მოდელირებული არჩევნები - "თუ "ოცნება" ამ შედ­ეგს მიიღებს, ხმების გადანაწილების ვარია­ნტები­ დაახლოებით ასეთი იქნება..." - კვირის პალიტრა

მოდელირებული არჩევნები - "თუ "ოცნება" ამ შედ­ეგს მიიღებს, ხმების გადანაწილების ვარია­ნტები­ დაახლოებით ასეთი იქნება..."

რუსა მაჩაიძის ბლოგი

ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი კობახიძემ საზეიმოდ განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობას" ჰბაძავდნენ და მიშელის შეთანხმებას "ქართული ოცნებაც" ტოვებდა, საარჩევნო ბარიერის დაწევის პირობა მაინც დადო. თუმცა 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული 2%-მდე ბარიერი მმართველმა პარტიამ ჯერ 3% გახადა, მერე ევროკავშირის სტატუსის მიღებას დაუკავშირა და ბოლოს დაწევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ოპოზიციაც შეეგუა ბედს და ბარიერის დაწევა არავის ახსენდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარიერის დაწევა არც "ნაციონალებს" აძლევს ხელს, გასაკვირი არ არის, რომ ამ თემას აღარ ახსენებენ. დანარჩენი ოპოზიცია კი ისეთ რამეზე როგორ ილაპარაკებს, რაც "ნაცმოძრაობის" ნარატივს სცილდება?!

ოპოზიციისა და განსაკუთრებით "ნაცმ­ოძრაობის" განცხადებებით ჩანს, რომ "ოცნების" ჯამურ შედეგს 40%-ის ფარგლებში­ ელიან, რადგან მუდმივად აპელირებენ, რომ ოპოზიციას 60%-იანი რესურსი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ამ შედ­ეგს მიიღებს, ხმების გადანაწილების ვარია­ნტები­ დაახლოებით ასეთი იქნება:

თუ 5%-იან ბარიერს მხოლოდ "ოცნება"­ და "ნაცმოძრაობა" გადალახავენ და "ოცნებას" ექნება ხმების 40%, "ნაცმოძრაობას" კი 25%, პარლამენტში­ ადგილები დაახლოებით 92/58-ზე გადანაწილდება;

თუ ბარიერს მესამე პარტიაც გადალა­ხავს, მაშინ ადგილები დაახლოებით ასე ნაწილდება: 86-54-10; მესამე პარტიის შედეგების 7%-მდე მიღწევის შემთხვევაში ადგილების გადანაწილება ასეთი იქნება: 83-52-15; მესამე პარტიის 10%-იანი შედეგი კი ადგილებს ასე ანაწილებს: 80-50-20;

იმ შემთხვევაში, თუ ბარიერს მეოთხე­ სუბიექტიც გადალახავს და "ოცნების" 40%-იანი და "ნაცების" 25%-იანი შედეგების პირობებში მესამე და მეოთხე სუბიექტებს 5-6% ექნებათ, ხმები ასე ნაწილდება: 79-49-12-10; თუკი მესამე-მეოთხის შედეგები 6-7% იქნება, მაშინ ადგილები ასე გადანაწილდება: 77-48-13-12; მესამე და მეოთხე სუბიექტის შედეგების 8-10%-მდე გაზრდა კი ადგილებს ასე ალაგებს: 72-45-18-15;

ამ მოცემულობაში მეხუთე სუბიექტის დამატება საერთოდ ცვლის შედეგებს, მაგ­რამ, ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება მიღებულ ხმებზე. თუ ჩავთვლით, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ხმები იქნება ისევ 40%-ისა და 25%-ის ფარგლებში, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულების შედეგები იქნება 5-6-7%-ის ფარგლებში, ადგილები ასე გადანაწილდება: 72-45-13-11-9. თეორიულად კი, თუ დავუშვებთ, რომ აქედან ბოლო სამი პარტიის შედეგები 8-9-10%-ის ფარგლებში იქნება, მოცემულობა ასე შეიცვლება: 65-41-16-15-13.

თუ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" შედეგებს 45% და 30%-მდე გავზრდით, მხოლოდ მათ მიერ ბარიერის გადალახვის­ შემთხვევაში, პარლამენტში ადგილები მათ შორის 90/50-ზე გადანაწილდება. მესამე სუბიექტის დამატების შემთხვევაში, თუ ის 6%-მდე აიღებს, ადგილები ასე ნაწილდება: 83-56-1, ხოლო 10%-მდე აღების შემთხვევაში - 79-53-18. მეოთხე სუბიექტის ბარიერის გადალახვა, თუ წინა სამის 45-30-10% შენარჩუნდება, ხმებს ასე ანაწილებს: 75-50-17-8. მესამე სუბიექტის შედეგების 7%-მდე შემცირება, ადგილებს ასე გადაანაწილებს: 78-52-12-8.

ცხადია, კიდევ ბევრი ვარიანტის გამო­თვლა შეიძლება, მაგრამ ესეც კარგად აჩვენებს, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში­ "ქართული ოცნების" ერთპარტიული მმარ­თ­­ველობის შანსი ძალიან დიდია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ოცნება" 76 ხმას ვერ აიღებს, ოპოზიციის მიერ კოალიციის შექმნის ალბათობა ძალიან მცირეა, მით უმეტეს, თუ ოპოზიციის ახლანდელ განცხადებებს გავითვალისწინებთ...ბარიერის თუნდაც 3%-მდე დაწევა რადიკალურად შეცვლიდა ვითარებას და ამიტომაც იქნებ ჯობდეს, კოალიციებზე ლაპარაკს და საკუთარი თავის მიზიდულობის მესამე ცენტრად გამოცხადებას, ძალისხმევა ბარიერის დაწევაზე მიმართონ.

გაზეთი "კვირის პალიტრა", N31