გადამწყვეტ კონტრიერიშზე გადასვლა „ქალაქების სარაკეტო ომის“ ფონზე - კვირის პალიტრა

გადამწყვეტ კონტრიერიშზე გადასვლა „ქალაქების სარაკეტო ომის“ ფონზე

ბოლო დღეებია საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის არმიის მთავარ კონტრშეტევაზე გადასვლის ნიშნებზე ლაპარაკობენ. უკრაინამ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეებზე კონტრიერიშები ჯერ კიდევ 4-5 ივნისს წამოიწყო, მაგრამ ამ შეტევებს ბევრი ისეთი რამ აკლდა, მათ შორის ძლიერი საარტილერიო-საცეცხლე მომზადებაც, რომ ისინი მთავარ კონტრიერიშად აღქმულიყო. შესაბამისად, განვლილი ორი თვის განმავლობაში ამ მცირე მასშტაბის შეტევებმა ნაყოფი ვერ გამოიღო და გააწბილა ისინი, ვინც უკრაინის დეოკუპაციას მოუთმენლად მოელიან.

მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის არმიამ გაძლიერებული შეტევები წამოიწყო ორეხოვოს, ბახმუტისა და განსაკუთრებით კი დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრების შესაყართან. უკრაინელები დღეს სწორედ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრების შესაყართან რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდის გარღვევასა და სოფელ სტარომაიორსკოეს გათავისუფლებას ზეიმობენ.თითქოს ერთი სოფლის დაბრუნება დიდი არაფერია, მაგრამ აქედან იხსნება გზა სამხრეთისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროსკენ, თუმცა ოკუპირებულ ბერდიანსკამდე პირდაპირი ხაზით კიდევ 108 კმ-ია ბრძოლით გასავლელი.

ანალოგიური სიტუაცია იქმნება ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე, სოფელ კლეშჩევკასთან, რომლის სიახლოვეს სიმაღლეების საბოლოო გაკონტროლების შემდეგ უკრაინის არმიას ეძლევა შესაძლებლობა ოკუპირებულ ბახმუტს სამხრეთიდან შემოერტყას.

მაგრამ, მთავარი ბრძოლები, ეტყობა, მაინც ფრონტის ორეხოვოს უბანზე, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთი მიმართულებით იქნება. უკრაინელებს 80 კმ-ზე მეტი აქვთ დარჩენილი, რომ ორეხოვოდან მელიტოპოლამდე ბრძოლით ჩააღწიონ და გადაჭრან რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე გამავალი სახმელეთო დერეფანი, თუმცა მანამდე, შუაგზაზე, ტოკმაკის გათავისუფლება მოუწევთ, სადაც რუს ოკუპანტებს კიდევ ერთი თავდაცვითი ზღუდე აქვთ.

უკრაინის წინაშე ძალზე რთული ამოცანა დგას, წელს როგორმე უნდა მოახერხოს აზოვის ზღვის ნაპირამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც ძალზე გაძნელდება ნოემბრისკენ, როდესაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში საშემოდგომო წვიმის სეზონი დაიწყება და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილება ატალახებულ გრუნტზე ძალზე გართულდება. გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ დაინახა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, თავად წამოიწყო ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ, კრემენოე-კუპიანსკის მონაკვეთზე კონტრშეტევა და მოახერხა მდინარე ჟერებეცის ფორსირება და მის მარცხენა სანაპიროზე გამაგრება.

რითი ემუქრება ეს უკრაინის კონტრშეტევას სამხრეთ მიმართულებაზე?

თუკი უკრაინის არმია მთელ თავის ძალებს (მათ შორის რეზერვში დარჩენილ არანაკლებ კიდევ ცხრა ბრიგადას) გადაისვრის სამხრეთ მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების ძლიერი თავდაცვითი ზღუდის გასარღვევად, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ რუსეთის გენშტაბმა დაიწყოს შეტევა კრემენოე-კუპინსკიდან დასავლეთით, ხარკოვის მიმართულებით, დამატებით კი რუსეთის ბელგოროდიდან კვლავ წამოიწყოს შეტევა სამხრეთით, ხარკოვისკენ. ასეთ შემთხვევაში უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება მოხსნას სამხრეთი ფრონტიდან ბრიგადები და სასწრაფოდ გადაისროლოს ჩრდილოეთში ხარკოვის თავდაცვის გასამაგრებლად.

მოკლედ, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია ძალზე ბუნდოვანია, რომლის გასარკვევად მხოლოდ ტანკები თუ ჰაუბიცები არ კმარა. აქ წინა პლანზე მოქმედების ტაქტიკა გამოდის, როდესაც ვა-ბანკზე წასვლამ და უკრაინის მთელი სამხედრო რესურსის თავმოყრამ ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე შეიძლება მართლაც ჩამოშალოს რუსი ოკუპანტების კარგად გამაგრებული თავდაცვის ზღუდეები და ოკუპანტები პანიკით ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული მარიუპოლისკენ გააქციოს, ან, პირიქით, ამით ისარგებლოს კრემლმა და ხარკოვის დაპყრობა სცადოს მაშინ, როდესაც უკრაინის არმიის მთელი ძალები სამხრეთით დიდ კონტრშეტევაზე იქნებიან გადასული.

სანამ ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, მის ზურგში, უკრაინულ ქალაქებში, კვლავ ფეთქდება რუსული ბალისტიკური "ისკანდერები" და ფრთოსანი "კალიბრები". უკრაინის არმიას არ ჰყოფნის საზენიტო-სარაკეტო საშუალებები, რათა ყველა ქალაქს გადააფაროს საჰაერო თავდაცვის საიმედო "ქოლგა", რადგან საზენიტო რაკეტების შეზღუდული რაოდენობა განკუთვნილია ძირითადად დედაქალაქ კიევის სტრატეგიული ობიექტების დასაცავად, ასევე ფრონტის ხაზზე უკრაინული პოზიციების დაბომბვების აღსაკვეთად.

შესაბამისად, ჯერ არ არსებობს ისეთი კარდინალური გამოსავალი, რაც უკრაინული ქალაქების მოსახლეობას სრული უსაფრთხოების გარანტიას მისცემს რუსული დაბომბვებისგან, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების დროულად გადაცემა უკრაინის არმიისთვის, დიდად შეამცირებდა რუსული საჰაერო თავდასხმების საშიშროებას.

თავის მხრივ, უკრაინელებიც ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ რუს ოკუპანტებს და რუსეთის ქალაქების მოსახლეობას დროდადრო შეახსენებენ, რომ ომი მათმა ქვეყანამ წამოიწყო და მათაც უნდა იწვნიონ ამ ომის მთელი "სიტკბო". რუსეთის ქალაქი ტაგანროგი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ის უკრაინის ფრონტის ხაზიდან 150 კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ უკრაინული ქალაქების სისტემატური დაბომბვების შურისძიებისთვის ამ რუსულ ქალაქამდე უკრაინელებმა მაინც მოახერხეს თავიანთი რაკეტის მიღწევა.

უკრაინის გენშტაბს მუდმივად აქვს "გრძელი ხელკეტის" პრობლემა ანუ მის ხელთ არსებული შეიარაღების ტიპები ვერ სწვდება რუსი ოკუპანტების მიერ ფრონტის ხაზიდან 200-300 კმ სიღრმეში გადატანილ მართვის პუნქტებსა და იარაღის საწყობებს.

ამერიკელები ჯერ კიდევ ჭოჭმანობენ უკრაინელებისთვის 300 კმ-ზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე, რამაც, დიდი ალბათობით, აიძულა უკრაინელი სამხედროები გამოენახათ გამოსავალი და ეტყობა, მიაგნეს კიდეც საწყობებში დამტვერილი C-200-ის საზენიტო რაკეტების სახით. ეს საზენიტო კომპლექსები უკრაინის შეიარაღებაში 2013 წლამდე იყო, რის შემდეგაც საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნეს და დაასაწყობეს, ამიტომაც უკრაინის არმიის არსენალში დღეს, ალბათ, კიდევ არის არანაკლებ 50 ცალი C-200-ის საზენიტო რაკეტა. უკრაინელმა სამხედროებმა და ინჟინრებმა ოსტატობა გამოიჩინეს და მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე საბჭოური C-200 ტიპის საზენიტო რაკეტა ბალისტიკურად გადააკეთეს.

წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, რაკეტის გაშვებას მოწინააღმდეგე ქვეყნის ქალაქისკენ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ აქ წინა პლანზე გამოდის შურისძიებისა და პროპაგანდისტული მომენტი - როდესაც რუსეთი გამუდმებით გვიბომბავს ქალაქებს, უკრაინასაც აქვს სრული უფლება საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიაყენოს რუსეთის ქალაქებსაცო.