში მანქანებსა თუ ქვეითებს. ერთი თაობა, რომელმაც თავის დროზე მართვის მოწმობა იყიდა (თუმცა მაშინ, ასე თუ ისე, კიდევ რაღაცას ასწავლიდნენ), დაბერდა იმისთვის, რომ ავტომობილი მართოს, მეორე თაობამ კი, რომლის დროსაც ქრთამი აღარ იყო, არაფერი იცის. შესაბამისად, გვყავს უცოდინარი მძღოლები. ყველა თვითნასწავლია და მაღალ კლასს როგორ მოსთხოვ?! არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. პრევენცია, ჭკვიანი კამერა, ჯარიმების გამკაცრება კარგია, მაგრამ უპირველესად ცოდნა უნდა გვქონდეს. საზოგადოებრივი შეგნება უნდა იყოს მაღალ დონეზე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოექცეს ყველაფერი საჭირო ჩარჩოებში. პარლამენტში შეტანილია 300-გვერდიანი ნაშრომი, სადაც გაწერილია, რა როგორ უნდა იყოს. ამ კანონპროექტზე სპეციალისტებმა ვიმუშავეთ, ის კი დღემდე თაროზე დევს. არადა, დღესვე­ რომც დავიწყოთ რეფორმა, შედეგი 10 წლის შემდეგ თუ გვექნება. კარგია ავტოსკოლები რომ გაუქმდა, რადგან კორუფციის წყარო იყო, მართვის მოწმობები იყიდებოდა. აი, მაშინ იყო საჭირო ახალი წესების შემოღება და დღეს კარგი შედეგი გვექნებოდა.

- მართვის მოწმობის აღების წესი შეიცვალა, დაემატა ქუჩაში მანქანის მართვის გამოცდაც, ესეც არ არის შედეგიანი?

- ჩვენთან საგამოცდოდ კონკრეტული მარშრუტებია შერჩეული, რაც არასწორია.­ ჯანდაბას შერჩეული მარშრუტები, არა უშავს, სულ არარაობას სჯობია, მაგრამ ჯობდა არ ყოფილიყო ცნობილი, წინასწარ რა გზის გავლა მოუწევს გამოცდაზე გასულ პირს. კარგია, რომ იმდენჯერ გადიხარ გამოცდაზე, სანამ სრულყოფილად არ ჩააბარებ, სხვა თუ არაფერი, გამოცდაზე მაინც ისწავლი საჭირო წესებს. სულ ცოტა, 20 გაკვეთილი უნდა გქონდეს გავლილი, როცა გამოცდაზე გადიხარ. ამაში შედის მაგისტრალიც, ღამით მანქანის ტარებაც და ა.შ. სხვათა შორის, საპატრულო პოლიცია აჯარიმებს, თუ დაინახავს ამ მონაკვეთებზე საგამოცდოდ გამოყვანილ მართვის მოწმობის აღების მსურველს, მაგრამ ყოველთვის ვერ იქნება ჩასაფრებული პოლიცია.

- ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად უმეტესად სიჩქარე სახელდება. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?

- დიახ, მთავარი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამი მძღოლია. როცა დაბალი სიჩქარით მოძრაობ და ამ დროს მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე შედეგისგან მაინც ხარ დაცული. გადაჭარბებულ სიჩქარეს კი ხშირად ლეტალური შედეგი აქვს. თანამედროვე ავტომობილები ძალიან დაცულია, შეიძლება გარედან დაილეწოს მანქანა, მაგრამ შიგნით მყოფებმა მინიმალური დაზიანება მიიღონ, მაგრამ როცა ზემაღალი სიჩქარეა, მაშინ ფიზიკურად ვერ იქნება ავტომობილი ამტანი და ტრაგედიაც გარდაუვალია.

- როგორც ჩანს, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკისრებული ჯარიმები არაფერს ცვლის.

- დამრღვევი მძღოლები მაქსიმალურად უნდა დაჯარიმდნენ. ყველამ იცის, კამერები რა ზონებშია და თუკი პოლიცია ახლომახლო არ ჩანს, მძღოლები თავს უფლებას აძლევენ სიჩქარე გადააჭარბონ. სწორ გზაზეც შეიძლება დატრიალდეს ტრაგედია. ამის მწარე მაგალითი მაქვს. ჩემი შვილი უკან იჯდა ავტომობილში, რომელიც სწორ გზაზე, მაგრამ სწრაფად მიდიოდა, რაც ფატალურად დასრულდა. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამო იღუპება. როცა შვილს უსრულებ სურვილს და მისთვის ყიდულობ "მუსტანგს", ბმვ-ს, ასეთ სწრაფ ავტომობილს, უნდა იცოდე, რომ ამით ძალიან ცუდ საქმეს აკეთებ. იმით თავის დაარხეინება, ეს მე არ მომივა, ჩემს შვილს არ მოუვა, იმიტომ, რომ ჭკვიანი ბიჭია, სწრაფად არ ივლისო, უგუნურებაა. რაღაც მომენტში დაბალანსებული ახალგაზრდაც კი მეგობრებთან ერთად წონასწორობას კარგავს, ჰგონია, კარგად მართავს მანქანას და ამ დროს ხდება ტრაგედია. როცა ჩემთან ექსტრემალურ სკოლაში მოდიან, ტესტირებას ვატარებ, რომ განვსაზღვრო, რა დონის ცოდნა აქვს მოსწავლეს და იქიდან დავიწყოთ სწავლება. აბსოლუტურად ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. არადა, ჯერ არ მქონია შემთხვევა, 100-დან 30 პროცენტზე მეტი შეფასება მიმეცეს რომელიმესთვის. უცხოეთში აპრობირებული მეთოდია, ახალგაზრდებს აჩვენებენ ავტოავარიების მძიმე ვიდეომასალას და ეს სიღრმისეულად ილექება ქვეცნობიერში და ნებისმიერ სიტუაციაში ამოტივტივდება. კონტროლის მექანიზმი ამუშავდება და უფრო ფრთხილად არის გზაზე. მთელ ცივილიზებულ სამყაროს ამან გარკვეულწილად უშველა და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ.

- გამოდის, მართვის მოწმობის ქულების ჩამორთმევაც არ აშინებთ.

- ამერიკაში თუ დაგაჯარიმეს და ქულები ჩამოგაკლეს, გავიდა რაღაც პერიოდი­ და ისევ დაგაჯარიმეს, ათვლა იწყება ბოლო დაჯარიმებიდან და არა ისე, როგორც არის ჩვენთან - წლის ბოლოს რომ გაგინულდება და წლის დასაწყისში ისევ 100 ქულას განიჭებენ. 31 დეკემბერს შეგიძლია თავი მოიკლა და ყველა ქულა დახარჯო, იმიტომ, რომ იცი, განულებული იქნება და იანვრიდან ახალი ათვლა დაიწყება. ამიტომ, თუ ვიღებთ ცვლილებას, ისე მივიღოთ, როგორც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, სხვანაირად შედეგი არ იქნება. სიმთვრალის პრობლემაც ისევ მწვავეა. ნასვამი მძღოლი რისკის ქვეშ აყენებს თავსაც და სხვების სიცოცხლესაც. საბედნიეროდ, კარგად მუშაობს პატრული, მძღოლებს ხშირად ამოწმებენ ნასვამობაზე, მაგრამ მიკვირს, მაინც რომ რისკავენ. ყველა საშუალებით, იქნება ეს ბეჭდური მედია, სოციალური ქსელი თუ სხვა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რომ ნასვამი მძღოლი უდიდესი საფრთხეა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს­ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არც ეკონომიკის სამინისტროს, არც შსს-ს არ დაექვემდებარება. ის უნდა წყვეტდეს, სად როგორ უნდა იყოს გზები მოწყობილი, როგორი უნდა იყოს საგზაო უსაფრთხოება.­ ამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცო­ცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს და ამას გულგრილად არ უნდა ვუყუროთ.