„დრო მიდის, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ქართული თეატრის ფეოდალიზმი უცვლელია“
ის იმ თავმდაბალ და ნიჭიერ მსახიობთა პლეადას ეკუთვნის, რომელთაც ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ, გაურბის მედიაში გამოჩენას და მიაჩნია, რომ არტისტი ტელეეთერში მხოლოდ თავისი ხელოვნებით უნდა ჩანდეს. ერთხელ რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ მასზე თქვა, ეს არის ის არტისტი, რომელიც სულ გაყურებინებს თავსო. მართლაც მაყურებელს რუსთაველის, მარჯანიშვილის, ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრებში განსახიერებული როლებით ამახსოვრებს თავს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ბატონი აკაკი ხიდაშელია.
- თქვენი განსახიერებული ყველა პერონაჟი მაყურებლისთვის დასამახსოვრებელია. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი განასახიერეთ "მეფე ლირში", ბატონ ზურა ყიფშიძესთან... იქნებ გაიხსენოთ ის პერიოდი...
- როდესაც როლები გაანაწილეს, მე იმ სიაში არ ვიყავი. გლოსტერის როლზე ერთი ჩვენი ძალიან საინტერესო და ნიჭიერი კოლეგა მუშაობდა. როგორც შემდეგ მითხრეს, რეპეტიციებზე სიარული იმის გამო შეწყვიტა, რომ მისთვის ამოუხსნელი იყო გლოსტერის საქციელი, მოტივები. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, სპექტაკლის ჩაბარებამდე დაახლოებით ორი თვე რომ იყო დარჩენილი, კენტის როლზე მთხოვეს მუშაობა. დავთანხმდი, მაგრამ რამდენიმე დღეში მითხრეს, გლოსტერის როლზე გვჭირდებიო. ასე შევუერთდი იმ არაჩვეულებრივ მსახიობთა ჯგუფს.
- მაშინ, როდესაც ამ სპექტაკლის ბუმი იყო, სწორედ იმ დროს მოიხსნა. რატომ?
- იმიტომ, რომ რეჟისორთა რეალურად განვითარებაზე ჯერ არ დაწყებულა ზრუნვა. ჯერ მხოლოდ რეჟისორთა ფეოდალიზაციაზე ზრუნვის პროცესში ვართ. ფეოდალები კი ისეთივე გააფთრებულ ბრძოლებს აწარმოებდნენ, როგორც ყველა დროისა და ქვეყნის მაფიოზები. ,,მეფე ლირი" სწორედ ასეთ ბრძოლას შეეწირა. თეატრალური სფეროს რეალური განვითარება მაშინ დაიწყება, როცა თუნდაც საშუალო დონის სპექტაკლის დადგმისთვის რეჟისორს მისცემენ იმდენ თანხას, ექვსი თვე მაინც რომ ეყოს ოჯახის სარჩენად. უზრუნველი ცხოვრების, სულ ცოტა, ექვსი თვე უნდა ჰქონდეს რეჟისორს, ახალი სპექტაკლი რომ დაგეგმოს. უნარი, სივრცეში დაინახო სპექტაკლი, დრამატურგის შემდეგ რეჟისორს მოეთხოვება. რეჟისორები მგლებად აქცია სამხატვრო ხელმძღვანელის სავარძლის მიტაცების სურვილმა, რადგან მხოლოდ ასეთი თანამდებობა იძლევა საშუალებას მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობა შეიქმნან სპექტაკლების დადგმისა და არსებობისთვის. ამის შემხვედრი მეორე მოცემულობაც არსებობს: საბჭოეთის დროიდან მოდის ყველა ხელისუფალის სურვილი: ერთი, მავანი, ხელისუფლების მაამებელი რეჟისორი აკონტროლებდეს ,,პალაჟენიას". კიდევ დიდი დრო გავა, სანამ მივლენ გადაწყვეტილებამდე, რომ რეჟისორებს გაუხსნან ყველა თეატრის კარი და თანაც ისე, რომ ნებისმიერი მეორე რეჟისორის გადასაწყვეტი არ იყოს, რა პიესას დადგამს მისი კოლეგა, რომელ მსახიობს დააკავებს, ვის მოიწვევს მხატვრად, მუსიკალურ გამფორმებლად და ა.შ. წლების წინ კულტურის სამინისტროში ერთ რეჟისორთან ერთად შევიტანე "თეატრის შესახებ" კანონის ჩემი ვერსია და გამზიარებელი კი არა, ალბათ, ერთი გვერდის წამკითხველიც არავინ აღმოჩნდა. მოკლედ, ,,მეფე ლირის" როგორი ბუმიც არ უნდა ყოფილიყო, რეჟისორთა განსაზღვრულ კლანს ისევე არ გაუჭირდებოდა იმ სპექტაკლის მოხსნა, როგორც არ გაუჭირდათ კულტურის მინისტრის სიმტკიცის გატეხა. თუმცა საამისოდ სრულიად ,,სხვა სამუშაოები" ჩაატარეს. კარგია თეატრებისთვის მინიავტობუსების შეძენა, სასიხარულოა, რომ გადაადგილებას უიოლებენ თეატრის მუშაკებს, მაგრამ ეს არ არის თეატრის მყარი საფუძვლის საწინდარი. მყარი საფუძველი მაშინ შეიქმნება, როცა ახალი კანონი დაიწერება, რეჟისორს მხოლოდ ერთი ფუნქცია ექნება: კარგი სპექტაკლის დადგმა. ვისაც ხელოვანისა და რეჟისორად ყოფნის გარდა ,,დირექტორი-რეჟისორის" ,,ხელმძღვანელი-რეჟისორის" ,,უფროსი და მამა-მარჩენალი რეჟისორის" მანტია ხიბლავს, იმან მხოლოდ საკუთარი თეატრი შექმნას, თვითონ მოიზიდოს აუცილებელი ფინანსები და ხელი აღარ აფათუროს ღარიბი საქართველოს საარსებო კალათაში.
- ვიცი, თქვენც შეგეხოთ ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლების რეპრესირება...
- დიახ, შემეხო 30 წლის წინ და შემეხო ახლაც. დრო მიდის, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ქართული თეატრის ფეოდალიზმი უცვლელია. ის მხოლოდ გამყარდა ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. მათი მიღებული კანონის წყალობით მაფიოზი რეჟისორები უფრო გაიშალნენ მხრებში. სხვა რაღა გითხრათ? ალბათ, ისიც არ იცით, რომ ახალი კანონი დაუწერიათ და პარლამენტის რაღაც პროცედურებია გასავლელი, რის შემდეგაც გამოაქვეყნებენ.
რამდენი ფეოდალი რეჟისორი ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და დიქტატორს უწოდებდა, რამდენმა იარაღიც კი აიღო ხელში თანამემამულეთა დასახოცად, რომ შევარდნაძის მადლობა დაემსახურებინათ, "აი, ასეთი დემოკრატი ინტელიგენტები ვართო", და ახლა, ძალადობრივი, სისხლიანი გზით მოსვლის შემდეგ, მესამე ,,დემოკრატი" ხელისუფლების კულტურის სამინისტროს, უპირველესად თეატრის სფეროში მოღვაწეთა განსახილველად კი არ გამოაქვს ახალი კანონი, რათა უამრავი ადამიანის აზრი მოისმინოს და თუ საყურადღებო იქნება, გაითვალისწინოს, არამედ პირდაპირ პარლამენტის რაღაც პროცედურების გასავლელად შეაქვთ. ყველაფერი ნათელია: ,,დემოკრატიაზე მეოცნებენი" კი არ აუჯანყდნენ გამსახურდიას, კანონსა და საქართველის ისტორიას, არამედ ისევ ფეოდალები. მათთვის საქართველოში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ძველებურად დგას ადგილზე.
- რა უნდა გაკეთდეს კულტურის განვითარებისთვის, სად არის გამოსავალი?
- გამოსავალი ქრისტიანობის მიღებაა გულში. როცა მე მივიღებ გულში ქრისტიანობას, როცა ის მიიღებს, როცა ისიც და ისიც კი, მაშინ გამოსავალიც მოინახება, მაშინ იდეებიც მოინახება და, თქვენ წარმოიდგინეთ, თანხებიც.
რუსუდან შაიშმელაშვილი