როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში
კანი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, ის იცავს შინაგან ორგანოებს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ყველას სურს ჰქონდეს ლამაზი, მკვრივი და გლუვი კანი. სწორედ ამ ეფექტის მისაღებად ქალები მთელი წლის განმავლობაში მიმართავენ პროცედურებს და ებრძვიან ნაოჭებს, თუმცა ზაფხულში ყველას სურს გარუჯვა, მაგრამ ნამზეურმა მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული პროცედურები შეიძლება წყალში ჩაგვიყაროს. როგორ უნდა გავირუჯოთ კანისთვის უსაფრთხოდ? Dროგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში? - ამ კითხვებს კოსმეტოლოგი სოფო თოიძე უპასუხებს:
- ზაფხულის სეზონი კანზე მავნე ზემოქმედებით გამოირჩევა - მშრალი, ცხელი ჰაერი, მტვერი, ულტრაიისფერი სხივები, ვითარდება პიგმენტური ლაქები, ჩნდება წვრილი ნაოჭი, აქტიურდება ცხიმის გამოყოფა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ კანის მოვლა სახლის პირობებშიც.
- თუ არსებობს აუცილებელი წესები, რაც ზაფხულში უნდა დავიცვათ?
- უპირველესად სახე კარგად უნდა გავიწმინდოთ ან დავიბანოთ, რადგან მტვერი, რომელიც კანზე გვედება, შეიძლება ანთებითი პროცესებისა და გამონაყრის გამომწვევი იყოს. ყველა გამწმენდი საშუალება ზაფხულში უნდა იყოს მსუბუქი და ანტიბაქტერიული კომპონენტებისგან შემდგარი. სახე უნდა გავიწმინდოთ დილა-საღამოს, კანის ტიპისთვის შერჩეული პროდუქციით; ზაფხულში სახის კანის მოვლისთვის აუცილებელი პირობაა ტონიზაციაც და მნიშვნელოვნად დადებითი ეფექტი აქვს, თუ მის შემადგენლობაში შედის გვირილა, ალოე, გულყვითელა; მესამე ეტაპია დატენიანება - ზაფხულში კარგია გელის, შრატის, ემულსიის ან ფლუიდის გამოყენება. თუ პროდუქციის შემადგენლობაში შედის ჰიალურონი, კოლაგენი, ელასტინი, C და E ვიტამინები, ეფექტი უფრო გაძლიერდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულში არ გამოიყენება რეტინოლის, ენზიმის და ხილის მჟავის შემცველი პროდუქცია, რადგან ისინი ააქტიურებენ კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. დატენიანების გარდა, ზაფხულში კანს სჭირდება კვება. ამიტომ ძილის წინ 1-2 საათით ადრე უნდა წაისვათ საცხი ან გელი. შინ შეგიძლიათ ნიღბების გაკეთებაც. მთავარია, იცოდეთ, გაქვთ თუ არა ალერგია ამა თუ იმ პროდუქციაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ შინ დამზადებული სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, მთავარია, შეინახოთ გრილ ადგილას. გამოიყენეთ მსუბუქი ტექსტურის საცხი და არ დაგავიწყდეთ მზეზე გასვლის წინ მზისგან დამცავი საშუალების წასმა.
- რა ზიანს აყენებს გარუჯვა კანს და თუ არის შესაძლებელი გავირუჯოთ ისე, რომ მცირედ დავაზიანოთ?
- ეს შესაძლებელია, თუ გამოვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებას. თუ კანი დაცული არ იქნება, შეიძლება გააქტიურდეს სხვადასხვა დაავადებაც, განსაკუთრებით, კანის ონკოლოგია. ამიტომ აუცილებელია დამცავი საშუალებები, რომლებიც რუჯს მიგვაღებინებს, მაგრამ კანი არ დაზიანდება.
- შეიძლება მეტისმეტად გარუჯვამ წყალში ჩაგვიყაროს იმ პროცედურების ეფექტი, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ვიკეთებდით?
- დიახ. მე არა ვარ გადამეტებულად გარუჯვის მომხრე, რაც იშვიათობაა საქართველოში. ზომიერებამ არ უნდა გვიღალატოს. მზის აბაზანები აუცილებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმი D ვიტამინს იღებს, მაგრამ რაკი დღეს ატმოსფეროში დიდი ცვლილებებია, სასურველია მზის აბაზანები დილის საათებში, 11 საათამდე მივიღოთ. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კანის ტიპზე მორგებული დამცავი საშუალება - ცხიმიან კანზე ვერ გამოიყენებ მშრალი კანისთვის განკუთვნილ დამცავს და პირიქით. რაც შეეხება ცხიმიან კანს, ზაფხულში ხშირია გამონაყარი და აკნე. ბევრი ამტკიცებს, რომ გარუჯვის დროს კანი უკეთესად გამოიყურება. დიახ, რადგან კანის ზედაპირი დამწვარია, კანი გამომშრალია და ცხიმიანობა თითქოს ქრება, მაგრამ როგორც კი ნამზეურის გადასვლა იწყება, ცხიმიანობაც მაშინვე აქტიურდება. კანი ძალიან ჭკვიანი ორგანოა, დამწვრობის დროს ის ორგანიზმს გადასცემს სიგნალს, რომ დამწვარია, და ორგანიზმი იწყებს ცხიმის გამოყოფას კანის გადასარჩენად, ამიტომ ნამზეურის შემდეგ ჩნდება გამონაყარი...
- რამდენად შეიცავს საფრთხეს ბოტოქსი და ფილერი გარუჯვისას დროს?
- მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, როდესაც ახალი გაკეთებულია ბოტოქსი და ფილერი, გარუჯვა რეკომენდებული არ არის, რადგან ხდება მისი გაწოვა, დაშლა. მზის სხივების ზემოქმედებით ხდება სითბური რეაქცია და გაწოვა უფრო სწრაფია.
- ზაფხულში რომელ პროცედურებს ურჩევთ ქალებს?
- ზაფხულში ყოველთვის კეთდება მსუბუქი პროცედურები, ჟანგბადის, მიკრონიდლინგის პროცედურები. ბიორევიტალიზაცია ძალიან კარგია გარუჯვამდე. ბიორევიტალიზაციას ბევრი იკეთებს დასასვენებლად გამგზავრებამდე, რადგან კანი ტენიანდება და ძალიან არ შრება, ნაოჭები არ ვითარდება. ზაფხულის პროცედურებიდან კი ძირითადია მსუბუქი მასაჟი, ჟანგბადის პროცედურები, ზაფხულის პილინგები.
- რამდენად უწყობს ხელს გარუჯვა ნაოჭების გაჩენას?
- გარუჯვის დროს კანი იწყებს გამოშრობას, დანაოჭებას და პიგმენტაციას, სწრაფ დაბერებას. D ვიტამინის მიღება ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანი უნდა დაიწვას.
- როგორ მოვუაროთ კანს შინ?
- როგორც გითხარით, ზაფხულში ეფექტური მოვლის საშუალებაა კანის ტონიზაცია. ეს შეიძლება იყოს კიტრი, რომელიმე კენკრა, რომელსაც წაისვამთ სახეზე. შეიძლება ნაყენის გაკეთებაც და მაცივარში გაყინვა კუბებად, შემდეგ კი ყინულის კუბებით სახის გაწმენდა.