„თუ ფული გაქვს, შენი ვარ...“ - ანუ ფულის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში
XX საუკუნის დასაწყისში გერმანელი სოციოლოგი და ფილოსოფოსი მაქს ვებერი პოლიტიკოსების ორ ტიპს გამოყოფდა - პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკისთვის ცხოვრობენ, და პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკით ცხოვრობენ. შესაბამისად, პირველში იგულისხმებოდა ის, ვისაც თავისი თავი პოლიტიკისთვის ჰქონდა მიძღვნილი, და მათგან გამოყოფდა პოლიტიკურ ლიდერებსაც. მეორეში კი გულისხმობდა მათ, ვინც პოლიტიკაში ყოფნით საარსებო ფულს შოულობდა, და მათ რიგით ჩინოვნიკებს უწოდებდა. ფულის თემა არც ქართული პოლიტიკისთვის არის უცხო და ეს კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა რამდენიმე დღის წინ "ნაციონალების" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებამ, თუ როგორ ხდებოდა მის პარტიაში გარიგებები სხვა და მათ შორის, იდეურად რადიკალურად განსხვავებული პარტიების წევრებთანაც კი. რამდენად აქტუალურია ფულისა და ფულის სანაცვლოდ გარიგებების თემა ქართულ პოლიტიკაში და ამას რა შედეგები მოაქვს საბოლოოდ, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:
- ჩვენი ოპოზიციონერების ერთ-ერთი პირველი ინტერესი, ალბათ, ის არის, რომ სამუშაო იშოვონ. ისინი ახლა პოლიტიკაში რომ არ იყვნენ, გეგულებათ ადგილი, სადაც იქნებოდნენ? ცხადია, ყველაზე არ ვამბობ, არიან გამონაკლისები. ამასთან, პოლიტიკოსები რომ არ ერქვათ, ყოველდღე ტელევიზორში არ იქნებოდნენ გამოჭიმული. შემოსავალიც აქვთ, ტელევიზორებშიც ჩანან და მეტი რა უნდათ? და რომ არ უნდათ, ჩანს სწორედ იქიდან, რომ არ ფიქრობენ, ხალხს რა აწუხებს და მისი პრობლემები როგორ მოაგვარონ. შემოსავალი საიდან აქვთ, ეს ცალკე საკითხია და შესაძლოა ეს აღმოჩნდეს კიდევ ერთ-ერთი მოტივი იმისა, თუ რატომ უნდათ პოლიტიკოსობა.
- ანუ პოლიტიკაში ფული აუცილებელია?
- პოლიტიკაში ფული ის ბერკეტია, რომლითაც პარტიას მაღლა ასვლა შეუძლია. თუმცა ეს უტყუარი დებულება არ არის, რადგან ვიცით პერიოდი, როდესაც პოლიტიკაში წარმატებული იყვნენ ის ძალები, ვისაც ფული არ ჰქონდა, ამ შემთხვევაში ეროვნულ მოძრაობას ვგულისხმობ - ანუ, თუ პოლიტიკური ჯგუფი პასუხობს საზოგადოების დიდი ნაწილის გულისთქმას, მაშინ ფული მთავარ როლს აღარ თამაშობს და აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებს შთაბეჭდილება შეუქმნა საკუთარ უპირატესობაზე.
- ფული რისთვის სჭირდებათ, ხელისუფლებაში მოსასვლელად, რომ თუნდაც ხალხის პრობლემები მოაგვარონ, თუ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ფული იშოვონ?
- უფრო რთული ვერსია თქვით, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. მაგალითად, ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა საერთოდ არ სჭირდება. მათ სჭირდებათ ფული და პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი. საკუთარ რეიტინგებზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვთ და მნიშვნელობა არა აქვს, საჯაროდ რას ამბობენ, მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი კი სჭირდებათ სწორედ იმიტომ, რომ ეს კარგი სამუშაოა და, მეორე მხრივ, ამ სამუშაოში ფულსაც შოულობ, რადგან ვიღაცამ შეიძლება გითხრას, შენ ოღონდ ამა და ამ ტიპის პროცესები წამოიწყე, ამა და ამ თემაზე პოლიტიკური განცხადებები აკეთე და დაგაფინანსებო. იგივე ხდება ხელისუფლებაში მყოფთა შემთხვევაშიც - ეუბნებიან, შენ ოღონდ ესა და ეს კანონი გაიტანე და დაგაფინანსებო. ეს ყველგან ხდება, მთელ რიგ ქვეყნებში, ოფიციალურად კი ლობიზმი ეს არის, მეტი კი არაფერი... იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას საკანონმდებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, არ აინტერესებს, შემოსავლებიც ძირითადად აქვს არა საკანონმდებლო საქმიანობით, არამედ პოლიტიკური განცხადებების გენერირებით.
- რამდენიმე დღის წინ მელიამ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში ადგილების გაყიდვაზე ილაპარაკა. რამდენად შეიძლება ამ ფაქტის განზოგადება, რომ ოპოზიციაში ასეთი გარიგებები ფულის მისაღებად ხდება?
- რადგან ითქვა, ალბათ, ხდება და ცხადია, მათთვის შემოსავალია. ეს კი არა, საარჩევნო სიებში ადგილების გაყიდვაც ხომ შემოსავალია? ისიც ხომ ვიცით, რომ ე.წ. გამსვლელ სიაში ჩასმისთვის ფულს იღებენ? სხვათა შორის, ფულის სანაცვლოდ სიაში ჩასმის თვალსაზრისით უფრო მძიმე მოვლენაა პროპორციული არჩევნები, როდესაც პარტიას შეუძლია სიაში ნებისმიერი ვინმე ჩასვას და ეს ძალიან უწყობს ხელს ამ ტიპის კორუფციას.
თავის დროზე ქართველმა პოლიტიკოსებმა რომ დაიჩემეს, გინდა თუ არა, საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ და პროპორციული არჩევნები გვქონდესო, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, ეს მოტივიც ხომ არ იყო ამ სურვილებში. მეორე საკითხია ის, რომ ვინც ფულს იხდის სიაში ჩასმისთვის, ტყუილად ხომ არ გადაიხდის, რაღაც ინტერესი აქვს, ხომ? ხშირად კი ეს ინტერესი სწორედ მეტი ფულის შოვნაზე გადის.
- თუ ოპოზიციის სიაში ჩასმაზეა ლაპარაკი, ოპოზიციისგან მეტი ფული როგორ უნდა იშოვონ?
- ოპოზიციად და "პოზიციად" ანალიტიკოსები, მედია ვყოფთ, თორემ ბიზნესისთვის, მოქალაქეებისთვის, პოლიტიკოსი პოლიტიკოსია და ცდილობენ პარლამენტში მყოფ ადამიანს ანგარიში გაუწიონ. თუ არ გაუწევენ ანგარიშს, მაშინ გამოვა და ისეთ რაღაცას იტყვის, სულ აურევს საქმეს. ამიტომაც თავის ატკივება არავის უნდა და ყველა ეცდება, ანგარიში გაუწიოს. მეორე ის არის, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს გავლენა ამა თუ იმ რეგიონში და მესამე - შეუძლია ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანოს, რომელიც ბევრი ადამიანის ინტერესში შეიძლება იყოს, და მისთვის შემოსავლის წყარო გახდეს.
- მმართველ პარტიებში ფულის საკითხი როგორ ჩანს?
- ნებისმიერი მმართველი პარტია, ვინც არ უნდა იყოს, დაახლოებით ერთნაირი მეთოდებით სარგებლობს. ხომ გვესმის, გავლენებზე, ტენდერებზე არის ხშირად ლაპარაკი და როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ. განსხვავებით ოპოზიციისგან, ნებისმიერ მმართველ პარტიას აღმასრულებელ სტრუქტურებზე დიდი გავლენა აქვს. შესაბამისად, შეიძლება ვიღაცამ არაერთი ტენდერი მოიგოს, ვისაც კავშირები და ინტერესები აქვს მმართველ პარტიასთან და შესაბამისად, უზარმაზარი თანხები წავიდეს ვიღაცისკენ, ვინც არ იქნება ღორმუცელა, და ფულს გაუყოფს იმას, ვინც ამ ტენდერის მოგებაში დაეხმარა.
ასევე, ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ოპოზიციასთან დაკავშირებით ვახსენე, ხელისუფლებაში მყოფ ძალებსაც ხომ შეუძლიათ წარადგინონ და უფრო მეტადაც კი. ასე რომ, როდესაც ფულსა და მატერიალურ ინტერესებზე მიდგება საქმე, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. პოლიტიკური ინტერესები ყველგან გადაჯაჭვულია ფულთან.
- ანუ მივედით იქამდე, რომ ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა ფულია?
- ყველა პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა ფულია, რატომ გვინდა ქართული პოლიტიკის ექსკლუზიური იდეა იყოს? ჩვენ მაინც გარედან ვმსჯელობთ და ამ საქმის ყველა ლაბირინთს არ ვიცნობთ, მაგრამ გარედან რაც ჩანს, ყველგან ასე ხდება. ახლახან ვნახეთ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ფეხბურთთან დაკავშირებულ დიდ სკანდალებშია გახვეული, თან ევროპარლამენტი თითქოს ძალიან მოწყვეტილია აღმასრულებელ სტრუქტურებს და მიუხედავად ამისა, მაინც დიდი ფული მიიღეს იმაში, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ვიღაცის სასარგებლოდ, მაგალითად, სად ჩატარებულიყო ჩემპიონატი. ამასთან შედარებით კი ქართული პოლიტიკური ფული საბავშვო თამაშად ჩანს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ეს ქართული სინამდვილეა. პოლიტიკაში ფული ჩვეულებრივი რამაა, ავტოკრატიაშიც და დემოკრატიაშიც.
რუსა მაჩაიძე