"რეპეტიტორი არ მყოლია და სახლში, დამოუკიდებლად ვემზადებოდი" - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღეს? - კვირის პალიტრა

"რეპეტიტორი არ მყოლია და სახლში, დამოუკიდებლად ვემზადებოდი" - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღეს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები გამოაქვეყნა. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ინგლისურ ენაში უმაღლესი, 70 ქულის მიღება შეძლეს და მათ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ:

ერთ-ერთი ანასტასია ღარიბაშვილია. მან თბილისის 157-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაღალი შეფასების მიღება შეძლო და 55 ქულა აიღო. სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. ამბობს, რომ ინგლისურ ენაში უმაღლესი შედეგის მიღწევაში სისტემატური მეცადინეობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა:

- უმაღლესი შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ინგლისური ენა ძალიან მიყვარს, წიგნებსაც ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი და ვფიქრობ, აქედან ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, საკუთარი თავის მჯეროდა. მასწავლებელიც დიდ მოტივაციას მაძლევდა და ოჯახშიც მხარს მიჭერდნენ. მგონია, სისტემატურ შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

მარიკო ნემსაძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მანაც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აქვს. ფსიქოლოგიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ინგლისურ ენაში დამოუკიდებლად მეცადინეობდა და ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა აბიტურიენტებს უზიარებს:

- ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობ. რეპეტიტორი არ მყოლია და სახლში, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ვწერდი ესეებს, ვაკეთებდი სავარჯიშოებს. სხვა აბიტურიენტებიც მეხმარებოდნენ იმ თვალსაზრისით, რომ რჩევებს მაძლევდნენ და თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ. წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ოლიმპიადასა და შეჯიბრზე გავდიოდი, ამიტომ მოსასმენი სავარჯიშოს სპეციფიკას, გარემოს მიჩვეული ვიყავი. ყველაზე მეტად, რაც მაღელვებდა, ესსეს ნაწილი იყო. ბევრს ვკითხულობდი, ჩემი თანატოლების გამოცდილებასაც ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, ფორმატიც კარგად გავიგე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ გვაქვს და მაქსიმალურად მოვინდომოთ. მგონია, იმ დაბრკოლებებთან შედარებით, რომელთა გადალახვაც შემდეგი წლების მანძილზე მოგვიწევს, ეს მინიმალურია. ამიტომ, ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ, ვიყოთ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ყველაფერი მარტივად გამოგვივა. იხილეთ სრულად