მალე ცისკარაულების კოშკი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს!
არხოტის თემის სოფელ ახიელში XVI-XVII საუკუნის ცისკარაულების საგვარეულო კოშკის აღდგენითი სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
პროექტის - „ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში“ მენეჯერი საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელი მარინე მიზანდარია, კოშკის აღდგენითი სამუშაოები კი ევროპელების ფინანსური, ამასთან, ადამიანური რესურსითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ, პროექტი საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან - ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation (INTO) და რამპართან (REMPART) - თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფონდის - ალიფის (ALIPH Foundation) - მიერ.
სალომე ცისკარაული, პროექტის თანამენეჯერი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის ერთ-ერთი ინიციატორი:
- სულ მქონდა სურვილი, მშობლიური ადგილისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. ვნახე კოშკის ბზარები, ბომბისგან დაზიანებული კედელი და მივხვდი, იყო საშიშროება, რომ მომავალ თაობას ეს სიმდიდრე აღარ ჰქონოდა. დავიწყე მუშაობა ჩვენს გვარში, შევქმენი ,,ფეისბუკ” ჯგუფი, დავუკავშირდი ბევრ ადამიანს, ვთხოვე თანადგომა, ჩემს თავზე ავიღე სამუშაო ჯგუფის შექმნა... ამ საქმეში ჩვენ არაკომპეტენტური საზოგადოება ვიყავით – არ ვიცოდით არც რესტავრირება, არც აზომვითი სამუშაოების შესრულება და დავიწყეთ მიმოწერა სრულიად უცხო ადამიანებთან. პირველი, ვისაც დავუკავშირდი, ეს იყო ნანა მეფარიშვილი (არქიტექტორი, ქართული ტრადიციული საცხოვრებლის მკვლევარი). მას ვთხოვე, იქნებ იცნობდა ვინმეს, ვისაც ამ საქმეში დახმარება შეეძლო. იმხანად, პარალელურად მიმდინარეობდა სოფელ ამღის აღდგენითი, აზომვითი სამუშაოები, პროექტს სახელმწიფო ახორციელებდა. პროექტის მიხედვით, ამღა უნდა გამხდარიყო სოფელი-მუზეუმი, მუცოს მსგავსი სტატუსი უნდა ჰქონოდა. ნანა მეფარიშვილმა დაურეკა ადამიანებს, რომლებიც ამღის პროექტში იყვნენ ჩართულნი (ამღასა და ახიელს შორის მანძილი მაქსიმუმ 2 კმ-ია), თხოვა მათ, რომ ახიელში მდებარე ცისკარაულების კოშკის აზომვითი სამუშაო ჩაეტარებინათ. ეს კოშკი (ძველი სახელწოდება – ,,ხარათ თათიათ ციხე”) ცისკარაულების წინაპრის - აბა ჯურჯიაულის აშენებულია. მოხდა ისე, რომ ამ ადამიანებმა აზომვითი სამუშაოები დაიწყეს (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი მაშინ ნიკოლოზ ანთიძე იყო). ამასობაში შემეხმაიანა ამღის პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორი გუგა სუთიძე და მითხრა, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციას სურს დაიწყოს ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი და შენთან შეხვედრა უნდათო. დამირეკა მარინე მიზანდარმა (კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად - საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელი) და შემომთავაზა ჩავრთულიყავი პროექტში, რაც ზუსტად იმავეს გულისხმობდა, რასაც ვცდილობდი. ძალიან მნიშვნელოვანი დამთხვევა და მოულოდნელობა იყო გრანტის მოპოვებაც – ორგანიზაცია ALIPH Foundation-ს იმ კონკრეტულ დროს გამოცხადებული ჰქონდა გრანტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენაზე, რომელიც ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენას ითვალისწინებდა. ამ პროექტში ქართველებთან ერთად მოხალისეების დონეზე უშუალოდ ჩართულები არიან ინგლისელები და ფრანგები. საფრანგეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არის ძალზე საინტერესო ორგანიზაცია ,,რამპარი”, რომელიც აქ აგზავნის მოხალისეებს, გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ყოველდღიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც ერთვებიან. მთავარი დამფინანსებელი არის ფრანგულ-შვეიცარიული ორგანიზაცია ALIPH Foundation. პარალელურად მოხდა ისე, რომ ამ პროექტით პოლონელ არქეოლოგთა ჯგუფი დაინტერესდა, გრანტები მოიპოვეს და საქართველოს ერონულ ფონდთან პარტნიორობით ჩამოვიდნენ არხოტში (შარშანაც, წელსაც). გაასუფთავეს ძველი, ისტორიული სახლების, კოშკების ტერიტორია, გააკეთეს დასახლების რუკა და 3D ფოტოგრამეტრია, იმუშავეს დრონით, მეტი დეტალიზაციისთვის და საერთო სურათის აღსაქმელად... ჯგუფის გადაწყვეტილებით გაკეთდება ლაბორატორიული ანალიზები და დაზუსტებით გვეცოდინება რამდენი საუკუნისაა არხოტის ხეობის კულტურული მემკვიდრეობა - უფრო ზუსტად, სოფელ ახიელში ცისკარაულების კოშკი, ჯაბუშანურების ციხე-ქვიტკირი (მცირე ზომის კოშკი) და მასთან ახლოს მდებარე ოჩიაურების სახლი. გეგმავენ ინგლისურ ენაზე გამოსცენ სტატიები, რასაც საფუძვლად დაედება არხოტში ჩატარებული კვლევები და ფოტოარქივი. კარგი სამუშაო ფაილი გამოვიდა, რის მიხედვითაც სახელმწიფოს, ინდივიდებს, ყველას შეუძლია აღადგინოს ახიელი და თავდაპირველი, ავთენტური სახით შეინარჩუნოს ძველი სოფელი. ადგლობრივებს ვესაუბრებით, რომ სოფელი არ უნდა დამახინჯდეს, უნდა შენარჩუნდეს ძველი იერსახით და თუ ვინმე მოინდომებს დასახლებას, სახლის აშენებას, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გააკეთოს ბანიანი სახლი სიპი ქვით ნაშენი.
კოშკი არის თავდაცვითი ნაგებობა და როგორც კი მტერი შემოვიდოდა, ყველანი მას აფარებდა თავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახიელის მსგავსად, არხოტის მთელ ხეობაში იყო კოშკები - კვირიწმინდაში, ამღაში, ჭიმღაში, ქავისკარში, კალოთანაში... ანუ ყველა სოფელს ჰქონდა სათავდაცვო ნაგებობა. ამ ეტაპზე მათგან შემორჩენილია მხოლოდ ახიელის და დაზიანებული ჭიმღის კოშკი და აღდგენა სჭირდება. ჭიმღის კოშკი მართლაც უნიკალურია, უბრალოდ, იქ გზა არ მიდის და სოფლის ერთადერთი მკვიდრი - გიგლა ოჩიაური წლებია, გზისთვის იბრძვის. ჭიმღა სასაზღვრო სოფელია (ახიელიდან ჭიმღამდე 3, ხოლო საქართველო-ინგუშეთის საზღვრამდე 4 კილომეტრია), შესაბამისად, იქ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. არხოტის ხეობაში გზა მხოლოდ ახიელსა და ამღაში მიდის, ჭიმღაში - აღარ. გზით უზრუნველყოფის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, ეს უნიკალური კოშკიც აღდგეს. დარწმუნებული ვარ ადგილობრივი გვარები ერთად იზრუნებენ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-გადარჩენაზე. ფრანგებმა ნახეს ჭიმღის კოშკიც და მის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნეს, რომ ძეგლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს.
XVI-XVII საუკუნის 19 მეტრიანი ცისკარაულების კოშკი ძალზე შთამბეჭდავი და დიდი ისტორიის მატარებელია. ადგილობრივები იხსენებენ 2001 წლის ნოემბერის ღამეს, როცა კოშკი (,,ხარათ თათიათ ციხე”) რუსებმა დაბომბეს. მომდევნო დღეს სოფელში ეუთოს მისია უნდა შესულიყო და წინ დღით არხოტის ხეობის თავზე 2 - 3 რუსული ვერტმფრენი დაფრინავდა, საიდანაც კოშკს რამდენიმე ჭურვი ესროლეს (სახლებისთვის არ უსვრიათ)...

პროექტი - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია ხევსურეთში 2021 წელს დაიწყო. ჩამოსულები იყვნენ ფრანგები, ,,რამპარის” პრეზიდენტი მარი-ჟორჯ ფაჟელ-ბღუსი სამუშაო ჯგუფთან და მოხალისეებთან ერთად. 2022 წელს წყალდიდობის გამო ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეული ბარისახო პარალიზებული იყო, შესაბამისად, არხოტშიც ვერ ავედით, სამშენებლო მასალაც ვერ ავიტანეთ, ვერც ადამიანური რესურსი გადავიყვანეთ, ამიტომ პროექტი 2023-ში გადავიტანეთ და ჩვენი კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს 4 ივლისს დაიწყო, 25 აგვისტოს კი ჩანიშნულია პროექტის დასრულება. დაგეგმილია კოშკის განათება, საინფორმაციო დაფის დამონტაჟება. კოშკი ხუთსართულიანია და სართულებს შორის ხის მასალით გადახურვაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რესტავრატორები სამუშაოებს ასრულებენ კირით და არა რკინა-ბეტონით. პროექტის სამუშაო გუნდი დაკომპლექტებულია ქართველი პროფესიონალი რესტავრატორებითა და არქიტექტორებით.
საკმაოდ დიდხანს ვეძებეთ ადამიანი, რომელიც ქვის წყობაში დაგვეხმარებოდა. აღმოვაჩინეთ ვასიკო ნაყეური ფშავიდან, რომელიც კარგად ფლობს ტექნიკას (აღმოსავლეთი მთის სალოცავები იქნება, თუ საცხოვრებელი ნაგებობები).

უცხოელები - ფრანგები, ცდილობენ მოგვცენ განვითარების შესაძლებლობა. ორჯერ ვიყავი ჩასული საფრანგეთში (ისევე როგორც ჩემი კოლეგები), თეორიული და პრატქიკული სამუშაოების სწავლებაზე. უშუალოდ ვნახე, როგორ მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენაზე. იქიდან დაბრუნებულმა უკვე კარგად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ შემექმნა მოხალისეთა ჯგუფი (2021 წელს ნაკადში 6 ფრანგი და 6 ქართველი იყო), როგორ უნდა მემართა პროცესი... გვაქვს დიდი მხარდაჭერა, სამუშაო შეხვედრები, ონლაინ ჩართვები... ევროპელები ცდილობენ დაგვეხმარონ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია...
არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ეროვნული ფონდი 2016 წელს დაფუძნდა. იგი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფონდის საერთაშორისო ფილიალთან, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (Iნტერნატიონალ Nატიონალ თრუსტს Oრგანისატიონ, INთO) თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა, წარმატებული ბრიტანული მოდელის მიხედვით.
ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთს, საქართველოს გააჩნია მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნება და სწორად განვითარება აუცილებელი პირობაა მისი პოტენციალის გამოყენებისთვის, იქნება ეს კულტურული ტურიზმის განვითარება თუ სხვა ბიზნესის ხელშეწყობა.
საქართველოს ეროვნული ფონდი მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის საზღვრისპირა სოფლებში კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც უჩენს მოტივაციას, ეხმარება სხვაგავარად დაიწყოს ფიქრი და ზრუნვა. კულტურული მემკვიდრეობის დამცველი მოხალისე სსრკ-ს მერე, რეალურად, აღარ არსებობდა, საქართველოს ეროვნული ფონდის ამ პროექტის პირობებში ეს პირველი პრეცედენტია. ქართველი მოხალისეები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტეები არიან, აღდგენით სამუშაოებში ერთვებიან არქიტექტორები, მედიკები, რესტავრატორები, ბევრი ადამიანი გამოთქვამს ჩართვის სურვილს. მათთვის მოხალისეობა, თავიანთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ძალიან საამაყოა. მადლიერები არიან მნიშვნელოვან საქმეში თითო აგურის დადების საშუალება რომ მიეცათ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური ამბავია...