„არაჩვეულებრივი გამოფენა“ - ანუ მე ამ ქვისგან გავაკეთებ...
სანამ მერაბ ფირანიშვილის შესახებ საქართველოში გავიგებდით, მანამდე ყაზბეგელი მოქანდაკის ამბავი მსოფლიოში გახდა ცნობილი: ყველა უცხოელი სტუმარი მის სკულპტურებს ფოტოებს უღებდა და მათზე მსოფლიოს უყვებოდა. საუკუნეები გავა და ეს უნიკალური ხელოვნება დროსთან მებრძოლი იაკობივით დარჩება... მათი ავტორი დიდი ხელოვანის, მერაბ ბერძენიშვილის მოწაფე იყო. ამბობს, ბედმა გამიღიმა, როცა ქალაქში ჩასული ბიჭი მერაბ ბერძენიშვილის მეზობლად შემთხვევით აღმოვჩნდიო.
- დიდი დრო გავიდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ: რომ არა მერაბ ბერძენიშვილი, დიდი ადამიანი და ხელოვანი, ვინ იცის, სად აღმოვჩნდებოდი. თუკი ნიჭს ვერ დაინახავდა, არაერთ მშობელსა და ბავშვს ისტუმრებდა უარით, მე კი მასთან მარტო მივედი და მოწაფედ მთელი სტუდენტობა დავრჩი. ხატვა მიყვარდა, მაგრამ მირჩია, ქანდაკებაზე იმუშავეო, თანაც მხოლოდ ქანდაკებას კი არ მასწავლიდა, ადამიანობის გაკვეთილებსაც მიტარებდა. მეუბნებოდა, თუ კარგ ქანდაკებას ვერ გააკეთებ, არ არის უბედურება; უბედურებაა ის, როდესაც ადამიანად ვერ დადგები, მაშინ ვერც კარგ ქანდაკებას გააკეთებო. მართლაც, მხოლოდ ქანდაკებაში კი არა, ნებისმიერ ხელოვნებაში ამოიკითხავ, რა სულის ადამიანია მისი ავტორი. მეოთხე კურსზე მითხრა ბატონმა მერაბმა, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთო. ვერა-მეთქი, და თვალები გაუფართოვდა, რატომო? იმიტომ, რომ მთაში გრანიტის მადანი გვაქვს და ის უნდა ვაქციო ადამიანებად, დიდი ქართველობა უნდა გამოვაქანდაკო-მეთქი. ამის თქმაზე უფრო გაოცდა, არ მოველოდი, კარგი რამ მოგიფიქრებიაო. მე ეს დარიალის ხეობაში ხეტიალის დროს მოვიფიქრე, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა სტილით მემუშავა. ბუმბერაზი ხელოვანი კი მყავდა მასწავლებლად, მაგრამ არ მინდოდა მისთვის მიმებაძა. ჰოდა, ერთხელაც დარიალის ხეობის გრანდიოზული ქვებიდან რომელიღაცაში ქანდაკების პერსონაჟი დავინახე, კონკრეტული ადამიანი, და მივხვდი, ვინ უნდა გამომექანდაკებინა. სატვირთო და ამწე მივაყენე იმ ადგილს, ქვა ავწიეთ და სნოში ჩამოვიტანე. ამის შემდეგE ასე ვეზიდები ხეობიდან 10-15-ტონიან გრანიტს სნოში, სადაც "საგამოფენო" ადგილი მაქვს, მაგრამ არც ერთი ქვა ისე არ მომაქვს, თუ მასში კონკრეტული პერსონაჟი ვერ შევიცანი. ქანდაკებაში ყველაზე ძნელი გამოსაკვეთი თვალებია, თვალებს რომ გამოკვეთ, იმას რომ დაამსგავსებ, როგორიც ადამიანს სიცოცხლეში ჰქონდა, ჩათვალე, გამოგივიდა.
- სასწაულია, ვერ წამომიდგენია, ქვის 15-ტონიან ლოდში კონკრეტული ადამიანი როგორ უნდა შეიცნო? ალბათ, მსოფლიოშიც თქვენ გარდა არავინ მუშაობს ასეთ ქანდაკებებზე, ეს ხომ ურთულესი საქმეა.
- არა მგონია, გრანიტის 2-3-მეტრიან ქანდაკებებზე ვინმე მუშაობდეს, რადგან არ არის იოლი საქმე, თანაც ადრე თუ ქვას ხელით ვთლიდი, მერე უკრაინიდან სპეციალური აპარატი ჩამოვიტანე, რომელიც +3000 ცელსიუს ტემპერატურაზე მუშაობს და საშიშიც არის, მუშაობისას ბევრჯერ გადავურჩი ხიფათს. ამ საქმეში უფალი მმფარველობს. მისი შეწევნით მართლაც სასწაულებს გადავეყრები ხოლმე. ერთხელ, როდესაც ქვის საპოვნელად ხეობაში დავხეტიალებდი, თითქოს რაღაც ძალამ მითხრა, აბა, მაღლა აიხედო! ავიხედე და ცაში წმინდა გიორგი დავინახე! მისი გამოსახულება თეთრ ღრუბლებს იმდენად ცხადად გამოეკვეთათ, გამოცხადებას ჰგავდა. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ცას, მით მეტად ვგრძნობდი, მის ძალას. ამ სურათმა იმდენად იმოქმედა, რომ თავბრუსხვევა დამეწყო და შინ წამოვედი. გზაში ერთი კარგი ქართველი კაცი შემხვდა, შემატყო, ცუდად რომ ვიყავი და რა დაგემართაო, მკითხა. რომ მოვუყევი, მითხრა, გამოცხადება გქონია, ეგ განიშნებს, რომ წმინდა გიორგი უნდა გამოაქანდაკოო. მერედა, მაგ ქვის პოვნა განა ადვილია-მეთქი. ის კი დაფიქრდა და უცებ მითხრა, წამო, მე გაპოვნინებ მაგ ქვას, ვიცი, სადაც არისო. ჰოდა, ვლადიკავკაზისკენ წამიყვანა და ხეობაში ის ორი ქვა მომაძებნინა, რომლებითაც წმინდა გიორგი გამოვაქანდაკე. გასაკვირი ისიც იყო, რომ თითქოს წამსვე გაჩნდა ტექნიკაც მათ ჩამოსატანად, რაზეც სხვა დროს თვეობით ვიხვეწები, მათხოვეთ-მეთქი. 2-3-მეტრიანი ქანდაკებების ქვებს ვერც ამწის გარეშე დაძრავ და ვერც დიდი სატვირთოს გარეშე, ყაზბეგში კი მხოლოდ ერთი ამწეა და ისიც სულ დაკავებულია, ან არემონტებენ. ვერც სატვირთოს ვშოულობ იოლად. თანაც, მე ხომ ყველაფერს ჩემი სურვილით ვაკეთებ. ქანდაკებები არავის დაუკვეთია და ხარჯიც მე უნდა გავისტუმრო.
- მე რომ სახელმწიფო ვიყო, თქვენთვის ყველა სახსარს გავიღებდი, თქვენი ხელოვნება ხომ საქართველოს დარჩება. ალბათ, გიჭირთ ფინანსურად, რადგან დამკვეთიც არ გყავთ.
- დამკვეთი მხოლოდ ჩემი თავი და უფალია. ფინანსურად კი მართლაც მიჭირს, მაგრამ მაინც რწმენაა მთავარი, რომ ყველაფერს გავუმკლავდები. თუ ღმერთს საკუთარ თავში იპოვი, ყველაფერს შეძლებ. ამას წინათ მთავრობამ მთის რომელიღაც პროგრამაზე დამპატიჟა დასაჯილდოებლად. ჯერ ვიფიქრე, არ წავალ, დროს არ დავკარგავ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, არ მინდა ბუტიაობად ჩამითვალონ-მეთქი. მოკლედ, წავედი, მაგრამ როდესაც ჯილდოს გადაცემის შემდეგ სიტყვა მთხოვეს, აღარ ვთქვი. იმიტომ, რომ მე კი არა, საზოგადოდ, ადამიანს მარტო ტოვებ, ამიტომ მისთვის ჯილდოს ჩალის ფასი აქვს. კიდევ კარგი, თავად ვალი არავისი მაქვს, გარდა ჩემი ქვეყნისა, რომლისთვისაც ვშრომობ. მხოლოდ იმის დარდი მაქვს, რომ დრო გადის და რისი გაკეთებაც კიდევ მაქვს ჩაფიქრებული, ვაითუ ვეღარ მოვასწრო.
- არადა, როგორც ვიცი, უცხოეთში სამუშაოდ მიგიწვიეს, მაგრამ არ წახვედით.
- მე რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ჩემი თავი და უფალი მავალებს, იქ კი სხვა დამავალებდა და მე მე აღარ ვიქნებოდი...
ჩვენში თითქოს იმას ელოდებიან, ხელოვანი როდის მოკვდება, რომ მერე დააფასონ. რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება, კარგად რომ ჩაუფიქრდე, თმა ყალყზე უნდა დაგიდგეს: ვინც კი ქვეყნის სასიკეთოდ რაიმე მოინდომა, მერაბ კოსტავათი დაწყებული, ყველას ბოლო მოვუღეთ. ბოლო დროს უკვე გარდაცვლილებსაც დავუწყეთ ლანძღვა-გინება, იმ ხალხს, ვინც ქვეყნის სიყვარულის მაგალითი იყო. ერეკლე მეფეს რომ ქართველი კაცი გალანძღავს, იქ ძალიან ბნელადაა საქმე - კაცი სიბერეშიც ცხენზე იჯდა და ხმალს იქნევდა მტრების მოსაგერიებლად. კიდევ კარგი, ეს ამბებიც ადვილი ასახსნელია ჩვენივე წარსულით - რაც ქართველებში მოღალატე გვყოლია, აბა, ის გენი სადღა წავიდოდა?! დადგა ამ გენის ჯეჯილობის დრო და მანაც იჯეჯილა... მაგრამ ოდესღაც ჩვენი ცუდი ამბებიც დასრულდება და სიკეთის დროც დადგება. მთავარია, გავუძლოთ, გაძლების მაგალითი კი თავად ქრისტემ მოგვცა, იმხელა ტანჯვა-წამება რომ გადაიტანა, მხოლოდ მას შემდეგ დადგა მისი აღდგომა. ერთი რამ ნამდვილად ვიცი - რომ არა ღვთის მფარველობა ჩვენზე, ღალატი იმ დონემდე გვყავს აყვანილი, ვერაფერი გადაგვარჩენდა. სიკეთის გაღებაც შეგვიძლია ქართველებს, ეგებ ამიტომაც გვმფარველობს უფალი. თორემ ჩვენი ისტორია რომ გაიგო ცნობილმა კავკასიოლოგმა, დავით ლანგმაც კი თქვა, რაც საქართველოს ისტორია ვისწავლე, მას შემდეგ ვიწამე ღმერთის არსებობა. რაც ამ ქვეყანამ გადაიტანა, მსგავს პირობებში ყველა ქვეყანა გაქრა და მხოლოდ საქართველო გადარჩა. ეს ვერაფრით მოხდებოდა, ამ ქვეყანას ღვთის მფარველობა რომ არა ჰქონოდაო. ვფიქრობ, მფარველობა კვლავაც გვექნება, მიუხედავად, იმისა, რომ ღვთის შიში დავკარგეთ, რითაც ყველაფრის შიში დაიკარგა - აღარც იმის გვეშინია, რომ სამშობლოს და თანამოძმის ღალატზე ვაგებთ პასუხს. ზოგიერთ საბრალოს იმის მოჩვენებები დაეწყო, რომ თავად არის ყოვლისშემძლე და ღმერთი მერეა. ჩემი აზრით, შიშის დაბრუნება აუცილებელია მომავალში გადასასვლელად. დავით აღმაშენებელმა უმკაცრესი რეფორმები რომ გაატარა, ღალატის გამო შიში რომ დანერგა, იმიტომაც აქცია საქართველო ევროპის ფარად. მე იმ შიშზე როდი ვლაპარაკობ, ადამიანი რომ კონკრეტული ფაქტის წინაშე კანკალებს. კაცს თუნდაც სამშობლოს ღალატის უნდა ეშინოდეს, უნდა იცოდეს, რომ ამისთვის დაისჯება. ეს იცოდა იმ ხალხმა, ვინც გამომიქანდაკებია: თევდორე ბერმა, ვაჟა-ფშაველამ, ალექსანდრე ყაზბეგმა და სხვებმა,… იმიტომაც იქცნენ ბუმბერაზებად. სხვათა შორის, ქრისტეც გამოვაქანდაკე კვარცში... ჩემს სულს აძლიერებს, რომ ეს შევძელი - კვარცი ხომ იგივე მინაა და მისი გამოთლა ბზარების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმიტომაც არ არსებობს მთელ მსოფლიოში კვარცის ქანდაკებები, მით უფრო 3-მეტრიანი. მე კი, ალბათ, იმიტომაც გამომივიდა, რომ მე და ბუნება ერთად ვმუშაობთ. ქრისტეს ქანდაკებასთან დაკავშირებით მართლაც სასწაული მოხდა, - ქვას შიგნით ჟანგის შემცველი მინერალები ჰქონდა, რომლებმაც მერე სისხლივით გამოჟონა და ქანდაკებას რაღაცნაირი ძალა მისცა. ერთხელ უცხოელი ხანში შესული ქალი მოვიდა მის სანახავად. ვიღაცას უჩვენებია ჩემი ქანდაკებები და საგანგებოდ ჩამოვიდა. ქრისტეს ქანდაკება რომ დაინახა, დაიჩოქა და ცრემლით ილოცა. განა ესეც სასწაული არ არის, ამას რომ შესცქერი?!