"ეს არის ის მომენტი, როცა რუსმა ფეხი აწია და მონიშნა ბათუმში თავის რუსეთი” - როგორ ეხმაურება პაატა ზაქარეიშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს?
პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, რომ გემების შემოსვლა არის რუსეთის უტიფარი პროვოკაცია, რათა აჩვენოს, რომ საქართველო არის „ჩმორი“.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსები, რომლებიც საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიან, ომის მოწინააღმდეგეები არიან, ხოლო საკრუიზო გემით შემოსული რუსები ომით ბედნიერები.
„ამ კრუიზით შემოდიან „გავძეხი“ რუსები, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. გაგანია ომში კაიფობენ, ამ ომში თუხთუხებენ, სულ არ ადარდებთ, რა ხდება უკრაინაში, მაშინ, როცა ჩვენთან ვინც სახმელეთო გზით შემოდის, ომს გაურბის. ისინი აღიარებენ, რომ რუსეთი საშინელებაა. შეიძლება ლაპარაკით არა, მაგრამ მოქმედებით აღიარებენ, ფეხებით აღიარებენ. მათ არ უნდათ, რომ ამ სამარცხვინო ომში მონაწილეობა მიიღონ, ან თვითონ სხვა მოკლან, ან თვითონ მოკვდნენ. განსხვავება არის და ყოველი ქართველის ხეულით გრძნობს ამ განსხვავებას.
ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც ძაღლები ქუჩაში თავის ტერიტორიას ნიშნავენ, ასე ნიშნავს ახლა რუსეთი თავის ტერიტორიას. ეს არის ის მომენტი, როცა რუსმა ფეხი აწია და მონიშნა ბათუმში თავის რუსეთი”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბათუმში საკრუიზო გემით რუსების შემოსვლა ქართველების მოთვინიერების მცდელობაა.
„ეს არის რუსეთის დემონსტრაცია, მისი იმპერიის საზღვრების დაფიქსირება. არ არის ეს ტურიზმი. ომის დროს ტურიზმი საქართველოში, რომლის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს არ არის ტურიზმი. ამ გემებით მიმდინარეობს ქართველების მოთვინიერება. მადლობა ღმერთს, რომ არის ხალხი, ვინც არ ემორჩილება ამას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"