მოსკოვის ცათამბჯენს ისევ დაარტყეს, თანაც რუსეთის მინისტრის კაბინეტის ფანჯარაში...
ასე ხშირად და ასეთი სიზუსტით მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დაბომბილა - 1-ელ აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის ყველაზე ცნობილ ბიზნეს-კვარტალს - „მოსკვა სიტის“ ერთ-ერთ 50-სართულიან ცათამბჯენს მორიგი უკრაინული კამიკაძე-დრონი „ესტუმრა“...
მორიგი იმიტომ, რომ ამავე ცათამბჯენს სულ რაღაც ორიოდე დღის წინ უკვე „სტუმრობდა“ ასეთივე ორი კამიკაძე-დრონი...
რატომ ამოიჩემეს უკრაინელმა ოპერატორებმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დავალებით, უზარმაზარ მოსკოვში მაინცდამაინც ეს ცათამბჯენი, რომ თითქმის 500 კმ-ის სიშორიდან კამიკაძე-დრონების ზედიზედ გაშვება არ დაიზარეს?
საქმე ის არის, რომ „მოსკვა-სიტის“ ბიზნეს-კვარტლის ორ ათეულამდე ცათამბჯენიდან სწორედ ამ კონკრეტულ შენობაშია განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამი სამინისტრო: ციფრული განვითარების, ეკონომიკური განვითარებისა და სამრეწველო ვაჭრობის.
30 ივლისის საჰაერო თავდასხმისას ორი უკრაინული კამიკაძე-დრონიდან ერთი ამ ცათამბჯენის მე-5 სართულზე შეიჭრა და იქ აფეთქდა, ფასადის ნაწილი ჩამოინგრა და ქუჩაში მიმოიფანტა ფურცლები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტები იყო დაბეჭდილი...
ანუ გამოდის, რომ უკრაინული საჰაერო დარტყმა უზუსტესი გამოდგა და კამიკაძე-დრონმა არა თუ კონკრეტულ შენობას, არამედ - კონკრეტული სართულის იმ ფანჯარასაც „მიაგნო“, სადაც რუსეთის ის სამინისტროა განთავსებული, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წარმოებაში, განსაკუთრებით კი - საინფორმაციო ველზე.
დღეს დილას, 1-ელ აგვისტოს კი, უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა „მოსკოვი-სიტის“ იმავე ცათამბჯენის უკვე 21-ე სართული „მოინახულა“ და „სტუმრად“ ამჯერად რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მისაღებს „ესტუმრა“!
აღსანიშნავია, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმები აგრესორი რუსეთის დედაქალაქის - მოსკოვის შენობებზე არ იწვევენ ისეთ საშინელ ნგრევასა და მსხვერპლს, როგორც რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინული ქალაქებისკენ გაშვებული ირანული კამიკაძე-დრონები - „შაჰიდები“, რაც შეიძლება განპირობებული იყოს უკრაინულ დრონებში განთავსებული შედარებით ნაკლები მასისა და სიძლიერის საბრძოლო ქობინებითაც (თუ კონკრეტულად რა ტიპის კამიკაძე-დრონებს იყენებენ უკრაინელები მოსკოვზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად, ჩემს ბლოგში ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ).
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების „სტუმრობა“ მოსკოვში დიდ ნგრევებს არ იწვევს, ამას აქვს უზარმაზარი პროპაგანდისტული მნიშვნელობა საინფორმაციო ომის ფრონტზე - რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ცათამბჯენების ფასადებზე კიდევ დიდხანს შემორჩება მათი „სტუმრობის“ კვალი, რასაც ათასობით გამვლელი გადაიღებს და ინტერნეტ-სივრცეში გაავრცელებს...
სხვათა შორის, 24 ივლისს, როდესაც კიდევ ერთი ასეთი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა მოსკოვზე, ორი უკრაინული კამიკაძე-დრონით, ერთ-ერთი მათგანი იმ ცათამბჯენის ბოლო სართულს შეეჯახა, რომელიც სულ რაღაც სამასიოდე მეტრში დგას... რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი შენობისგან, რომლის სახურავზეც შოიგუმ საზენიტო-სარაკეტო „პანცირი“ ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში განათავსებინა - ე.ი. რუსეთის ხელისუფლების შიში უკრაინული კამიკაძე-დრონების საპასუხო „სტუმრობებზე“ არცთუ უსაფუძვლო ყოფილა...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იხტიბარს არ იტეხს და დაჟინებით აგრძელებს იმის მტკიცებას, თითქოს უკრაინელების გამოშვებულ დრონებს მოსკოვის მისადგომებთან აგდებს, ხოლო ისინი, რომლებიც მაინც აღწევენ დედაქალაქის ცაში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გამოჰყავს მწყობრიდან და მართვის გარეშე დარჩენილი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები თითქოს ძირს ცვივიანო...
თუმცა, ჩნდება კითხვა - ნუთუ ასეთი „მაღალტექნოლოგიური“ რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურა აქვთ რუს სამხედროებს, რომ მათ მიერ „მართვადაკარგული“ ყველა უკრაინული კამიკაძე-დრონი მაინცდამაინც „მოსკვა-სიტის“ ერთსა და იმავე ცათამბჯენს ხვდება და თანაც ისინი „ჩამოგდებისას“ კონკრეტულ სართულებს „ირჩევენ“ კონკრეტულ რუს მინისტრებთან კაბინეტებში „სტუმრობისთვის“?!
უკრაინის ქალაქების სისტემატური და დაუნდობელი რუსული საჰაერო თავდასხმების ფონზე, საპასუხო შურისმაძიებელი შეტევები უკრაინელების კამიკაძე-დრონებით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე მომავალშიც გაგრძელდება და შეიძლება პიკს 24 აგვისტოს მიაღწიოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის „პატივსაცემად“, როდესაც მთავარ სამიზნეებად რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ლუბიანკაზე რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“, ყოფილი „კა-გე-ბეს“ შენობები იქნება მონიშნული...
P.S. 1-ელ აგვისტოს მოსკოვისკენ საჰაერო კამიკაძე-დრონების „გაგზავნის“ პარალელურად, უკრაინელებმა საზღვაო კამიკაძე-დრონებით იერიშები მიიტანეს სევასტოპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით, 340 კმ-ში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორ საპატრულო ხომალდზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შეტევაზე გადასული სამივე უკრაინული კამიკაძე-კატარღა ააფეთქა.