„განგაში უნდა ავტეხოთ, თორემ თაობა გვეღუპება!“
ქვეყანაში ნარკოვითარება რომ მძიმდება, ამაზე ხშირად საუბრობენ ნარკოლოგები. სპეციალისტების თქმით, ძალზე გახშირებულია სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ეს არის "ამფეტამინი", კოკაინი, სხვადასხვა ჰალუცინოგენი, რაც ართულებს მდგომარეობას. ექიმებს მართვაც უჭირთ, რადგან ეს ნივთიერებები უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკები. კიდევ საგანგაშო ის არის, რომ ქვეყანაში ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეიცვალა პოლინარკომანიით - ანუ ისინი ერთდროულად მოიხმარენ რამდენიმე ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს. პრობლემაა ისიც, რომ ჩანაცვლებით პროგრამაში მყოფი პაციენტები "მეტადონთან" ერთად სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებსაც იღებენ. გაახალგაზრდავდა მომხმარებლების ასაკი, გაზრდილია მომხმარებელ ქალთა რიცხვიც. მართალია, შს სამინისტრო აკავებს ნარკორეალიზატორებს, მაგრამ ახალ-ახალი გავრცელების გზები მაინც ჩნდება. ნივთიერებების შეძენა პრობლემა არ არის, ინტერნეტით ყიდულობენ ნარკოტიკს, მათ შორის ფსიქოსტიმულატორებს და მარიხუანასაც კი, რაც ძალიან საშიშია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. არასრულწლოვნებისთვისაც გაზრდილია ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა. ისინი განსაკუთრებით კლუბურ ნარკოტიკებს, ფსიქოსტიმულატორებს მოიხმარენ. ამას უმატებენ ალკოჰოლსაც. სპეციალისტების თქმით, კლუბური ნარკოტიკების სახეობები ყოველდღე იცვლება და ხშირად არც იციან შემადგენლობა, ამიტომ ხშირად ექიმებსაც უჭირთ დადგენა, თუ რა მოიხმარა ახალგაზრდამ. სტიმულატორი დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს, აქვს სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ როგორც ნარკოლოგები ამბობენ, სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებაც ძალიან საშიშია, რადგან იქიდან გამოსვლის პროცესი ძალიან მძიმეა. მეორე დღეს უფრო დეპრესიულები, გამოფიტულები არიან, პანიკა, შიშები აქვთ. ფიქრობენ სუიციდზე, თვითდაზიანებაზე. ამის მაგალითებიც მრავლად არის. ზაფხულის სეზონში უფრო მეტად გამწვავდა ეს პრობლემა. როგორც ამბობენ, ბოლო დროს ბაზარზე იყიდება ახალი ნივთიერება, რომელმაც ბევრი ადამიანი დააზარალა.
ლაშა 26 წლის არის, ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ზღვის სეზონზე გამოჩნდა, როგორი მძიმე ვითარებაა: - ბოლო პერიოდში რამდენიმე მეგობარი დამეღუპა ნარკოტიკის ზედოზირებით. ამ ფაქტმა გამანადგურა. ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, ნარკომანია დიდი პრობლემაა, მაგრამ აქ უფრო თვალსაჩინოა, რადგან პატარა ქალაქია. ახლა ზაფხულის სეზონია და საშინელება ხდება. ნაირ-ნაირი ნარკოტიკია შემოსული. ყველაზე საშინელებაა "ამფეტამინის" ჯგუფის ნარკოტიკები, რომელიც ინტერნეტით იყიდება. სპეციალური საიტია, ეუბნები და გიდებენ კონკრეტულ ლოკაციაზე, მერე გიგზავნიან ფოტოს. მიდიხარ და რაღაცის ქვეშ გხვდება ჩამალული. როცა ადამიანი "ამფეტამინის" ჯგუფის ნარკოტიკებს იღებს, ისეთ მდგომარეობაში ვარდება, აფექტში მყოფმა შეიძლება თავისი თავიც და გვერდით მყოფიც დააზიანოს. ბოლო დროს აჭარაში ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ბათუმის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ჩემი ორი მეგობარი გადაიყვანეს უმძიმესი მდგომარეობით და დიდხანს მკურნალობდნენ. ერთხანს ეს კლინიკა ისე იყო გადატენილი ნარკოდამოკიდებული ადამიანებით, რომ ოჯახმა ჩემი ერთი მეგობარი ვერ მოათავსა, ამიტომ სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. ზოგს ეხმარება მკურნალობა, გამოდის იქიდან, მაგრამ მაინც იმავეს აგრძელებს. რამდენიმე მკვლელობა მოხდა ბათუმში, რაც პირდაპირ კავშირში იყო ნარკოტიკის ზემოქმედებასთან, აფექტში ჩაიდინეს დანაშაულები.
- ამბობენ, მკურნალობის პროგრამაში მყოფებს გამოაქვთ წამალი და სხვები იკეთებენო.
- დიახ, პროგრამის ნარკოტიკები სხვადასხვა გზით აღწევს გარეთ. პირითაც კი გამოაქვთ. ტაბლეტს ადნობენ, სითხეს იღებენ, ხარშავენ და იკეთებენ. ერთი კაცის დასალევს 4-5 კაცი იკეთებს. აქტიურად მოიხმარენ მარიხუანასაც. მისი ჰიბრიდული ჯიშებიც პოპულარულია, რასაც ხშირი ფსიქოზები, აგრესიულობა ახლავს. ამ ზამთარს ზედოზირებით მეგობარი დამეღუპა და როცა მეორე მეგობართან მქონდა ამაზე საუბარი, ამბობდა, წამალს არ გავეკარებიო, მაგრამ გავიდა დრო და ისევ იმავე დღეში ვნახე...
ანა დოლიძე, იურისტი, პოლიტიკოსი, პარტია "ხალხისთვის" ლიდერი: - განგაში უნდა ავტეხოთ, თორემ თაობა გვეღუპება. ხელისუფლებას რომ აინტერესებს, პოლონელი ექიმის წინდაში რა იდო, ამის მეასედით რომ ინტერესდებოდნენ, რა ნივთიერებები და როგორ ვრცელდება ქვეყანაში, ასეთი მძიმე სურათი არ გვექნებოდა. ახალ-ახალი ექსპერიმენტული ნარკოტიკები თავისუფლად იყიდება ინტერნეტით, ტელეგრამარხებით. პოლიციამ აქტიურად რომ იმოქმედოს, ასეთი მძიმე ვითარება არ იქნება. უნდა დაიჭირონ, გამოავლინონ გამყიდველები, მეტი უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. ხომ შეიძლება ის ტერიტორიები გაკონტროლდეს, სადაც დებენ წამალს. ნარკოდამოკიდებულების ძალიან დიდი არმიაა ქვეყანაში. ბევრი დიდი ხანია "მეტადონის" პროგრამაშია ჩართული, მაგრამ შედეგი დიდად არ ჩანს. თქვან მაშინ, ამ პროგრამით რამდენი გამოჯანმრთელდა, ან რამდენი ემატება არსებულ ციფრს, ისევ რჩება ნარკოდამოკიდებულება თუ შველის პროგრამა ამ ადამიანებს.
- ნარკოლოგები ამბობენ, რომ ვითარება უფრო რთულია, რადგან "მეტადონის" პროგრამაში ჩართულები დამატებით სხვა ნარკოტიკებსაც იღებენ, რომ გამწვავდა პოლინარკომანიის პრობლემა.
- მადლობა ყველა ნარკოლოგს, ისინი საუბრობენ პრობლემაზე, მაგრამ სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო რატომ არ არის ანგარიშვალდებული, რომ თქვას, მცირდება "მეტადონზე" დამოკიდებულება თუ არა? თან საკმარისი არ არის მხოლოდ ეს პროგრამა, აუცილებლად უნდა დავუმატოთ სხვადასხვა პროგრამა. ამასთან, უნდა იყოს სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი პროგრამები, ვაუჩერები ვარჯიშისთვის, ფსიქოლოგის დახმარება. ეს მომსახურებები საკმაოდ ძვირია, ამიტომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს...
კიდევ ერთი მწვავე პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, როცა ამდენი ქსელური აფთიაქია და ამ დროს იქვე ავტოფარეხში ან შენობის კუთხეში გახსნილია პატარა აფთიაქი, ხომ ნათელია, იქ რა იყიდება. ამის აღმოფხვრა რატომ არის პრობლემა?
- დიახ, მაგალითად, ერთ უბანში პოლიციიდან 100 მეტრშია გახსნილი ასეთი აფთიაქი ავტოფარეხში, შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს პოლიცია, იქ რა იყიდება. დელისის მეტროდან რამდენიმე მეტრშია ასეთი აფთიაქი. იქ ყოველთვის დგანან ნარკომომხმარებლები. ამის გამოვლენა რატომ არის პრობლემა?
- აშკარაა კერძო და კორუფციული ინტერესი, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, სამართალდამცავები თვალს არ დახუჭავდნენ. ყველამ იცის, თბილისში სად არის ასეთი აფთიაქები. ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. მე საბურთალოზე გავიზარდე და ყველამ იცოდა, ჩვენს ეზოში ნარკოტიკს ვინ ყიდდა. ხვალ ლარი რომ არ გადაიხადო შუქის გადასახადი, შუქს ჩაგიჭრიან, ბუნებრივი აირის ჯარიმის გადახდა რომ დაგაგვიანდეს, გაგეყინება ანგარიში. სადაც სჭირდება სახელმწიფოს, იქ ეფექტიანად მუშაობს, მაგრამ სადაც სხვა ტიპის ინტერესია, არაფერს აკეთებს.
ამ საკითხს სტიგმა უნდა მოვხსნათ - მშობლებმა უნდა მოითხოვონ სერვისები, თუკი ნარკოდამოკიდებული შვილები ჰყავთ. აზარტული თამაშების პრობლემაზე კამპანია რომ დავიწყეთ, პანდორას ყუთი გაიხსნა, ამის შემდეგ ალაპარაკდა ყველა. ამერიკაში არიან მშობლების ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან - ნარკოდამოკიდებული შვილის პატრონი მეორე მშობელს უზიარებს გამოცდილებას. ჩვენთან რცხვენიათ ამაზე საჯაროდ საუბარი სტიგმის გამო. ამიტომ საზოგადოებამ უნდა ვიმოქმედოთ, თორემ გვიან იქნება.
- ნარკოტიკების გავრცელების იოლი გზა ინტერნეტია. ამის აღმოფხვრა შესაძლებელია?
- კიბერსივრცის გაკონტროლებაც შესაძლებელია. ჩვენს ხელისუფლებას თუ ამის საშუალება არ აქვს, მაშინ აგერ არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, მაგალითად, ამერიკას აქვს ნარკოტიკთან ბრძოლის ოფისი, ტექნიკური მხარდაჭერა თუ გვჭირდება, ესეც მოსაგვარებელია. საამიროებში ვნახე, რა ფანტასტიკურ დონეზეა ეს პრობლემა მოგვარებული. ამისთვის მიმინოებს წვრთნიან. იქ ნარკოტიკები, ძირითადად, დრონებით ვრცელდება და მიმინოს შეუძლია მისი დაჭერა.
- ნარკორეალიზატორებს აკავებენ, პერიოდულად იმართება ბრიფინგები და ისიც გაირკვა, რომ ბევრი უცხოელიც ჰყავთ დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებებით.
- აქ ისმის კითხვა, საიდან შემოდის ქვეყანაში ამ რაოდენობის ნარკოტიკი? ალბათ, ისევ "შავ ხვრელებს" დაასახელებენ, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდანო. თუნდაც ასე იყოს, ხომ უნდა გააკონტროლო, თუ ვერ აკონტროლებ, გამოდის, საზღვრის დაცვა არ მუშაობს წესიერად. "ქართული ოცნების" იმედი არა მაქვს, ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ მშობლები ატეხენ განგაშს და მოითხოვენ თაობის გადარჩენას.
- კანონი ხომ მკაცრია, ეს რატომ არ შველის პრობლემას?
- სასჯელი კი მძიმეა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, საბოლოოდ რა შედეგებია. ბევრ სხვა სფეროში, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, სამოხელეო დანაშაული, ხმაურდება საქმეები, აკავებენ ადამიანებს, ბრალს უყენებენ, მაგრამ აქედან ძალიან ცოტა შეიძლება მივიდეს სასჯელამდე, ზოგს საპროცესოს უფორმებენ, ან შეიძლება ჩააწყონ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი საქმე მიდის სასჯელამდე. ე.წ. ბარიგების საქმეებსაც ვგულისხმობ...