„რუს დეზერტირთა დესანტს“ ლარსიდან საქართველოში გამოსაქცევი გზა თავად პუტინმა გადაუკეტა - კვირის პალიტრა

„რუს დეზერტირთა დესანტს“ ლარსიდან საქართველოში გამოსაქცევი გზა თავად პუტინმა გადაუკეტა

2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციამ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა 300 ათასი სამხედროვალდებულის მოქმედ არმიაში გასაწვევად, რასაც რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის პანიკა მოჰყვა და ისინი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზღვრებს მიაწყდნენ თავის საშველად, რათა უკრაინის ფრონტზე არ აღმოჩენილიყვნენ.

მხოლოდ ზემო ლარსიდან მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, უფრო მეტმა თავი ყაზახეთსა და სომხეთს შეაფარა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაინც შეძლო 300 ათასი ან უფრო მეტი სამხედროვალდებულის მობილიზება და ერთ-ორთვიანი გადამზადების შემდეგ უკრაინის ფრონტზე გაგზავნა. მობილიზებულთა დიდი ნაწილი ამ ომში მართალია "საზარბაზნე ხორცად" გადაიქცა, მაგრამ კრემლმა მიზანს მაინც მიაღწია და სანგრებში ცოცხალი ძალის დიდი დეფიციტი შეავსო.

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში შედის და ის უფრო სისხლისმღვრელი ხდება, შესაბამისად, იზრდება ცოცხალი ძალის დანაკარგიც, რის გამოც ორივე მებრძოლი მხარე ახალ დიდ მობილიზაციას გეგმავს.

ყაზახეთში, სომხეთსა და განსაკუთრებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების "ანტიპატრიოტიზმმა", მასობრივმა გაქცევამ პუტინი გააცოფა და მისი ბრძანებით გასაიდუმლოებულად დაიწყო ახალი სამობილიზაციო კანონის მომზადება, რომელიც ა.წ.-ის აპრილის დამდეგს რუსეთის დუმამ დაჩქარებულად განიხილა და პუტინმაც სასწრაფოდ მოაწერა ხელი ახალ კანონს, რომელიც სამხედროვალდებულების მქონე რუსეთის მოქალაქეების ერთიან რეესტრს, მათთვის ელექტრონული უწყებების გაგზავნას, ხოლო თავის ამრიდებლებისთვის კი ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას ითვალისწინებს. ახალი კანონის თანახმად, სამხედროვალდებულების მქონე რუსეთის მოქალაქეს სამობილიზაციო უწყება შეიძლება პირადად არც ჩაჰბარდეს, ის მის ელექტრონულ ფოსტაზე იქნება გაგზავნილი და სახელმწიფოს აღარ აინტერესებს, წაიკითხავს თუ არა მას ადრესატი - ელექტრონული უწყების გაგზავნიდან შვიდი დღის შემდეგ უწყება "ჩაბარებულად" ჩაითვლება. ამის შემდეგ სამხედროვალდებულს ეკრძალება რუსეთის საზღვრების დატოვება.

თუკი ელექტრონული უწყების გაგზავნიდან 20 დღე-ღამის განმავლობაში სამხედროვალდებული მოქალაქე არ გამოცხადდა სამობილიზაციო პუნქტში, ის მობილიზაციისგან თავის ამრიდებლად ჩაითვლება და აეკრძალება ავტომობილის მართვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ბანკში კრედიტების აღება, ინდივიდუალურ მეწარმედ და თვითდასაქმებულად დარეგისტრირება... თუკი სამხედროვალდებული რუსეთის მოქალაქე გააგრძელებს მობილიზაციისგან თავის შემდგომ არიდებას, მას უკვე თავისუფლების აღკვეთაც დაემუქრება...

სწორედ ეს შვიდი დღე-ღამე, რაც ელექტრონული უწყების ჩაბარების ვადად ითვლებოდა (მიუხედავად იმისა, გაეცნობოდა თუ არა ადრესატი), აღმოჩნდა ის საკანონმდებლო "ხვრელი", რითაც შეიძლება ესარგებლათ რუსეთის მოქალაქე სამხედროვალდებულებს და ისევ ჯგროდ მოსწყდომოდნენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს საქართველოში გადმოსასვლელად, რათა თავი აერიდებინათ უკრაინის ფრონტზე დასახიჩრების ან სულაც დაღუპვისთვის. და, აი, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის მითითებით კანონში შეაქვთ შესწორება, რაც რუსეთის მოქალაქეებს ამ საკანონმდებლო "ხვრელსაც" უხურავს - ამიერიდან სამობილიზაციო ელექტრონული უწყება მოქალაქისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ წამიდან, როგორც კი ის განთავსდება რეესტრში და შესაბამისად, იმ წამიდანვე ავტომატურად "გაწითლდება" ამ მოქალაქის პირადი მონაცემები რუსეთის ფედერაციის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რაც გამორიცხავს მათ მიერ სახელმწიფო საზღვრის ოფიციალურად გადალახვის შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოში აღარ უნდა ვუფრთხოდეთ "რუსი დეზერტირების" ახალი დესანტის შემოსევას ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, რადგან თავის მოქალაქეებს თავად მათივე პრეზიდენტმა საიმედოდ ჩაუკეტა.