"ის ჯერ დავით აღმაშენებელმა დაიბრუნა ბრძოლით, შემდეგ - ერეკლე მეორემ" - რა მდგომარეობაშია სამშვილდე დღეს? - კვირის პალიტრა

"ის ჯერ დავით აღმაშენებელმა დაიბრუნა ბრძოლით, შემდეგ - ერეკლე მეორემ" - რა მდგომარეობაშია სამშვილდე დღეს?

"სამშვილდე - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ციხე-ქალაქი საქართველოში, რომელიც ჯერ დავით აღმაშენებელმა დაიბრუნა ბრძოლით, შემდეგ - ერეკლე მეორემ..."

"მაგალითად მე, სამშვილდეს ვერც ერთ ციხე-ქალაქს ვერ შევადარებდი საქართველოში"

"მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ სამშვილდის არსებულ ციხეში სამშვილდის სიონი ააშენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი, რაც ამ ციხის ტერიტორიაზეა... ეთნოლოგიის დოქტორი - მირიან ხოსიტაშვილი სამშვილდის ციხე-ქალაქის დიდებულებას გვაცნობს და ამბობს, რომ სასურველია, იგი ტურისტულ ზონაში იყოს და სასკოლო ექსკურსიები ეწყობოდეს....

მირიან ხოსიტაშვილი, ეთნოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლექტორი:

- ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სამშვილდის ციხე ყოველთვის ერთ-ერთი დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე იყო საქართველოში. ისტორიულადაც, მისი არსებობა ძალიან დიდ დროს ითვლის. ისტორიული წყაროების მიხედვით დადასტურდა, რომ მესამე-მეოთხე ათასწლეულში აქ გარკვეული სამაროვანი სამარხების ნიშნებია. სამშვილდესთან არის გამოქვაბულები, სადაც ადამიანთა ნასახლარებია აღმოჩენილი... ციხე განლაგებულია ისეთ ადგილას, რომ მისი მნიშვნელობა მისმა სტრატეგიულმა მდგომარეობამ განაპირობა - ბუნებრივ კონცხზე, მდინარე ხრამსა და მდინარე ჭივჭავს შორის. სამი მხრიდან აქვს ბუნებრივი თავდაცვის ზღუდე, ერთი მხრიდან კი კანიონი ერწყმის... ისტორიულ წყაროებში სამშვილდის ციხე რამდენჯერმე ჩნდება და საერისთავოდაც სწორედ ეს ნაწილი იქცა.

„ქართლის ცხოვრებიდან“ ვიცით, რომ მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ სამშვილდის არსებულ ციხეში სამშვილდის სიონი ააშენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი, რაც ამ ციხის ტერიტორიაზეა. აქ კიდევ რამდენიმე ტაძარია - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, წმინდა გიორგისა და სხვა...

ციხე ფართობით ძალიან დიდ ტერიტორიაზეა განთავსებული და მისი არსებობის ყველა ეტაპზე სავაჭრო ციხე-ქალაქი იყო. ის არ წარმოადგენდა მხოლოდ თავდაცვით ნაგებობას, სავაჭრო ფუნქცია ჰქონდა და გარშემო მოსახლეობა ცხოვრობდა. დღესაც საკმაოდ დიდი კვალი ეტყობა მოსახლეობის ცხოვრების არსებობისა, რადგან შენარჩუნებულია ნანგრევები, მათ შორის - მოკირწყლული ქუჩები, შუა საუკუნეებში გაკეთებული სავაჭრო გზებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ, თავისი მნიშვნელობით, ქვემო ქართლის დიდ სივრცეებს აკონტროლებდა. ასევე გზები - წალკის, კლდეკარის, დმანისი-ბოლნისის მიმართულებით, უკიდურესი აღმოსავლეთის მხარეს. ამიტომაც ამ ციხის გამო ბევრი დაპირისპირება იყო.

სამშვილდის ციხე გარკვეული პერიოდი თბილისის საამიროსთან ერთად არაბების დასაყრდენს წარმოადგენდა. შემდეგ ბაგრატ მეოთხემ დაიბრუნა და კვლავ ქართველები აკონტროლებდნენ. თუმცა დიდი თურქობის დაწყების შემდეგ ეს ტერიტორია სელჩუკებმა დაიპყრეს. ციხე-ქალაქსა და სტრატეგიულ გზებსაც ისინი აკონტროლებდნენ.

შემდეგ უკვე ის ცნობილი მოვლენებია, რომლებიც დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს ემთხვევა. იგულისხმება 1010 წელი, როდესაც დავით აღმაშენებელმა სამშვილდე ბრძოლით დაიბრუნა და კვლავ ქართული ქალაქი გახდა ქართველი მეფის დასაყრდენი. მოგვიანებით, 1123 წელს, ბრძოლებში გამოჩენის გამო, მეფემ ის ივანე ორბელს უბოძა. დაახლოებით, 50-60 წელი ორბელები იმ მხარის საერისთავოს ფლობდნენ და განაგებდნენ, თუმცა მეფესთან დაპირისპირების გამო სამშვილდის ციხე ისევ მეფის პირად დაქვემდებარებაში გადმოვიდა... ასე რომ, სამშვილდე მთელი ისტორიის მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც 1440 წელს ჯეიჰან შაჰმა ილაშქრა და ციხე, როგორც სტრატეგიული ციხე-ქალაქი, მთლიანად მოაოხრა, ტაძრების დიდი ნაწილი გაანადგურა.

როცა სამშვილდის ციხე-ქალაქზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ კომპლექსი მთლიანი ქალაქისა. ვგულისხმობ, ციტადელის გარშემო არსებულ ეკლესიებსაც... დღეს მათი დიდი ნაწილი აღარ არსებობს.

შემდგომ პერიოდში, სამშვილდე ქალაქის სტატუსს კარგავს და მხოლოდ ციხეს, თავშესაფარს და თავდასაცავ ობიექტს წარმოადგენს.

ერეკლე მეფის დროს ჩნდება სამშვილდის ამბები, როდესაც აბდულა ბეგი ერეკლეს აუჯანყდა და გაიქცა, სამშვილდის ციხეში შეიკეტა. ერეკლემ მეორემ 1748 წელს სამშვილდე კვლავ დაიბრუნა...

სამშვილდეს მეცხრამეტე საუკუნეში უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ადგილობრივი მოსახლეობა ციხეს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა. სამწუხაროდ, იყო ფაქტები, როდესაც ციხე-ქალაქიდან სამშენებლო ქვები გაჰქონდათ სახლის მშენებლობისთვის. ამიტომაც ციხე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

- დღეს როგორ მდგომარეობაშია?

- დღეს სამშვილდის ციხეში სამშვილდის სიონის ტაძრის ფრაგმენტებია შემორჩენილი, კედლები... რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ფრაგმენტებში აღმოსავლეთის კედელზე იკითხება ქართული ასომთავრულით დაწერილი გარკვეული ისტორიული ფაქტები, მშენებლობის პერიოდი, დრო და ასე შემდეგ...

სამშვილდის ციხე კარგი მაგალითია საქართველოს ისტორიისა და ნიმუშს წარმოადგენს ქართულ სამეფოში არსებული ციხე-ქალაქებისა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა.

როგორც უკვე ვახსენე, სამშვილდე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ როგორც თავდაცვის ობიექტად, არამედ, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო გზაგასაყარზე არსებული ციხე-ქალაქი.

სამშვილდე არა ერთ წერილობით წყაროში გვხვდება... ცხადია, ახსენებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, იკითხება სასკოლო სახელმძღვანელოებშიც... შემდგომ წყაროებშიც ხშირად გვხვდება ამ ციხე-ქალაქთან დაკავშირებული ისტორიები. არა მხოლოდ ბრძოლების ამსახველი, არამედ, სავაჭრო ურთიერთობების ამსახველი ამბები.

მაგალითად მე, ვერც ერთ ციხე-ქალაქს ვერ შევადარებდი საქართველოში, თუმცა ყველა ციხეს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და იგი განსაკუთრებით იმ გეოგრაფიულ არეალთან იყო შეთვისებული, ისევე, როგორც სამშვილდის ციხე თავის გეოგრაფიულ მდებარეობასთან არის კარგად შერწყმული. საქართველოში ციხის ამგებებმა კარგად იცოდნენ, ამა თუ იმ ტერიტორიაზე როგორი კედელი, თავდაცვის ზღუდეები უნდა აეგოთ...

სამშვილდის ციხე-ქალაქს რამდენიმე კედელი ჰქონდა. იყო ერთი გარეგალავანი, რომელიც მთლიანად ქალაქს იცავდა, აქ ცხოვრობდა მოსახლეობა და უკვე მეორე, დიდი კედელი, რომელიც უშუალოდ ციტადელს იცავდა. ციტადელი, როგორც წესი, ომიანობის დროს თავდაცვისთვის გამოიყენებოდა.

ნაგებობები, რაც არის წარმოდგენილი, ადგილობრივი ქვით არის ნაგები. მცირე ნაწილი - ტუფით, გამოყენებულია რიყის ქვაც. არის სხვა ტიპის ქვებიც, რომლებიც მშენებლებმა გამოიყენეს...

ეს ბევრჯერ დანგრეული, კედლებმორღვეული ციხე-ქალაქი სხვადასხვა დროს რესტავრაცია ჩაუტარდა, რეაბილიტაცია განიცადა. დღესაც დაკვირვებული თვალით ჩანს, რომ რამდენიმე მშენებლობის კვალია მასზე შერჩენილი.

სასურველი იქნება ამ ციხე-ქალაქის კონსერვაცია, რადგან ტურისტულად კიდევ უფრო აქტიური ზონა გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტული სივრცე იყოს, არამედ - სკოლის მოწაფეები ექსკურსიებზე დადიოდნენ. სამშვილდის ციხეზე არა ერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ იშვიათად შემხვედრია რომელიმე ტურისტული ჯგუფი. აქტიური სივრცე არ არის. ამ დროს ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს ამ ციხე-ქალაქის კონსერვაცია და, გარკვეულწილად, მოწყობა. ისედაც მკვეთრად ეტყობა თავისი დიდებულების კვალი...

(სპეციალურად საიტისთვის)