სასიამოვნო მოგონებების კოლექციონერი, ანუ დიდი გულის კარდიოლოგი
შემთხვევითი სულაც არ არის, რომ კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი გულს მკურნალობს. გულს, რომელიც დიდ სევდას, სიხარულს, აღტაცებას და უამრავ ემოციას უძლებს. ცხოვრების ყოველ საფეხურზე უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნო და თავად დიდი გულის ადამიანი ბევრ სიყვარულს იტევს. დღეს უკვე ცნობილ კარდიოლოგს, პროფესორსა და უწმინდესის პირად ექიმს არაჩვეულებრივი ფოტოარქივი აქვს... ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მისულმა, მის კაბინეტში იმდენი "შეჩერებული წამი" აღმოვაჩინე, რომ გადავწყვიტე ჩვენი მკითხველისთვისაც გამეზიარებინა უნიკალური (და უკვე ისტორიული) ფოტოები. შალვას სასიამოვნო მოგონებების შემგროვებელი დავარქვი. როგორც ექიმების უმეტესობა, ისიც სიტყვაძუნწია, თუმცა, ფოტოები თავისით ჰყვებიან ამბავს.
- წარმოშობით რაჭველი ვარ, ამბროლაურიდან. ექიმობა პატარაობიდანვე მინდოდა და ჩავაბარე კიდეც სამედიცინო ინსტიტუტში. მაშინ რუსეთში გვიშვებდნენ ყამირზე, საზაფხულო შრომითი სემესტრის გავლა აუცილებელი იყო. ბავშვობის მეგობარს, ფილოლოგ ზაზა დვალს ვთხოვე, რუსეთში ყამირზე წასვლას ჩემს ქვეყანაში მირჩევნია პრაქტიკის გავლა და ეგებ, თქვენთან მომიხერხო რამე-თქო. ვიცოდი, უნივერსიტეტის ჯგუფები ტაძრების აღდგენით სამუშაოებზე მიდიოდნენ მთელი ზაფხული. ექიმი იმათაც სჭირდებოდათ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან თანხმობა მივიღე და სიხარულით გავემართე აწყურისაკენ. ამის მერე ყოველ ზაფხულს ჩემს პროფესიასთან ერთად იმ დიდებულ საქმესაც ვემსახურებოდი, რასაც ძველი ტაძრების აღდგენა ჰქვია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი ვიმუშავე ამბროლაურის საავადმყოფოში. მერე თბილისში, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოვედი. ამის პარალელურად მარჯანიშვილის თეატრშიც დავიწყე ექიმად მუშაობა და ასე აღმოვჩნდი ამ საოცარ სამყაროში... საავადმყოფოს მერე თეატრში მივდიოდი. იქ 1998 წლიდან 2006 წლამდე ვიმუშავე. სწორედ იქ დავუმეგობრდი მსახიობებს.
- ბევრს დასჭირდა კარდიოლოგის დახმარება?
- პირველად ნანი ჩიქვინიძემ ღიმილით მითხრა: ჩვენ, მსახიობებს, კარდიოლოგზე მეტად ფსიქიატრი გვჭირდებაო. მართლაც, როლში შესვლა და პერსონაჟის თვისებების მორგება დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს მოითხოვს. ამას იქ მუშაობის მერე მივხვდი. სცენაზე გასვლის წინ თითოეული მსახიობი, მიუხედავად მათი ასაკისა და სტაჟისა, ისე ღელავდა, ზოგს ტაქიკარდია ეწყებოდა, ზოგს წნევა უწევდა. მახსოვს, ლეო ანთაძე სცენაზე გასვლის წინ რამდენჯერმე ცუდად გაგვიხდა. აეწია სიცხე, წნევა, ერთიანად კანკალებდა... სათუო იყო მისი სცენაზე თამაში. მივეცი წამლები, დასამშვიდებელიც. მიუხედავად რჩევისა, მაინც გავიდა და ისე ითამაშა, თითქოს არც არაფერი სჭირდა. გაოცებული მივჩერებოდი.
ამ გადასახედიდან რომ ვაცნობიერებ, თეატრალური სამყარო მედეა ჯაფარიძემ შემაყვარა. ამბროლაურში ძალიან კარგი თეატრი გვქონდა. მედეა ჩემს მშობლებთან მეგობრობდა. ხშირად ჩამოდიოდნენ დასასვენებლად მედეა და რეზო თაბუკაშვილი. საოცრად სუფთა და კრისტალური ადამიანები იყვნენ, მათთან ურთიერთობის მერე ცუდ ფიქრსაც ვერ გაივლებდი გულში... ეს ფოტო (აქ მე სკოლის მოსწავლე ვარ) ჩვენს ეზოშია გადაღებული. მაშინ ჩვენმა თეატრმა "ანა ფრანკის დღიური" დადგა, მედეა ასრულებდა ანას როლს.
თეატრში მუშაობის პერიოდში, გარდა კარდიოლოგისა, ფსიქოლოგის მოვალეობაც შევითავსე, რადგან თუ რამ ადარდებდათ ან ახარებდათ, ჩემთან იცლიდნენ გულს. უამრავი ფოტო შემომრჩა ამ ხნიდან. ბევრი მსახიობი ჩემი პაციენტი გახლავთ.
- საქართველოს მწერალთა კავშირის დიპლომიც გქონიათ...
- მწერალთა კავშირის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თემურ ჩალაბაშვილმა გადმომცა ეს ჯილდო. პატარაობიდანვე მიყვარდა ჩვენი დიდი მწერლები, ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი. მათთან სახლში დავდიოდი და ვმკურნალობდი. მერე სხვებსაც დავჭირდი. არასოდეს მიფიქრია გასამრჯელოზე, იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ ვზრუნავდი მათი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ბატონმა თემურმა გადმოეცა ჩემთვის ეს საპატიო ჯილდო.
- მწერლებთან ურთიერთობის რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?
- ოთარ ჭილაძე ჩემი პაციენტი იყო. ხშირად ვაკითხავდი სახლში. მსგავსი თავმდაბალი ადამიანი არ მინახავს. ძალიან წუხდა, დროს გართმევო, ათასჯერ მიხდიდა მადლობასაც და ბოდიშსაც. ერთხელაც, შუა საუბარში მეკითხება: "გოდორი" გაქვსო? მეგონა, როგორც რაჭველ კაცს, გოდორზე მეკითხებოდა და ვუპასუხე: რაჭაში მაქვს-მეთქი. ალალად მითხრა: აწი თბილისშიც გექნებაო და თავისი ავტოგრაფით ახალგამოცემული რომანი "გოდორი" გადმომცა. გურამ დოჩანაშვილი კი, რამდენი მისი წიგნი გამოვიდოდა, იმდენჯერ მოდიოდა კლინიკაში და მასაჩუქრებდა. ვეუბნებოდი: ბატონო გურამ, თქვენ ნუ წუხდებით, მე გეახლებით შინ-მეთქი. ექიმმა უნდა იცოდეს, რომ ხალხი, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს მისი პაციენტი, პატივს სცემს და მისი მადლიერიაო.
- თქვენ პატრიარქის პირადი ექიმიც ხართ.
- ჩემამდე ქალბატონი გულიკო ჩაფიძე იყო პატრიარქის პირადი ექიმი. მოგვიანებით, როცა მან ვეღარ შეძლო ყველგან გაჰყოლოდა, მე გავხდი უწმინდესის ექიმი. საოცრად გულისხმიერია ჩვენი პატრიარქი, ისეთი სადა და უბრალო, თითქოს ამხელა სასულიერო რეგალია არც გააჩნდეს. ისე მომიკითხავს ოჯახის ყველა წევრით, ზოგჯერ მიკვირს, საიდან ახსოვს ამხელა მრევლის პატრონს, თითოეულის სახელი.
- მას შემდეგ, რაც პატრიარქის ექიმი გახდით, უცხოელი ლეგენდებიც გაიცანით, მათ შორის, ალენ დელონი და კლაუდია კარდინალე...
- ალენ დელონი 2015 წელს ესტუმრა პატრიარქს. საოცრად თბილად შეხვდნენ საპატრიარქოში, მასაც ისეთი დადებითი აურა ჰქონდა, ყველასთან სათითაოდ მივიდა და ახლობელივით მიესალმა. ძალიან დაინტერესდა პატრიარქის ბაღით, გულდასმით უსმენდა უწმინდესს, ყველამ შევატყვეთ, რომ აღფრთოვანებული იყო, რაც გამომშვიდობებისას ხმამაღლა გამოხატა კიდეც. ასაკი უკვე ეტყობოდა ამ ცოცხალ ლეგენდას, მაგრამ ის განსხვავებული შარმი, რომელიც მხოლოდ მას გააჩნდა, არ იყო გაფერმკრთალებული.
კლაუდია კარდინალე პარიზში გავიცანი. ჩვენს საელჩოში უწმინდესის ნაწარმოებების წარდგენა იყო და რაღა თქმა უნდა, პატრიარქს ვახლდი. ამ მნიშვნელოვანი საღამოს ორგანიზაცია ლექსო თორაძის დამ, ნინომ, იტვირთა. ბევრი სტუმარი ეწვია იმ დღეს ჩვენს საელჩოს, ყველას აინტერესებდა უწმინდესის საგალობლების მოსმენა. ვხედავ ერთ ასაკოვან, ულამაზეს ქალბატონს, ხალხი მოწიწებით ესალმება, ის კი ღიმილად იფრქვევა. ნინოს ვკითხე, ვინ არის ეს მშვენიერი მანდილოსანი-თქო და ნინომ გაოცება ვერ დამალა: ეს ხომ იტალიურ-ფრანგული კინოს მშვენება, კლაუდია კარდინალეაო. პირი დავაღე. წლებს მისი სილამაზისთვის ვერაფერი დაეკლო. თურმე, ჩვენს საელჩოსთან მეგობრობდა და არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას არ აკლდებოდა. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი. წარმადგინეს: ჩვენი პატრიარქის პირადი ექიმი თქვენი თაყვანისმცემელია და ფოტოს გადაღება უნდაო. სიამოვნებით დამთანხმდა და ეს მშვენიერი წამიც დამრჩა სამახსოვროდ.
ჩვენი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე ამბროლაურში გავიცანი. ცნობილმა რაჭველმა მუსიკოსებმა და მომღერლებმა: ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო მაჩაიძემ, გიორგი გაგნიძემ, ნიკოლოზ რაჭველმა საოცარი საღამო აჩუქეს რაჭველებს. ნანი საპატიო სტუმარი გახლდათ და არაჩვეულებრივი შესრულებით წარდგა მსმენელის წინაშე.
ქეთი მელუა ლონდონში გავიცანი. მაშინაც პატრიარქს ვახლდი. ქეთი მას ესტუმრა და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.
სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ ჩემთან გივი ბერიკაშვილი, დოდო ჭიჭინაძე, ნინო ჩხეიძე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან მეგობრობის საშუალება მარგუნა უფალმა.
p.s. შალვა ექიმი ბედნიერ ადამიანად თვლის თავს, რადგან შეუძლია თავისი ცოდნა და სიყვარული უშურველად გასცეს და საპასუხოდაც იგივე მიიღოს. ამის დასტური ის ფოტოებია, რომლის მიღმა პროფესია და ადამიანურობა ერთ საფეხურზე დგას.