უკრაინის საიდუმლო დრონი "თახვი" - მოსკოვის ცათამბჯენების რისხვა - კვირის პალიტრა

უკრაინის საიდუმლო დრონი "თახვი" - მოსკოვის ცათამბჯენების რისხვა

უკრაინამ საიდუმლოების ფარდა თითქმის ერთდროულად ახადა აქამდე ძალზე გასაიდუმლოებულ, თავისი შეიარაღების ორ სისტემას, რომლებიც ოფიციალური კიევის მთავარ შურისმაძიებელ ბერკეტებს წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში...

ესენი არიან საჰაერო და საზღვაო კამიკაძე დრონები, რომლებითაც სისტემატურად იბომბება მოსკოვის ცენტრი და ხორციელდება შეტევები რუსულ სამხედრო ხომალდებზე, შავ ზღვაში.

3 მაისიდან მოყოლებული, როდესაც ორმა კამიკაძე-დრონმა ღამისეული საჰაერო შეტევები განახორციელა რუსეთის უმთავრეს ცენტრზე - კრემლზე, ყველას აინტერესებდა, თუ როგორც ახერხებდნენ უკრაინიდან აფრენილი დრონები მოსკოვამდე არანაკლებ 450 კმ-ის გადალახვას და რას წარმოადგენდნენ ისინი...

მოსკოვის გარეუბანზე ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს, როდესაც უკვე გათენებული იყო, ერთმა თვითმხილველმა მოახერხა მობილური ტელეფონის ვიდეოკამერაზე ორიოდე წამით დაეფიქსირებინა მისი კორპუსის თავზე დამახასიათებელი ხმით გადამფრენი დრონი - სტოპკადრში გამოჩნდა, რომ ამ საფრენ აპარატს „იხვის“ კონფიგურაცია ჰქონდა (როდესაც ჰორიზონტალური ფრთასხმულობა ფრთის წინაა გამოტანილი) და ფიუზელაჟის ბოლოში შიდაწვის ძრავა ეყენა პროპელერით...

2-dro-1690976645.png
MAGURA V5 -ის ტიპის კამიკაძე-კატარღის „ზურგზე“ განთავსებული ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობა და ილონ მასკის Starlink -ის თანამგზავრული კავშირის ანტენა...

და მხოლოდ ოთხი თვის თავზე უკრაინელები აქვეყნებენ ამ საიდუმლო კამიკაძე-დრონის ფოტოებს, რომელსაც „თახვი“ დაარქვეს და რომელიც უნდა იქცეს ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანის“ საპირწონედ დრონების ომში.

უკრაინული „თახვის“ ფრთაგაშლილობა 3 მ-მდეა და მისი აფრენა მცირე ზომის შასის გამოყენებით 150-200 მ-ის გარბენის შემდეგ ხდება, განსხვავებით ირანული „შაჰიდისგან“, რომლის სტარტი რაკეტული ამაჩქარებლით ხორციელდება და ამიტომაც მას აღარ სჭირდება შასი, ხოლო "თახვისთვის“ ეს სამწერტილიანი შასი დამატებით წინააღმდეგობად იქცევა შორს მანძილზე ფრენისას და მის რადიოლოკაციურ შემჩნევადობასაც მცირედით ზრდის.

„თახვი“, ისევე, როგორც „შაჰიდი“, ათას კმ-ზე შორს მიფრინავს, დაახლოებით, 150-170 კმ/სთ სიჩქარით და მათი მართვა ინერციული და თანამგზავრული ნავიგაციის საშუალებით ხდება ანუ მათ ოპერატორი დისტანციურად კი არ მართავს, არამედ - სტარტის წინ მათი მართვის სისტემაში იტვირთება ელექტრონული რუკა წინასწარ განსაზღვრული ფრენის მარშრუტით, სამიზნეზე ზუსტად გასასვლელად.

შესაბამისად, მათი მართვის პროცესში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩარევა ძალიან რთულია - მართალია, შესაძლებელია GPS-ს ნავიგაციის დროებით ჩახშობა, მაგრამ ამ დროს დრონის მართვა ინერციული სისტემით (ჰიროსკოპების საშუალებით) გრძელდება, რაზეც არ მოქმედებს ყველაზე მძლავრი, მიმართული რადიოტალღების „დასხივებაც“ კი (უკრაინულ „თახვს“,რომ ინერციული ნავიგაციის სისტემაც უყენია, მიუთითებს მისი ცხვირის ნაკვეთურში არსებული „პიტოს მილი“ - ჰაერმიმღები მილი, ბარომეტრული ხელსაწყოებით ფრენის სიჩქარისა და სიმაღლის გამოსათვლელად).

ამიტომაც, 30 ივლისსა და 1 აგვისტოს, „მოსკოვი სიტის“ ერთსა და იმავე ცათამბჯენზე (ოღონდ სხვადასხვა სართულზე) უკრაინული „თახვების“ „სტუმრობა“ მათი ფრენის მართვის მაღალ დონეზე მიუთითებს.

უკრაინული „თახვების“, ისევე, როგორც ირანულ/რუსული „შაჰიდ/გერანების“ ტიპის კამიკაძე-დრონების საბრძოლო გამოყენება მაღალეფექტიანია სტაციონარული ანუ უძრავი სამიზნეების წინააღმდეგ, მაგრამ მოძრავ სამიზნეებს ისინი ვერ დააზიანებენ, ამისთვის მათი მართვის სისტემებში აუცილებელი გახდება ორმაგი ვიზუალური კავშირის საშუალების დამატება, რათა ოპერატორმა დისტანციურად შეძლოს ფრენის ბოლო მომენტში დრონის ზუსტად მიმართვა მოძრავ და, შესაბამისად, ადგილმდებარეობის კოორდინატების შემცვლელ სამიზნეზე.

უკრაინელებმა არა ერთი ირანული „შაჰიდი“ ჩამოაგდეს, რომელთა ფრაგმენტების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მათ არანაკლებ 50 კგ მასის საბრძოლო ქობინები ეყენათ ყველამხრივი კუმულაციური ძაბრებით, რაც განაპირობებს „შაჰიდების“ საბრძოლო ქობინების დეტონაციისას სამიზნეების საკმაოდ ძლიერ დაზიანებას.

მოსკოვის ცათამბჯენებზე უკრაინული „თახვების“ აფეთქებების შედეგად მიყენებული ზიანის დონე შესამჩნევად მცირეა, რაც იმას უნდა მიუთითებდეს, რომ „თახვების“ საბრძოლო ქობინების სიმძლავრე არანაკლებ ორჯერ ჩამოუვარდება აფეთქების სიძლიერით „შაჰიდისას“ და შეიძლება 20 კგ-ს თუ აღწევდეს.

ერთი უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონის „თახვის“ ფასი 4 მლნ უკრაინულ გრინვას აღწევს, რაც, დაახლოებით, 100 ათასი აშშ დოლარია. ეს არცთუ ისე მცირე ფასია, რადგან იმავე ირანული „შაჰიდის“ ღირებულება 50 ათასს დოლარსაც არ შეადგენს.

მეორე უკრაინული „საიდუმლო იარაღი“, რომელთა გამოყენებითაც უკრაინელმა სამხედროებმა არა ერთი წარმატებული თუ წარუმატებელი შეტევები განახორციელეს ოკუპირებული სევასტოპოლის ყურეში, ასევე, გაშლილ ზღვაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდებზე, საზღვაო კამიკაძე-კატარღა MAGURA V5 -ია. უკრაინელებმა MAGURA V5 -ი პირველად ღიად 26 ივლისს, თურქეთში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე - IDEF 2023-ზე აჩვენეს და გაასაჯაროვეს მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები - 5,5 მ სიგრძისა და 1,5 მ სიგანის უპილოტო კატარღა მაქსიმალურ 42 კვანძს(77,8 კმ/სთ) ავითარებს (კრეისერული სიჩქარე 22 კვანძია - 40,7 კმ/სთ) და მაქსიმალურ მანძილზე - 833 კმ-ზე შეუძლია გაცურვა (კრეისერული სიჩქარით ცურვისას). უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონის პლიუსი ის არის, რომ წყლის ზედაპირიდან მისი კორპუსი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული და ძალიან ძნელი შესამჩნევია მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდების რადიოლოკატორების მხრიდან, თუმცა სწრაფად მცურავი, ამ უპილოტო კატარღების აღმოჩენა ჰაერიდან დღისით ვიზუალურად ადვილად ხდება, რადგან სწრაფად ცურვისას ისინი შესამჩნევ თეთრი ფერის ტალღებს ტოვებენ, ამიტომაც მათ საბრძოლო გამოყენებას უკრაინელები, ძირითადად, ღამის საათებში ცდილობენ, როგორც ეს წარმატებით განახორციელეს 17 ივლისს, ყირიმის ხიდის მეორედ აფეთქების დროს... საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო ხომალდები ზღვაში მუდმივად გადაადგილდებიან და ტორპედო საწინააღმდეგო მანევრებს ახორციელებენ, შესაბამისად, მათზე საზღვაო კამიკაძე-დრონების ზუსტად „გასაყვანად“ აღარ კმარა მხოლოდ ინერციული და GPS-ს ნავიგაცია, საჭიროა, რომ ოპერატორს შეეძლოს დისტანციურად მართვა ონლაინ-რეჟიმში, ეს კი უპილოტო კატარღაზე ვიდეოკამერების და ორმხრივი თანამგზავრული კავშირის სისტემის დაყენებას მოითხოვს. MAGURA V5-ზე ორმხრივ თანამგზავრულ კავშირს ილონ მასკის Starlink -ის სისტემა უზრუნველყოფს, რაზეც მიუთითებს ამ კამიკაძე-კატარღების „ზურგზე“ დამონტაჟებული „სტარლინკის“ დამახასიათებელი ფორმის თანამგზავრული ანტენებიც... უკრაინულ MAGURA V5 -ს 320 კგ მასის საბრძოლო ქობინი უყენია და კამიკაძე-დრონის სამხედრო ხომალდის ბორტზე შეჯახებისას, წესით, ამ უკანასკნელს გადარჩენის შანსი არ უნდა დარჩეს, თუმცა უკრაინელთა სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება - გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც ამ კამიკაძე-დრონზე დამონტაჟებული ვიდეოკამერითაა გადაღებული და ონლაინ-რეჟიმში მართვის პუნქტზე გადაცემული, კატარღა ეჯახება რუსული სამხედრო ხომალდის ბორტს და... არაფერი ხდება, რადგან ეს ხომალდი სევასტოპოლის ბუხტაში დაუზიანებელი დაბრუნდა... უკრაინული მხარის განცხადებით, მათ ომის დაწყებიდან არანაკლებ 120 მისია შეასრულეს კამიკაძე-კატარღებით შავ ზღვაში რუსი აგრესორების მცურავი საშუალებებისა და სანაპირო ობიექტების წინააღმდეგ. საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონების (რომელთაც მალე უფრო ინტენსიურად დაემატება სახმელეთო კამიკაძე-მანქანებიც) საბრძოლო გამოყენების ხერხების სწრაფი დახვეწა მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები „მანქანების ომებად“ გადაიქცევა, სადაც გადამწყვეტ სიტყვას „ხელოვნური ინტელექტი“ იტყვის, თუკი ადამიანმა მანქანებს ასეთი „ტვინითაც“ დააჯილდოებს...