რატომ უფასურდება ლარი?
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უფასურდება და არა მხოლოდ ევროსა და აშშ დოლართან, არამედ თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, პარასკევს, 28 ივლისს, 1 ევრო 2,9516 ლარი ღირდა. ბოლო ერთ კვირაში ეს თითქმის 10-თეთრიანი გაუფასურებაა. ასეთივე ტენდენციაა აშშ დოლართან მიმართებით - სებ-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 28 ივლისს 2,6491 ლარი ღირდა, მაშინ როცა 21 ივლისს ფასი 2,5693 ლარი იყო. რატომ გაუფასურდა ლარი ასე სწრაფად, თანაც ფაქტობრივად ტურისტული სეზონის პიკში და რა გავლენა ექნება ამას როგორც ეკონომიკაზე, ასევე მოსახლეობაზე, ამ საკითხებზე ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ვესაუბრეთ.
- შეუძლებელია ვინმემ თქვას, რისი ბრალია, სანამ ვაჭრობის, ინფლაციის, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადების მონაცემები არ გვექნება, ეს რიცხვები კი 1,5-2 თვის პერიოდში იდება და შემდეგ ხდება გაანალიზება. ამ დღეებში რაც ხდება, ამაზე დაზუსტებით ჯერ ვერავინ ვერაფერს იტყვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადმორიცხვებია შემცირებული, ასევე, უარყოფითი ბალანსია რუსეთიდან შემოსულებსა და გასულებს შორის. თუმცა ეს მაინც ვარაუდებია და გავიმეორებ, რომ ლარის გაუფასურებას რამდენიმე მიზეზი აქვს ხოლმე. თუკი გაუფასურება ნახტომისებურია, როგორც წესი, ეს უფრო მოლოდინებს უკავშირდება, ვიდრე სხვა ფაქტორებს. ხშირად მკვეთრ გაუფასურებას ოდნავი გამყარება მოსდევს და ახლაც თუ ასე მოხდება, შესაძლოა მართლაც უარყოფით მოლოდინებს დავუკავშიროთ.
- ახლა რა შეიძლება გამხდარიყო ნეგატიური მოლოდინის საფუძველი, ეს მიზეზი რამდენად რეალისტურია?
- მოლოდინი ორნაირია: ერთი უკავშირდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, მეორე კი უფრო ტექნიკური ხასიათისაა და ამ შემთხვევაში სწორედ ამ უკანასკნელს ვგულისხმობ. მაგალითად, თუ ინვესტორი ხედავს, რომ აქციის ან ობლიგაციის ფასი იზრდება, ყიდულობს ამ აქციებს და ესეც ზრდის ფასს. როცა ეს ზრდა რაღაც ზღვრამდე მივა, შემდეგ ისევ იკლებს. ასეა შემცირების დროსაც. ანუ ლარზე რომ გადმოვიტანოთ, შესაძლოა რაღაც ფაქტორის გამო ბაზარზე გაჩნდა ჭარბი ლარი და შემდეგ პროცესი ჯაჭვურად წავიდა. არ არის აუცილებელი ქვეყნის ეკონომიკაში ან პოლიტიკაში მომხდარ ფაქტორებს უკავშირდებოდეს. შესაძლოა უკავშირდებოდეს თვით ფულად ვაჭრობას და, ძირითადად, ასეც არის ხოლმე.
- ბაზარზე ჭარბი ლარი რატომ შეიძლება გაჩენილიყო? ეს სებ-ის მიერ რეზერვების შევსებას ხომ არ უკავშირდება?
- ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსებისთვის ინტერვენციები არ ჰქონია. სებ-ის ახალი პრეზიდენტი რაც დაინიშნა, იმ დროიდან მოყოლებული ინტერვენცია ნაკლები იყო და ამ პერიოდში ლარი სიმყარით გამოირჩეოდა.
- როდესაც ლარი ნახტომისებურად უფასურდება, რაც, ცხადია, ბაზარზე ქმნის უარყოფით მოლოდინებს და ხელს უწყობს კიდევ უფრო გაუფასურებას, ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს?
- გააჩნია მდგომარეობას. თუ გაუფასურება საფრთხეს უქნის ფინანსურ სტაბილურობას, მაშინ ეროვნული ბანკის ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ იმ დონემდე თითქმის არასდროს უფასურდება, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნას - თუ მართლა რაღაც კატაკლიზმები არ ხდება. ამ პერიოდში გაუფასურება კი ერთმნიშვნელოვნად არ არის გამოწვეული რამე ისეთი კატაკლიზმებით, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე შეჰქმნოდა.
- ლარის ასეთ გაუფასურებას რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე?
- აქ ხომ მთავარია მიზეზი, რის გამო უფასურდება. მაგალითად, თუ ლარი იმიტომ უფასურდება, რომ ცენტრალურმა ბანკმა წამოიწყო ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ანუ მეტი ლარი გამოუშვა ბაზარზე, ასეთ შემთხვევაში, ეს ძირითადად ინფლაციაში ითარგმნება ხოლმე. თუმცა კურსის გაუფასურება აუცილებლად ინფლაციას არ ნიშნავს, ეს სხვადასხვა რამაა. მეორე მხრივ, გაუფასურება ზოგადად ახალისებს ექსპორტს და უარყოფითი გავლენა აქვს იმპორტზე, რადგან იმპორტირებული საქონელი ძვირდება. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში ლარის გაუფასურება ნიშნავს, რომ პირველი - ძვირდება იმპორტირებული პროდუქცია ანდა შესაძლოა მოხმარება შემცირდეს ფასების გაზრდის გამო; მეორე - მათთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, ლარის გაუფასურება წამგებიანია და, რა თქმა უნდა, მათზე ძალიან ნეგატიურად აისახება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კურსის მკვეთრი გადახრები არ გვქონდეს. თვით ეს მკვეთრი გადახრაც არ არის ქვეყნებისთვის ერთნაირი. მაგალითად, საქართველოსთვის მკვეთრი გადახრა შეიძლება იყოს 10 თეთრით გაუფასურება, შვეიცარიისთვის კი იყოს 0,001 ფრანკით.
- როდესაც ტურისტულ სეზონზე უფასურდება ეროვნული ვალუტა, ეს რისი მაჩვენებელია და რას ნიშნავს მოსახლეობისთვის?
- იმპორტი რომ ძვირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაციური პროცესია - ანუ, თუ ლარის ერთი და იგივე რაოდენობა გვაქვს და რომელიმე პროდუქტზე ფასი გაიზარდა, უბრალოდ, ამ პროდუქტს უფრო ცოტას ვიყიდით ფასის ზრდის გამო და სხვა პროდუქტზე გადავერთვებით. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალიან ვრცელი ურთიერთქმედებაა, რაშიც მონაწილეობს ათიათასობით ადამიანი, ათასობით პროდუქტი და სერვისი და ა.შ. ამიტომ, თუ იმპორტი ძვირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაციაა, ოღონდ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქციის 60%-ზე მეტი იმპორტირებულია. ეს იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ლარის გაუფასურება უფრო ღარიბ მოსახლეობას ვნებს, რადგან იმპორტირებულ პროდუქციას ისინი უფრო მეტად მოიხმარენ და მათი შემოსავლის უფრო დიდი ნაწილი მიდის პირველადი მოხმარების საქონელზე.მართალია, ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ეს დაშვება მაინც არსებობს. ამიტომ, ვინც მომავალზე საუბრობს, რა მოხდება და რა გავლენა ექნება, მკითხავია. ეკონომიკა არის ის, რომ აღწერო მომხდარი, წარსული და დასკვნები აკეთო აწმყოზე. ამიტომ ვამბობ, რომ გააჩნია, ეს გაუფასურება რატომ და რის გამო ხდება, რაც ერთ-ორ თვეში გვეცოდინება. წინასწარ რამეს თქმა ძნელია, თუ რაიმე განსაკუთრებით ცხადი რამ არ მოხდა. მაგალითად, შარშან რუსები რომ შემოვიდნენ, ცხადი იყო, რომ ლარი ამის გამო გამყარდა. ახლა კი, როდესაც ასეთი ცხადი რამ არ არის და ბევრი ფაქტორია, დასკვნის გაკეთება მარტივი არ არის. თუმცა მაინც მგონია, რომ გადმორიცხვების ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სეგმენტი კლებისკენ მიდის, შემოსული რუსები ნელ-ნელა გადიან. მეორე, რაც მგონია, ცენტრალურმა ბანკმა ექსპანსია მოახდინა, თუმცა ეს მაინც გადასამოწმებელია. ორი-სამი თვის შემდეგ შესაძლოა საკითხი აღარც იყოს აქტუალური, მაგრამ ზუსტი პასუხი, თუ რა მიზეზები იყო, მაშინ გვეცოდინება.
- სამი თვის მერე ეს შესაძლოა არც კი გვაინტერესებდეს და დღეს, როდესაც რაღაც პრობლემა გაჩნდა და ეროვნული ბანკი არ აკეთებს განმარტებას, რა რატომ ხდება, ეს უფრო ნეგატიურ შედეგებს არ იწვევს?
- ცენტრალურმა ბანკმა განმარტებები არ უნდა აკეთოს, თუ რატომ ხდება გაუფასურება - იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოტივტივე კურსი. თუმცა მოტივტივე ფორმალურად გვაქვს და სებ-ის ხშირი ინტერვენციების გამო, ფაქტობრივად, მოტივტივე აღარ გამოდის, არამედ უფრო მართვითი-მოტივტივეს, მართვითი-მცურავის კლასიფიკაციაში გავდივართ სავალუტო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით. შესაბამისად, სებ-ს ფორმალურად არ ევალება განმარტებების გაკეთება, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ გააკეთებს, რაკი ხშირად ერევა ბაზარზე და ინტერვენციებს ახდენს. ამდენი წელიწადია, ყველანი დავიღალეთ ამ კურსზე მარჩიელობით, მოსახლეობაც, მედიაცა და სპეციალისტებიც. გამოსავალი ის არის, რომ შეიზღუდოს ცენტრალური ბანკის ბევრი ფუნქცია და მეორე, მოსახლეობას მივცეთ საშუალება, გამოიყენოს ის ვალუტა, რომელსაც ენდობა.
- გასაგებია, რომ დღეს ძნელია ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ლაპარაკი, მაგრამ რამდენად არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი, როგორადაც ხელისუფლება წარმოგვიდგენს, და რა კავშირში შეიძლება იყოს ეს ორი საკითხი ერთმანეთთან?
- ფაქტია, რომ რიცხვებში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო და გრძელდება. რიცხვები ნამდვილად რეალური იყო, მაგრამ მთავარია, რა იყო ამის საფუძველი. საფუძველი ის კი არ იყო, როგორც ხელისუფლება ამბობს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აირჩიეს და ა.შ. არა, არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქონიათ, არაფერი გაუკეთებიათ. საქართველოსგან დამოუკიდებელი მოვლენა მოხდა - რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და აქედან გამომდინარე, ბევრი რუსი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში, გაიზარდა გადმორიცხვებიც და ამან ბიძგი მისცა ეკონომიკას.
მეორე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, მოკლევადიან პერიოდში კი კარგი იყო ეკონომიკისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ძალიან აზარალებს - აიღო ძალიან დიდი ვალი, 14 მილიარდ ლარზე მეტი. აქედან გამომდინარე, თუ შევხედავთ პერსპექტივაში, არაფერი შეცვლილა, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა იგივეა, რაც აქამდე იყო და რაც მთავარია, წარუმატებელი გახლდათ. ეს იყო დროებითი ეფექტი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისგან დამოუკიდებლად და მომავალში, თუკი ეკონომიკური პოლიტიკა იგივე დარჩა, რაც აქამდე იყო და არც უჩანს შეცვლის პირი - ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენა ამოწურავს თავის თავს და ეს უკვე დაიწყო - რუსები ნელ-ნელა გადიან, გადმორიცხვებიც მცირდება და მივიღებთ იმას, რომ კვლავ დავუბრუნდებით ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს.
- როდის შეიძლება ამ დაბალ ტემპს დავუბრუნდეთ?
- გააჩნია, რა მდგომარეობა იქნება რუსეთში, უკრაინაში. თუ რუსეთში უცბად ისევ ისეთი რაღაც მოხდა, რომ კვლავ დაიწყეს შემოსვლა და ფულადი ნაკადები გაიზარდა, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გაგრძელდება, მაგრამ, თუკი პირიქით წავა საქმე, მაშინ ნაკადები გაილევა. ამიტომ ვამბობ, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ომზე, თუ საით გადაიხრება ისრები. ყველაზე რეალისტური მოლოდინი კი ის არის, რომ ახალი ტალღები აღარ იქნება, და ის ხალხიც, ვინც აქ არის, ნელ-ნელა წავა. ცხადია, რაღაც კატეგორია დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდია განლევისკენ მიდის.
- არსებული ვითარების და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე როგორი მდგომარეობა გვექნება?
- მომავალზე წარმოდგენა არავის არა აქვს. მაგალითად, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ა.შ., რომლებიც ძალიან დიდი ორგანიზაციებია და კომპეტენტური ხალხით არის დაკომპლექტებული, ასევე ჩვენი ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი ხშირად გეგმავენ ხოლმე რაღაც ეკონომიკურ ზრდას, რომელიც სხვა ყველა თანაბარ პირობაში ზუსტად ასე უნდა იყოს, მაგრამ უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ არასწორი უფროა, ვიდრე სწორი. აქედან გამომდინარე, მომავლის ასე დაგეგმვა და პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომაც წლის ბოლოს რა იქნება, ძნელი სათქმელია, გააჩნია, რა მოხდება, მათ შორის, უკრაინაში რა მდგომარეობა იქნება, რუსეთში რა მოხდება და ა.შ.
ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ ეკონომიკურ პოლიტიკას რომ ატარებდეს, მაშინ კიდევ უფრო მარტივად იქნებოდა შესაძლებელი დასკვნების გაკეთება, მაგრამ არაფერი ხდება და დამოკიდებული ვართ იმაზე, რა მოხდება ქვეყნის გარეთ.
რუსა მაჩაიძე