რითი აშინებს რუსეთი აშშ-ს, რომ მან, უფრო სერიოზული სამხედრო მხარდაჭერით, სწრაფად არ გაამარჯვებინოს უკრაინას? - კვირის პალიტრა

რითი აშინებს რუსეთი აშშ-ს, რომ მან, უფრო სერიოზული სამხედრო მხარდაჭერით, სწრაფად არ გაამარჯვებინოს უკრაინას?

პორცია-პორცია და ისიც დიდი გაჯანჯლების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის ხან არტილერიის, ხან რაკეტებისა და ხანაც ტანკების მიწოდების დასავლეთის პოლიტიკამ რომ არ გაამართლა, რაზეც უკრაინის მიერ ორი თვის წინ წამოწყებული კონტრშეტევების არცთუ ისე წარმატებული შედეგებიც მეტყველებს...

იმის ნაცვლად, რომ უკრაინის არმიის არსენალში მთელი ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში (სანამ, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა) დასავლეთს, პირველ რიგში - აშშ-ს, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების უფრო მეტი მარაგი შეექმნა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიევისთვის სამხედრო დახმარების ნელი ტემპი აირჩიეს, საპასუხოდ კი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საინჟინრო თვალსაზრისით კარგად აღჭურვილი, ასეულკილომეტრიანი თავდაცვითი ზღუდეები ააგეს, რომელთა გადალახვა დღეს ასე უჭირთ უკრაინის განმათავისუფლებლებს...

რუსი ოკუპანტების კარგად გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეების (რომელთა მისადგომები ამასთანავე „უხვადაა“ დანაღმული) გარღვევა, უძლიერესი საარტილერიო საცეცხლე მომზადების გარეშე, შეუძლებელი ხდება, რასაც თან უნდა სდევდეს დანაღმული ველების დისტანციური განაღმვაც, ისევე, როგორც ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში რუსეთის საოკუპაციო ძალების შტაბების, მართვის პუნქტებისა და საბრძოლო მასალების საწყობების წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მართვადი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მასობრივი გამოყენებითა და საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერით...

მაგრამ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეპირებულმა, სულ რაღაც 31-მა ამერიკულმა მოძველებული მოდიფიკაციის „აბრამსმა“ დღემდე ვერ ჩააღწია უკრაინის ფრონტამდე, პრეზიდენტი ბაიდენი წელზე მეტია, ბლოკავს „ჰაიმარსის“ 300 კმ-ზე მფრენი მართვადი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, ხოლო F-16 გამანადგურებლები უკრაინის ცაში ამ წლის ბოლომდეც შეიძლება ვერ გამოჩნდნენ?

ნუთუ, თეთრ სახლში მართლაც ეშინიათ კრემლის საპასუხო ქმედებების თუკი უკრაინის არმიას 300 კმ-ზე მფრენ ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემენ და რითია გამოწვეული ეს სიფრთხილე?

„თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელი ბანდერების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა, ამიტომ, ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ. ისინი არ უშვებენ მსოფლიო ბირთვული ცეცხლის გაჩაღებას", - აცხადებს დიმიტრი მედვედევი…

პრინციპში, მეტი რაღა გაფრთხილება უნდა თეთრ სახლს, თუკი ასეთ ღია განცხადებას თვით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკეთებს?

ბალისტიკური ATACMS-ების ან თუნდაც F-16 გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ, რუსეთმა მართლაც რომ ჩააგდოს ერთი-ორი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი სადღაც უკრაინაში, რა ქმედებები შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს თავის ნატოინად? საპასუხოდ, ბირთვულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ისევ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

რა თქმა უნდა, არა, ისევე, როგორც ძალიან დიდი ალბათობით, ვერც კრემლი გაბედავს ბირთვული იარაღის, თუგინდ ტაქტიკური დანიშნულების, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას, რადგან ეს ყველაფერი... დიდი „ბირთვული შანტაჟია“!

იგივე მედვედევი, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, პრეზიდენტ პუტინის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ხოლო 15 წლის წინ საერთოდ რუსეთის მესამე პრეზიდენტიც კი გახლდათ, ერთი...ალკოჰოლზე დამოკიდებული პიროვნებაა, რომლის მხრიდან ბახუსის გადამეტებულ სიყვარულზე კრემლშიც კარგად მოეხსენებათ და - ნატოს სადაზვერვო სტრუქტურებშიც...

2-med-1690800896.png
მაგრამ დღეს დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს, ნუთუ, მართლაც სჯერად კრემლის ამ უცნაური ინდივიდის მიერ ნაბახუსევზე გაკეთებული „ბირთვული დამუქრებების“?

ან რაღა შორს წავიდეთ, როდესაც მთელ მსოფლიოს აქვს ნანახი ეს ისტორიული ფოტო, როდესაც მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტს, უგონოდ გადამთვრალ მედვედევს მხარში ერთი მხრიდან საფრაგეთის პრეზიდენტი სარკოზი, მეორე მხრიდან კი - იტალიის პრეზიდენტი ბერლუსკონი უდგანან, რომ არ წაიქცეს და სირცხვილი არ ჭამოს...

მაშინ, თუკი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაარჩინეს რუსეთის მესამე პრეზიდენტი გაემეორებინა იმავე რუსეთის პირველი პრეზიდენტის - მთვრალი ელცინის სასაცილო ქმედებები ტელეკამერების წინ, დღეს მედვედევი იმავე ნატოს ბირთვული იარაღით ემუქრება, მაგრამ...

მაგრამ ის, რომ მედვედევის დღევანდელი ასეთი, არცთუ იშვიათი „საშიში“დამუქრებები, როგორც წესი, მორიგი ლოთობის შემდეგ ვრცელდება და დასავლეთის ლიდერებმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქცონ კრემლის ამ უცნაური ინდივიდის მორიგ „ბირთვულ შანტაჟს“ ნაბახუსევზე...

პრეზიდენტ პუტინის „ბირთვული დამუქრებები“ ბევრად უფრო სერიოზულად მოჩანს (თუნდაც იმიტომ, რომ ამას პუტინი სიმთვრალისას ან კიდევ ნაბახუსევზე არ აკეთებს), მაგრამ ეს მაინც დიდი შანტაჟის ფარგლებში რჩება, რითაც კრემლის მთავარი ბინადარნი, განსაკუთრებით კი - ხრუშჩოვიდან მოყოლებული, ყოველთვის გამოირჩეოდნენ... და რისიც ასევე ყოველთვის ეშინოდათ დასავლეთში...