"თუ ივანიშვილი რეპრესიების გაგრძელებას სამოქალაქო სექტორზეც აპირებს, დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დააჩქარებს იმ შესაძლო სანქციებს"
თუ ივანიშვილი რეპრესიების გაგრძელებას სამოქალაქო სექტორზეც აპირებს, დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დააჩქარებს იმ შესაძლო სანქციებს, რომელიც პერსონალურად მას ემუქრება , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომლებიც 2020 წლის არჩევნებსა და ISDED-ის პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობასთან დაკავშირებით პარალელს ავლებენ დონალდ ტრამპის საქმესთან, რომელსაც აშშ-ში ბრალი არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს.
ბოკუჩავას თქმით, გარდა იმისა, რომ აშშ-თან პარალელის გავლება სრული აბსურდია, ეს არის, ასევე, კონცეპტუალური აღრევაც, რადგან ტრამპი იმ დროს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და გარკვეული უწყებები ექვემდებარებოდა, ამიტომ დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ეს განცხადებები, სავარაუდოდ, არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის წინაპირობაა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარალელის გავლება "რუსული ოცნების" მხრიდან სრული აბსურდია. გვახსოვს, გვიმტკიცებდნენ, რომ რუსული კანონი ამერიკული კანონია, როცა ამერიკის ელჩი, ისევე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ცხადად ამბობდნენ, რა იყო რუსული კანონი, ასე რომ ეს პარალელი აბსურდია "რუსული ოცნების" მხრიდან, თუმცაღა გავიხსენოთ იმდროინდელი მოვლენები აშშ- ში, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და შესაბამისად, მას ექვემდებარებოდა ბევრი უწყება, ამიტომ სრული კონცეპტუალური აღრევაა ამ შედარებაში.
რაც შეეხება წინა არჩევნებს, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ის ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც არჩევნები, რომელიც ჩატარდა ლეგიტიმაციის ზღვარზე და დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი საზომი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და არავინ დაუშვებს იმას, რომ "რუსულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს მოჰპაროს არჩევანი, უზურპირებული ინსტიტუციების ხარჯზე გაიფორმოს გაიფორმოს მოპარული არჩევნების შედეგები.
საინტერესოა, რას აპირებს "რუსული ოცნება" არის თუ არა მათი განცხადებები იმის წინაპირობა, რომ როგორც მაგალითად, პრეზიდენტს ემუქრებოდნენ, ახლა ISDED -ს ან მის ხელმძღვანელობას დაემუქრონ სხვადასხვა სამართლებრივი პასუხისმგებლობით? ! არასამთავრობო სექტორის ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე აპირებს გადავიდეს "რუსული ოცნება" ისევ და ისევ რუსული მეთოდების გამოყენებით?! დღეს ჩვენს ქვეყანაში არაერთი ოპონენტი არის პოლიტიკურ ტყვეობაში და თუ ასეთი ტიპის რეპრესიების გაგრძელებს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორზეც აპირებს, დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დააჩქარებს იმ შესაძლო სანქციებს, რომელიც პერსონალურად მას ემუქრება და ერთხელ და სამუდამოდ გამოუტანს განაჩენს მას ქართველი ხალხი არჩევნების გზით", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც აშშ - ში დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს, უმრავლესობის წევრებმა 2020 წლის არჩევნებზე, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში არსებულ ცდომილებასა და "შესაძლო დანაშაულის ნიშნების" არსებობაზე საუბარი დაიწყეს.
"ინტერპრესნიუსი"