"ვისაც რუსეთის ნოსტალგია გაუჩნდა, ბათუმის პორტს გემი კიდევ მოადგება და თან გაჰყვნენ, მათი ადგილი დედა-რუსეთშია. ეს ხალხი იმ ნავში ზის, რომელიც თანდათან იძირება" - კვირის პალიტრა

"ვისაც რუსეთის ნოსტალგია გაუჩნდა, ბათუმის პორტს გემი კიდევ მოადგება და თან გაჰყვნენ, მათი ადგილი დედა-რუსეთშია. ეს ხალხი იმ ნავში ზის, რომელიც თანდათან იძირება"

როგორია მამა პეტრეს თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

მამა პეტრე კვარაცხელია (კოლხი) იმ სასულიერო პირების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ქართულ მედიასთან გულახდილად საუბრობს და დაუფარავად ამბობს, რაც აწუხებს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არ მოსწონს...

- მამაო, ჩვენი საზოგადების ერთი ნაწილი ხსნას დასავლეთში ეძებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსეთში. თქვენ როგორ აფასებთ ამ სიტუაციას?

- მთავარი ის კი არაა, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენა იზრდება, ამერიკის თუ სხვა სახელმწიფოებისა - ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ დღევანდელ საქართველოში უამრავი სულგაყიდული, ვითომ მორწმუნე ვაი-ქართველი ცხოვრობს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყანა შინაგანად გარყვნილი ადამიანების თავშესაფრად გადაიქცა! ყველაზე დიდი მოღალატეები ის ქართველები არიან, რომლებმაც ქვეყნის ინტერესებს ხაზი გადაუსვეს და ჩვენი ხალხის ხარჯზე თავიანთი კეთილდღეობა მოიწყვეს. ის ქართველები, ვისაც ხელეწიფება, თავიანთი სამშობლოს ინტერესები დაიცვას, ყველაზე მეტად ღალატობენ ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ბედავენ უცხოელები, უდიერად მოექცნენ ჩვენს ღირებულებებს. ამიტომაა, რომ ცოტა ხნის წინ, რუსები ბათუმს დემონსტრაციულად, თავიანთი გემით მოადგნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყვნენ. ხვალაც მოადგებიან, ზეგაც და ყოველთვის, როცა მოისურვებენ, ვიდრე ქართველები თავისი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე, კბილებით არ დაიცავენ. თუ მტერს ჩვენს მოყვარედ გამოვაცხადებთ და გუნდრუკს ვუკმევთ, სულ ამ სიტუაციაში ვიქნებით!

- მამა პეტრე, თქვენი უიმედობა რას უნდა დავაბრალოთ?

- იმას, რომ დღეს საქართველო დაქსაქსულია, უნიათო მდგომარეობაშია და ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ერთმანეთთან მტრობა, აგრესია და დაპირისპირება რომ დასრულდეს, ქართველმა ერმა კონსოლიდაცია უნდა შეძლოს: პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, "ნაცი" თუ "ქოცი", მემარჯვენე თუ მემარცხენე - ეს ხელოვნური ბარიერები როგორმე უნდა მოვშალოთ. არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში აღარ დაედგომებათ. ისინი პასუხს აუცილებლად აგებენ, პირველ ყოვლისა, საკუთარი ოჯახის და შვილების წინაშე, მერე კი, ქვეყნის, ერის და ქართული ეკლესიის წინაშე. ვისაც ჩვენი სამშობლო ვერასდროს მიიღებს, ეს მოღალატე, მხდალი და სულგაყიდული ადამიანია. შესაძლოა, ასეთი ხალხი დღეს უზრუნველად ზის თბილ სავარძელში, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება: ერის ღირსეული ნაწილი მათ აუცილებად პასუხს გასცემს.

ყველაზე მეტად იმ ხალხს მოეკითხება, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და ფულის გამო, ყველაზე მახინჯ იდეებსაც ემხრობა.

რუსეთს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა მოღალატეები აქ - საკუთარ სამშობლოში გვყავს?!

- ე.წ. მამების თაობა" ხშირად საყვედურობს ახალგაზრდობას, რომელიც გაცილებით თამამი და კრიტიკულია. თქვენ როგორ აფასებთ ახლა თაობას, რომელზეც ამდენს კამათობენ?

- თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ჩვენი, ანუ "მამების თაობა" საბჭოური მენტალიტეტით იზრდებოდა. ყველას გვახსოვს ის მახინჯი, არაფრისმომცემი აკრძალვები, რომელსაც მაშინდელი საზოგადოება ემორჩილებოდა. სულ სხვაა ჩვენი შვილების თაობა, რომელიც ევროპულ ლიტერატურაზე და დასავლურ ღირებულებებზეა აღზრდილი - მას საერთოდ არ აინტერესებს იმ ხალხის ბოდვა, რომელსაც სტალინი წმინდანი ჰგონია. ზოგიერთები ამტკიცებენ - მომავალმა თაობამ ღმერთი და ეკლესია უარყოო, მაგრამ არა, ბატონებო! ამ ახალგაზრდებმა ღმერთი კი არა, ფარისევლური რწმენა უარყვეს. ჩემი აზრით, სუფთა სულის და ჯანსაღი აზროვნების თაობა მოდის, რომელიც საქართველოს სწორი გზით წაიყვანს. დიდი ბოდიში, ვიღაცის ზღაპრებს თუ არ უსმენენ, რადგან ამ სიყალბისა არ სჯერათ. მერწმუნეთ, ამ ტატუებიანმა, ფერადთმიანმა თაობამ ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს სულიერება, იმაზე მეტად, ვისაც რწმენა მხოლოდ სანთლების აბრიალება და ისტერიკულად პირჯვრის წერა ჰგონია. ვინც მათ დამახინჯებას და გადაგვარებას ეცდება, ჩვენი შვილების თაობა ღირსეულ პასუხს გასცემს.

- გადაგვარებაში რას გულიხმობთ?

- იმას, რომ მავანნი ცდილობენ, ახალგაზრდებს რუსული სამყარო მოაწონონ და თავისკენ გადაიბირონ, რაც არ გამოუვათ. ვისაც რუსეთის ნოსტალგია გაუჩნდა, ბათუმის პორტს გემი კიდევ მოადგება და თან გაჰყვნენ, წავიდნენ, მათი ადგილი მაინც იქ - დედა-რუსეთშია. აქ მათი მახინჯი იდეოლოგია აუცილებლად ჩაიძირება!

ჩვენ არ გვინდა საბჭოეთში დაბრუნება და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც დასმენა, ღალატი, მუქარა, "ჩაშვება" - ეს მახინჯი გადმონაშთები ისევ ძალაშია! სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენთანაც გადმოიღეს, მაგრამ ახალგაზრდებს ვერ შაეშინებენ. ეს ის თაობაა, რომელიც თავის უფლებებს აუცილებლად დაიცავს.

როგორმე უნდა გაიგონ, რომ მათი დრო წასულია!

აღარ არის მათი დრო და თუ ჩვენც მათ გზას გავყვებით, რუსული გემები და ხომალდები კი არა, ერთ "მშვენიერ" დღეს, დედაქალაქის ცენტრში, შეიძლება რუსული ტანკებიც ვიხილოთ და ხმის ამომღები არავინ იყოს! ეს ხალხი იმ ნავში ზის, რომელიც თანდათან იძირება. ვისაც სურს ამ ნავთან ერთად ჩაიძიროს, იქ დარჩეს, ჩვენ ეს არ გვინდა - ჩვენ სულ სხვა ღირებულებეზე ვართ აღზრდილი. მე, მაგალითად, ამბროსი ხელაიას ღირებულებებზე გავიზარდე, რომელიც მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწე იყო და ხსნას ევროპაში ეძებდა. რატომ ვერ უპირისპირდებიან ამბროსი ხელაიას ე.წ. მორწმუნეები - ნუთუ, არ ეშინიათ საკუთარი ფარისევლობისა? ნუთუ, არ რცხვენიათ კირიონ კათალიკოსისა, რომელიც რუსებმა მოკლეს და მერე, თვითმკვლელობა დასწამეს?! ან ილია ჭავჭავაძისა, რომელიც მოკლეს და რომლის ხატები კედლებზე უკიდიათ?!

- ზოგიერთი მორწმუნე რუსეთის მიმართ სიმპათიას ჩვენი საერთო რწმენით და მართლმადიდებლური ტრადიციებით ხსნის...

- ეს ფარისევლობაა! და ეს ფარისეველი, ყრუ ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოს ეკლესიაც მათ უნდა მართონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან მათი დღეები დათვლილია. თუ თანამედროვე, პროგრესულ საზოგადოებაში ცხოვრება არ სურთ, წავიდნენ და ჩაიკეტონ რუსეთში, სადაც ჯერ კიდევ 1980-90-იანი წლებია, სადაც თავისუფალი სიტყვის და აზრის ადგილი არ არის. საქართველოში კი, ამ დალოცვილ ქვეყანაში, საბჭოეთი ვეღარ დაბრუნდება - ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა. ამას გვავალებს ჩვენი დიდი წინაპრების - ამბროსი ხელაიას, კირიონ საძაგლიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ფილადელფოს კიკნაძის, ანდრია ყურაშვილის და სხვათა ხსოვნა! ჩვენ იმ წამებული, დახვრეტილი ქართველების წინაშე ვართ პასუხისმგებელი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ, ხოლო ე.წ. პოლიტიკოსებს, ვინც საქართველო გაყიდა, აქ მაინც აღარ დაედგომება. მათ გაყიდეს და მიწასთან გაასწორეს ქართველი ერის ყველაზე დიდი მონაპოვარი - თავისუფლება, თუმცა, მაინც არაფერი გამოუვათ: თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი თაობა მონობას ვერ შეეგუება და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)