"რეჟიმმა უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკური პატიმრით, ევროკავშირში კი არა ალბათ, აფრიკულ გაერთიანებაში არ მოგვიღებენ"
რეჟიმმა უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკური პატიმრით, მითუმეტეს მთავარი პატრიოტული და ამ რეჟიმის ოპონენტი პარტიის მთავარი ლიდერით საპატიმროში, ევროკავშირში კი არა ალბათ, აფრიკულ გაერთიანებაში არ მოგვიღებენ და ეს პირველ ყოვლისა არის ეროვნული საკითხი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უსამართლო ბრალდებებით იმყოფება ციხეში.
“აქედან გამომდინარე, თავი რომ დავანებოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შექმნილია, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებების და ჯიბის სასამართლოს განაჩენის გამო, ზის ციხეში. ეს არის ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელსაც მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ხედავს - როგორ ექცევიან მიხეილ სააკაშვილს, როგორ აყენებენ მას შეურაცხყოფას, როგორ არღვევენ ადამიანის უფლებებს და მეორეს მხრივ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, იმ მიზნის ღალატი, რისთვისაც არის მოწოდებული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ მოვუწოდებთ ამ რეჟიმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან უკრაინის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჩვენი პოლონელი მეგობრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, ამერიკელები, კონგრესმენები, სენატორები - აგრძელებენ და აძლიერებენ ზეწოლას ამ რეჟიმზე. მოუწოდებენ რეჟიმს, რომ დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი, პუტინის პირადი ტყვე, მიხეილ სააკაშვილი და მოახერხოს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაცია, რომელსაც ეს რეჟიმი, პუტინის დაკვეთით ხელოვნურად ძაბავს”, - აცხადებს ბარამიძე.
"ინტერპრესნიუსი"