"მისი შხამიანობიდან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს, ნუ მიეკარებით, დატკბით მისი სილამაზით შორიდან" - რა ვიცით საქართველოში გავრცელებულ საშიშ მცენარეზე? - კვირის პალიტრა

"მისი შხამიანობიდან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს, ნუ მიეკარებით, დატკბით მისი სილამაზით შორიდან" - რა ვიცით საქართველოში გავრცელებულ საშიშ მცენარეზე?

"ოლეანდრა იმდენად ძლიერი შხამიანი მცენარეა, რომ ცნობილია მისი წვისას გამოყოფილი კვამლით მოწამვლის მძიმე შემთხვევებიც კი. არ არის რეკომენდებული იმ შენობებში კულტურის გამოზრდა, სადაც ბავშვები იმყოფებიან. თვითმკურნალობა აკრძალულია! მისი შხამიანობიდან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს, ნუ მიეკარებით მას, დატკბით მისი სილამაზით შორიდან", - ამბობს როზა ბიძინაშვილი საქართველოში გავრცელებული - ოლეანდრის შესახებ...

როზა ბიძინაშვილი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ათეული წლებია, მუშაობს, არის ბიოლოგიის დოქტორი, სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელი, ბაღში არსებული სამკურნალო მცენარეების საკოლექციო ნაკვეთის კურატორი, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველოს ფლორის, ასევე, სხვა ფლორისტული ოლქების სამკურნალო მცენარეები, რომელთა სახეობრივი შემადგენლობა 550-ს აღემატება. მათ შორისაა კავკასიის და საქართველოს ენდემები, რელიქტური სახეობები, საქართველოს წითელი წიგნის ობიექტები, რომლებიც სათანადო დაცვას მოითხოვს.

ბიძინაშვილი ავტორია 130-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორისაა 25-მდე მონოგრაფია და პოპულარულ-შემეცნებით ცნობარები სამკურნალო მცენარეებზე. მისი კვლევის ობიექტებს ერთლებნიანი სამკურნალო მცენარეები წარმოადგენენ, რომელთა კვლევის შედეგები ასახულია მონოგრაფიებში; მისივე ხელმძღვანელობით შესწავლილია თბილისის მიდამოების, გარდაბნის რაიონის, საგურამოს ქედის სამკურნალო ფლორა, რაც ასახულია მის მონოგრაფიულ შრომებში; შემეცნებითი ცნობარებიდან ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული წიგნები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

წიგნში „შხამიანი მცენარეების როლი ფიტოთერაპიაში“ ავტორის მიერ განხილულია 100-მდე სახეობის შხამიანი მცენარე, რომლებიც ამავდროულად, სამკურნალო მნიშვნელობითაც გამოირჩევიან და ბევრი მათგანისაგან მიღებულია სამკურნალო პრეპარატებიც. ამ მცენარეებს შორისაა ჩვენთვის საინტერესო ბუჩქი ოლეანდრაც, დეკორატიული მარადმწვანე მცენარე, ხმელთაშუაზღვური სახეობა, რომელიც ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა შეფერილობით, თეთრით დაწყებული, ვარდისფერი და წითელი ფერის ყვავილებით დამთავრებული, ხასიათდება უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით, ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში, რითაც მკვეთრად განსხვავდება სხვა მცენარეებისაგან; იგი ფართოდაა კულტივირებული მრავალ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ოლეანდრა სამკურნალო მნიშვნელობითაც გამოირჩევა: მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა, მურა, დატოტვილი ღეროებით. ფოთლები მორიგეობითია, ლანცეტა ფორმის, შევიწროებული მოკლე ყუნწით. ყვავილები მსხვილია, ჩვეულებრივ, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი, შეკრებილია მკვრივ ფარისებრ ყვავილედებად. ნაყოფი მოგრძო ფოთლურაა, მრავალრიცხოვანი თესლით.

ოლეანდრას სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. ფართოდაა კულტივირებული დეკორატიულ მებაღეობაში. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთლები და ყვავილები შეიცავს დიგიტალინს, ურზოლის მჟავას, ოლეანდრომიცინს (ანტიბიოტიკი), საღებავ ნივთიერებებს, რუტინს, საპონინებს და დიდი რაოდენობის გულის გლიკოზიდებს, მაგ.: ოლეანდრინს. ადრე ფარმაცევტული მრეწველობა უშვებდა პრეპარატებს, რომლებიც ფოთლებისაგან მზადდებოდა. დღესდღეობით, აღნიშნული პრეპარატები არ გამოიყენება მაღალი ტოქსიკურობის გამო!!!

დიდი სიფრთხილით იხმარება ხალხურ მედიცინაშიც, მხოლოდ მინიმალური დოზებით.

მიღებულია ჰომეოპათიური პრეპარატი, რომელსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

უკუქმედება:

იმდენად ძლიერი შხამიანი მცენარეა, რომ ცნობილია მისი კვამლით მოწამვლის მძიმე შემთხვევებიც კი. არ არის რეკომენდებული იმ შენობებში კულტურის გამოზრდა, სადაც ბავშვები იმყოფებიან. თვითმკურნალობა აკრძალულია!

მისი შხამიანობიდან გამომდინარე, სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს, ნუ მიეკარებით მას, დატკბით მისი სილამაზით შორიდან.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თვითნებურად!!!

სამკურნალო მცენარეების საკოლექციო ნაკვეთი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

(სპეციალურად საიტისთვის)

ole-1690789190.jpg

ole1-1690789222.jpg

ole2-1690789248.jpg