"დღესაც კი იქ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ბუბას მიმართ... შემდეგ მე ვარ" - რას ჰყვება ბაქოდან დაბრუნებული ნანი ბრეგვაძე
„ეს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას ნიშნავს, რაც უფრო მახარებს, ვიდრე - პირადად ჩემი ვარსკვლავი“
როგორც ცნობილია, ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს, აზერბაიჯანში, Sea Breeze-ის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს... ცერემონიის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - ზურაბ პატარიძე, პროდიუსერი და ვახტანგ კიკაბიძის ახლო მეგობარი - სოსო აბზიანიძე, კულტურის მინისტრის მრჩევლები, ნანი ბრეგვაძის ქალიშვილი - ეკა მამალაძე, ცნობილი მომღერალი - ემინი, რომელთანაც დუეტი ცოტა ხნის წინ ჩაწერა მომღერალმა, ჯაჰანგირ სელიმხანოვი და ოლეგ ამირბეკოვი. ასევე, პიანისტი, კომპოზიტორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი - ფარჰად ბადალბეილი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი კონსტანტინე ნონიკოვი.
"კვირის პალიტრამ" ქართული სცენის ლეგენდასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო ნანი, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები აზერბაიჯანში თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ? როგორც გვითხრეს, თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე ყველა თქვენი სილამაზით იყო მოხიბლული...
- კარგით რა, ჩემს სილამაზეზე ლაპარაკი ძალიან სასაცილო მგონია. ალბათ, ამდენი ხნის რომ გავხდი, ამ ასაკისას არ ვგავარ. აზერბაიჯანში ჩემ მიმართ თბილ დამოკიდებულებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ვარსკვლავის გახსნაზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან გამიკვირდა. მეტად თბილი ხალხია, ბევრ მათგანთან მეგობრობა მაკავშირებს, უარს როგორ ვიტყოდი, მაგრამ რომ მითხრეს, კი ვთქვი, რატომ მე და არა - სხვა-მეთქი...
დღესაც კი იქ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ბუბას მიმართ... შემდეგ მე ვარ, რადგან ამ თაობას შემოვრჩი. ამიტომაც, ძალიან დასაფასებელია მათი დამოკიდებულება და უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონია, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო...
- დიდი ხანია, ამ ქვეყანასთან მეგობრობა გაკავშირებთ?
- ძალიან დიდი ხანია... ჯერ კიდევ - ორერადან“, „რეროდან“... კონსტანტინე პევზნერი სახელმწიფო ორკესტრის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც ბაქოელი იყო, მაგრამ დედა ტყეშელაშვილი ჰყავდა და მას აზერბაიჯანთან მხოლოდ ის აკავშირებდა, რომ იქ დაიბადა. საოცარი ქვეყანაა, იქ მცხოვრები ადამიანები ძალიან თბილები და მუსიკალურები არიან. როგორც საქართველოშია, ყველა მუსიკალური და სიმღერა შეუძლიათ...
ჩემი სიმღერა მათ ძალიან ახლოს მიიღეს. მე მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რაც შევიგრძენი, იმას გადმოგცემთ... ჩემი ამ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება კი ის არის, რომ 1959 წლიდან სიმღერა დავიწყე და აზერბაიჯანში უამრავჯერ ვიყავი. ახლა კი ეს ყველაფერი ასეთი დიდი სიყვარულის გამოხატვით დაგვირგვინდა. დიდი მადლობა გადავუხადე, კიდევ ვარ მიწვეული... აზერბაიჯანი ხომ ძალიან ახლოს არის ჩვენთან, მგზავრობას სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება და აუცილებლად წავალ... ერთი აზერბაიჯანელი მეგობარი გვყავს, რომელმაც გოგონები რომ დააქორწინა, მე და ბუბა საპატიო სტუმრებად მიგვიწვია.
ჩემი სახელობის ვარსკვლავის გახსნა ძალიან მახარებს, რადგან იქ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ... ამას არანაირი ფინანსური კეთილდღეობა არ მოჰყოლია, ყველაზე მთავარის - დიდი სიყვარულის გამოხატვა იყო, რაც უმნიშვნელოვანესია... ჩვენი ქვეყნების ურთიერთპატივისცემაა, ეს არ ჯობია სხვა რაღაცებს?!
ჩემთვის ამ ვარსკვლავს ჩემი სამშობლოს გამო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა!
(სპეციალურად საიტისთვის)