"უნდა მიხვდეს ხალხი, როგორ უსინდისოდ ატყუებენ" - კვირის პალიტრა

"უნდა მიხვდეს ხალხი, როგორ უსინდისოდ ატყუებენ"

ტრანზიტი არსებობს და უნდა იარსებოს საქართველოს სახეიროდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მიდის და შემდეგ დასავლეთის ბაზარზე ხვდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სატრანზიტო დერეფანზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დასავლეთს აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება, მათ შორის, იმიტომ, რომ რუსეთის ჩაკეტვის შემდეგ ჩვენ ვართ ალტერნატიული დერეფანი.

მისივე თქმით, ახლა პიარს აკეთებს ღარიბაშვილი, ოღონდ მეორე ხელით ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.

„ივანიშვილის რეჟიმი, ანუ ეს კაცი, ღარიბაშვილი, რომელიც ახლა ჩასულია და სატრანზიტო შუა დერეფანზე ლაპარაკობს, იგივე რეჟიმია, ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რომ დასავლეთს სურს ომი და სისხლისღვრა საქართველოში - ეს ორი ერთდროულად როგორ თანხმდება?!

ეს ტრანზიტი არსებობს და უნდა იარსებოს საქართველოს სახეიროდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი მიდის და შემდეგ დასავლეთის ბაზარზე ხვდება.

ამითაც კი უნდა მიხვდეს ხალხი, როგორ უსინდისოდ ატყუებენ მათ და რაც მთავარია, დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის, ჩვენს ბუნებრივ წიაღში დაბრუნებისა და დაცულობის გარეშე ვერანაირი ტრანზიტი ვერ გვახეირებს.

მაგალითად ანაკლიის პორტის აუშენებლობის გამო, ჩვენ უკვე დავკარგეთ ათეულობით მილიონი დოლარი, თუ უფრო მეტი არა, იმის გამო, რომ საკმარისი გამტარუნარიანობა არ გვაქვს რუსეთის დაკეტვის შემდეგ და ეს ამ რეჟიმის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"