როგორ უნდა დავიცვათ თავი ტურისტის ტყავში გადაცმული პროვოკატორებისგან?!
ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ მისი აქტორები (პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების ნაწილი) ხშირად მწვავე საკითხის არსზე კი არ საუბრობენ, არამედ "გვერდით მოვლენებზე". მაგალითად, როდესაც კონკრეტული საკითხის გამო ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, კამათი (თუ შეიძლება ამას კამათი ეწოდოს, რასაც ვუყურებთ ტელეეთერებში) ამ თემის გამწვავების მიზეზებსა და გამოსავალზე კი არ მიმდინარეობს, არამედ იმაზე, ამა თუ იმ პოლიტიკურ მხარეს აქვს თუ არა მორალური უფლება ისაუბროს ზემოხსენებულ საკითხზე, შეფასებები კი ლოზუნგების დონეზე დადის, ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე.
ანალოგიურად განვითარდა მოვლენები ბათუმში რუსი ტურისტებით სავსე ლაინერის შემოსვლისა და საპროტესტო აქციების ფონზე. ხელისუფლების მომხრეების მტკიცებით, ოპოზიციის (როდესაც "ოცნება" საუბრობს ოპოზიციაზე, გულისხმობს "ნაცმოძრაობას") წარმომადგენლების პროტესტი უცნაურია, რადგან ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილი ტერიტორიებს აბარებდა და სტრატეგიულ ობიექტებს რუსებზე ყიდდა. თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიციით "ლაინერის სკანდალის" მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრორუსულია. ის კი, თუ რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები რუსების მასობრივ შემოდინებაზე, არის თუ არა ეს პრობლემა და რა რისკებს შეიცავს ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკეთეს შემთხვევაში, მესამე-მეოთხე პლანზე იყო გადაწეული.
ლამაზად ჟღერს, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა პოლიტიკაზე მაღლა დგას და შესაძლოა ორ ქვეყანას შორის იყოს ცუდი ურთიერთობა, ხალხებს შორის კი - კარგი. ასე ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ორ ხალხს შორის ისე ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობა, რომ ეს ანაცვლებს პოლიტიკას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ოკუპანტი სახელმწიფოდან ჩამოსულ პირს ვერ მიიღებ ისე, როგორც სტუმარს მეგობარი ქვეყნიდან, თან არსად არ წასულა ის, რომ საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებულია. ასევე, საქართველოში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც ნათესავი, ახლობელი ან ნაცნობი არ ჰყავდეს დაკარგული აგვისტოს ომში, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე კი ეს ყველაფერი გაამძაფრა, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია, დაბომბილი ქალაქები და გადამწვარი სოფლები. თან ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზომბირებულია სახელმწიფო პროპაგანდის მიერ. რუსეთი არ არის თითო-ოროლა პროგრესულად მოაზროვნე ბლოგერი თუ ექსპერტი, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთ და აქვთ ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე წვდომა. რუსეთი არც მოსკოვი და პეტერბურგი არ არის. რუსეთი არის სივრცე ბელგოროდიდან ვლადივოსტოკამდე, სადაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მათი მთავარი ინფორმაციის წყარო ფედერალური არხებია და ბოლო 23 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მათი ზომბირება შემდეგი სქემით - რუსეთი მტრების ალყაშია და რომ არა დიადი, ყოვლისშემძლე პუტინი, "მატუშკა რასიას" ნაწილ-ნაწილ დაშლიან.
დიახ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ საქართველო არის აგრესორი ქვეყანა და რუსებმა გადაარჩინეს აფხაზები და ოსები. მეტიც, პროპაგანდა რუსეთის მოსახლეობას ყოველთვის ყურში ჩასძახის, რომ ქართველები უმადურებიც არიან, რადგან რუსებმა ისინი მუსლიმანებისგან იხსნეს, ქართველები კი ამერიკელებისკენ გაიქცნენ. უკვე მილიონჯერ იმეორებენ, რომ თურმე სსრკ-ის დროს ყველაზე კარგად ქართველები ცხოვრობდნენ, მაგრამ კრემლს არ დაუფასეს ეს სიკეთე. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - კრემლის პროპაგანდა ქართველებს წარმოაჩენს არცთუ ისე ჭკვიან ხალხად, რომელთაც მხოლოდ ცეკვა-თამაში ეხერხებათ.
როდესაც მარტ-აპრილში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა საქართველოში, მათ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თუ ექსპერტმა "პუტინს გამოქცეული რუსები" უწოდა. თუმცა საზღვარზე ისინი სიცრუის დეტექტორზე არავის შეუერთებია, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები გაგვეგო. ერთია, როდესაც შენთვის პუტინი იდეურად მიუღებელია და გმობ მის ნაბიჯებს, და მეორე, როდესაც გულში შეიძლება პუტინს ეთანხმებოდე და უკრაინაში რუსულ ჯარებს გულშემატკივრობდე, მაგრამ აი, შენ რომ წახვიდე საომრად და შუბლი ტყვიას შეუშვირო, ეს უკვე აღარ გინდა. ამ სტატიის ავტორი პირადად იცნობს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც პუტინი ისტორიულ ფიგურად მიაჩნიათ, ყირიმი კი რუსეთის ნაწილად (აფხაზეთსა და ცხინვალზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ლოგიკურად, სადაც ყირიმი რუსულად მიაჩნიათ, რატომ უნდა გვეგონოს, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას), თუმცა ფრონტზე სანგრებში წოლა არ სურთ.
ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელსაც ახსოვს აფხაზეთისა და აგვისტოს ომები და აგერ ონლაინრეჟიმში უკრაინის ტრაგედიას ვუყურებთ, რა თქმა უნდა, აშფოთებს და ზოგჯერ აღიზიანებს ხოლმე დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა. კითხვები რომ ისმის საქართველოს შავიზღვისპირეთში რუსული ანკლავების შექმნის შესაძლებლობაზე, არც ეს არის საკვირველი.
სოცქსელებში და "იუთუბზე" თუ გადავხედავთ რუსეთის იმ მოქალაქეების ბლოგებს, რომლებიც საქართველოში დამკვიდრდნენ ან დამკვიდრებას ცდილობენ, საინტერესო რაღაცებს გავიგებთ. კერძოდ, აქ ჩამოსული რუსეთის მოქალაქე გზამკვლევია იმ რუსებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში აქ ჩამოსვლას აპირებენ. იცით, საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეს რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოსკოვში, ვორონეჟში თუ ტაგანროგში მყოფი თანამოქალაქეები? მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ავიწროებენ თუ არა რუსებს საქართველოში და ძალიან უკვირთ, როდესაც უარყოფით პასუხს იღებენ. დიახ, არც ერთ ბლოგერს არ უთქვამს, თითქოს საქართველოში მათ ცუდად ექცევიან, თუ, რა თქმა უნდა, პუტინის გამოსახულებიანი მაისურით ან რუსეთის დროშებით არ დადიხარ. პრობლემად, ძირითადად, იმას ასახელებენ, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი თურმე რუსულად არ ლაპარაკობს (და რატომ უნდა ლაპარაკობდეს რუსულად, ამ კითხვას საკუთარ თავს არ უსვამენ).
ქართველი საზოგადოება არის ტოლერანტული და შემწყნარებლური. სტუმარსა და მასპინძელს შორის მკვეთრად გავლებული ზღვარია. პრინციპი ასეთია: თუ სტუმარი იღებს ჩემი თამაშის წესებს და პატივისცემით მექცევა მე და ჩემს ქვეყანას, ნებისმიერი ეროვნების ადამიანი იცხოვრებს მშვიდად და "მათი" შევიწროება "ფეისბუქს" იქით არ წავა. მაგრამ თუ სტუმარი უპატივცემლოდ მექცევა, ცდილობს ზემოდან მიყუროს და მასპინძლის როლი თვითონ მოირგოს, ეს უკვე წითელი ხაზია - არა მხოლოდ საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.
ქართული პოლიტიკის მოთამაშეებს თავიანთი მიზნები აქვთ და მათ კონტროლირებად მედიასაშუალებებს ხშირად უყვართ ბუზისაგან სპილოს შექმნა და შემდეგ სპილოს ძვლით ვაჭრობის დაწყება. თუმცა, როდესაც შენს მიწაზე მყოფი რუსი ტურისტი გეტყვის, რომ მათ აფხაზეთი ქართველებისგან გაათავისუფლეს, საქართველო კი რაღაც რესპუბლიკა იყო რუსეთის შემადგენლობაში, საკვირველია საპასუხო აღშფოთება? ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანთ - წარმოიდგინეთ, რომ სახლში გაქვთ სტუმრიანობა, ერთ-ერთ სტუმარს კი არც შენ მოსწონხარ, არც შენი ოჯახი და არც შენი სახლი. ამ დროს რას იზამ? გაჩუმდები? მხოლოდ ბათუმის პროტესტს არ ვგულისხმობთ. სამწუხაროდ, დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი თბილისსა და ბათუმში ქართველებსა და იმ რუსებს შორის, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, არასწორი რაღაცები ილაპარაკონ იმ ქვეყანაზე, სადაც თავი შეაფარეს. ამას მხოლოდ ერთი სახელი აქვს - პროვოკაცია.
ამ პროცესის მიშვება არ შეიძლება. მშვიდობიან მოქალაქეებს (რუსი იქნება, ირანელი თუ ტაჯიკი) ერთი თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ თავიდან. თუმცა ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი პროვოკატორია შემოსული? გარდა ამისა, რუსული სპეცსამსახურები თვითონ არიან პროვოკაციების მოწყობისა და დადგმის დიდოსტატები. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინის საყვარელი თემაა საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სხვა ქვეყნებში შეჭრა (ჩვენზე კარგად ვინ იცის?!). ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა და პუტინს მეტი და მეტი საზარბაზნე ხორცი დასჭირდა, საქართველოს საზღვრებს კიდევ ათეულათასობით ადამიანი მოაწყდება.
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ამართლებს ოკუპაციას, ემხრობა პუტინის აგრესიულ გეგმებს და იქცევა ისე, რომ ქმნის საფუძველს პროვოკაციისთვის (შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს), ის არის არასასურველი სტუმარი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთ ადამიანებს მიაბრძანებენ თავიანთ ქვეყნებში ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე.
გარდა ამისა, გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. სამწუხაროდ, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა (სხვათა შორის, ზოგიერთი რუსი ვიდეობლოგერი ამას არც მალავს და საჯაროდ აცხადებს), როდესაც აფხაზეთში ნამყოფი რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. შესაძლოა ისინი ყველაზე მშვიდობისმოყვარე ხალხი იყოს და არანაირ საფრთხეს არ ქმნიდნენ, მაგრამ კანონი კანონია და ამ კანონს აღსრულება სჭირდება.
მოკლედ, პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი. ამ სტატიის ავტორი შორს არის იმ აზრისგან, თითქოს ქართველი სამართალდამცავები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები გულხელდაკრეფილი სხედან. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. პროვოკატორების ადგილი საქართველოში არ არის და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ სპეცსამსახურები, რათა თეორიულადაც გამოირიცხოს ყოველგვარი პროვოკაციის შესაძლებლობა და ეს მოხდეს ჩუმად და წყნარად, რათა ყველაფერი მიტინგებისა და ლოზუნგების დონემდე არ დავიდეს. ამ პრევენციული ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს საზღვარი. უფრო გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი თითოეული ის პირი, რომელსაც საქართველოში შემოსვლა სურს. შესაძლოა ვინმეს ეს წარმოუდგენლად მოეჩვენოს, მაგრამ არის ამის რესურსებიც, ტექნოლოგიაც და საშუალებაც. არ დაგვავიწყდეს, რომ სასწორზე დევს ქვეყნის უსაფრთხოება და ნებისმიერი თვალის დახუჭვა თუ გულგრილობა შესაძლოა ჩვენს სახელმწიფოს ძალიან სავალალო შედეგებით შემოუბრუნდეს.
გიორგი კვიტაშვილი