ინგლისსა და საფრანგეთზე მდიდარი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?! - უცნობი ბიოგრაფიული ცნობები
შოთას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, უპირველესად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი გარკვეული აზრით, თავადაა ვაჭართუხუცესი, რადგანაც ხელმწიფის კარის გარიგებით მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: ,,ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“, ეს კი სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის“ სამყაროა, აქედანვე მოდის ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა ,,ვეფხისტყაოსანში“.
იმავე კარის გარიგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შოთა, როგორც ,,მეჭურჭლეთუხუცესი“, განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ. რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, რომლის შემოსავლებიც აღემატება ამ ეპოქის საფრანგეთის და ინგლისის შემოსავლებსაც. მუსლიმანური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერი ამის შემდეგ, გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს ,,ვეფხისტყაოსანში“.
მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც. შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების - ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული. ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული ,,ძველნი, სავაჭრო ქალაქნი“ - ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე, შოთას კომპეტენციის სფეროა. ამ ქართული ზღვისპირეთის უმეტესი ნაწილი - ცხუმიდან ხუფათამდე და იმის იქითაც, მეგრულენოვანი იყო.
ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.
შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ, საიუველირო და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ - პროფესიული ცოდნა.
1180-იან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა: ,,25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის), როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად), თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი... მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს...“
ასეთი შემთხვევების გამო, აუცილებელი გახდა, რომ თამარს საზღვარგარეთ ქართველთა მონასტრებში დაეწყო ,,სარწმუნოთა თვისთა წარვლენა“.
ფინანსური ოპერაციები შუა საუკუნეებში ერთმანეთისგან დიდად დაცილებულ ადგილებში, ცხადია, დიდად სარისკო იყო, სწორედ ამიტომ დაიკარგა თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობის ნაწილი 1180-იან წლებში. მეჭურჭლეთუხუცესი შოთა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სწორედ ამ პერიოდში, ნიკოლოზ გულაბერისძის შემდეგ ჩადის, იერუსალიმის დაცემის შემდეგ, და იწყებს ზრუნვას საზღვარგარეთის ამ ყველაზე დიდ ქართულ მონასტერზე.
მეჭურჭლეთუხუცესი ანუ საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ საკითხებში თამარის ,,სარწმუნოთა“ შორის უპირველესად, ამიტომ უშუალოდ მისი ჩასვლა იერუსალიმში, ხსენებული ათონური ინციდენტის შემდეგ, კარგად გასაგებია.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინაშე დამსახურებისათვის მისი ერისკაცი შემწირველები იხსენებიან ოჯახთან, ძირითადად, შვილებთან ერთად, მაგალითად, როდესაც იერუსალიმის მეფე ბოლდუინ კეთროვანმა ქართველთა მონასტერს ქონება ჩამოართვა, გაქრისტიანებულ/გაქართველებულმა თურქმა - ანასუღლიმ მონასტერს 100 დუკატი შესწირა, რის გამოც ბერები იხსენიებენ მის ვაჟ იაღსაც.
ჯვრის მონასტრის დიდი მეცენატი შოთა აღაპში ცალად იხსენიება, უშვილძიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ღრმად მოხუცებული კაცი ჩანს ფრესკაზე.
შესაძლოა, ამ გარემოების უკან ,,ერთის ერთგულების“ ის რაინდული პრინციპი იდგეს, რაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მრწამსია და რომელსაც ამ ეპოქის რაინდულ საზოგადოებაში მიმდევრები არ აკლდა.
ბოლოს ისევ ,,ვეფხისტყაოსნის“ საზღვაო სამყაროზე
ამ ეპოქის საქართველო ნაწილი იყო უზარმაზარი საზღვაო გზისა წმინდა მიწისკენ, რომელიც მუსლიმანური ექსპანსიისგან ჩაკეტილი სახმელეთო გზების ალტერნატივა იყო, შოთას სწორედ ეს გზა უნდა გაევლო იერუსალიმში ჩასასვლელად. ალ-მაკრიზის მიხედვით, ეს საზღვაო გზა იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან - სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა“ ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინეპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს, კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით...
მოკლედ, ეს ძალიან გრძელი საზღვაო გზა მოიცავდა მე-12 საუკუნის ყველაზე დიდ საზღვაო სავაჭრო ქალაქებს. წარმოიდგინეთ რამდენი ფერით უნდა გამდიდრებულიყო შოთას პოეტური სამყარო ამ მოგზაურობისას, სანამ იერუსალიმში ჩავიდოდა, იერუსალიმი, თავის მხრივ კი, იყო შუა საუკუნეების ნამდვილი ინტერნაციონალური მეგაპოლისი, სადაც შოთას მთელი იმდროინდელი სამყაროს ერების უმეტესობა უნდა ენახა, მათ შორის - ,,ზანგები“, რამდენჯერმე ახსენებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ერთი მხრივ, "ზანგ", ეთიოპიელ მეფეს - იემრეჰანას დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა მე-12 საუკუნის საქართველოსთან, მეორე მხრივ კი - სალადინმა ქრისტეს საფლავის ტაძარში ცხოვრების უფლება მხოლოდ "ზანგ" და ქართველ ბერებს - აღდგომელებს მისცა. ქრისტიანული სამყაროს მთავარი საკურთხევლის - გოლგოთის ტაძარშიც ქართველი და "ზანგი" ბერები ერთად ცხოვრობდნენ, ყველაფერმა ამან ქართული ეკლესია დაახლოვა ეთიოპურ ეკლესიასთან, რამაც ერთი ძალიან საინტერესო და თბილი გამოვლინება ჰპოვა ძველ ქართულ ხელნაწერებში - ზოგიერთი ქართული სახარება მორთულია "ზანგების" მინიატურებით. ეთიოპურ ხელნაწერებშიც ამავე დროს ჩნდება ცნობები მეგობარი ქრისტიანი ხალხის, კოერჯების - ქართველების შესახებ.
მე-12 საუკუნის საქართველოს და შოთას პოეტური სამყაროს ფართო გეოგრაფიული თვალსაწიერი დიდწილად სწორედ ამ დიდი საზღვაო გზის შედეგია, რომელიც უზარმაზარსა და უმდიდრეს კულტურულ გამოცდილებას იძლეოდა.