"თეატრში ზოგჯერ აყვირდებოდა, გინებაც იცოდა... რეჟიმის კაცი იყო, დაგვიანება არ უყვარდა" - თენგიზ ჩანტლაძის 85 წლის მეუღლის მოგონებები
მისი დღე იწყება და მთავრდება თენგიზ ჩანტლაძეზე მოგონებებით. მისაღები ოთახის კედლები სავსეა ფოტოებით - ზოგან მხოლოდ ბატონი თენგიზია, ზოგან - მეუღლესთან ერთად, მათ მიერ განსახიერებული როლების ამსახველი სურათებიც აქვეა... ქალბატონი ზაირა ჩანტლაძე, რომლის ცრემლები და იუმორი ერთმანეთს ენაცვლება, ამბობს: „ამ ქვეყნად ერთადერთი თემა დამრჩა - თენგიზ ჩანტლაძე, მასზე ვფიქრობ ყოველდღე. გუშინ თენგოს ბლოკნოტს ვათვალიერებდი... ბოლო ორთვენახევრის მანძილზე 4-ჯერ ვიწექი საავადმყოფოში. ღამის ოთხის ნახევარზე მეწყებოდა სპაზმები, ვიხრჩობოდი და სასწრაფოს მივყავდი ყოველ ჯერზე. გული ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს, დამატებით სამი სტენტი დამჭირდა... მიხარია, როცა ჟურნალისტებს ვახსენდები და მათ სიამოვნებით ველოდები ხოლმე...“
- თენგიზ ჩანტლაძეს 5 ივნისს 90 წელი შეუსრულდებოდა. ქალბატონო ზაირა, როგორ აღნიშნეთ ეს დღე?
- ახალი გამოსული ვიყავი საავადმყოფოდან, თუმცა სასაფლაოზე მაინც წავედი. სხვათა შორის, მერაბ სიჭინავამ (მსახიობი, იუმორისტი) ზეპირად იცის თენგოს მთელი შემოქმედება. მასთან პირადი მეგობრობა არ ჰქონია, მაგრამ მერაბს არ ავიწყდება არც 5 ივნისი და არც 7 სექტემბერი (7 სექტემბერს 35 წელი სრულდება თენგიზ ჩანტლაძის გარდაცვალებიდან. - ავტ.). წინადღეს მირეკავს და მეკითხება: ქალბატონო ზაირა, მანქანით რომელ საათზე მოგაკითხოთო? წელს, ჩვენ ორნი ავედით სასაფლაოზე. ტრაგედიაა, რომ თენგიზის მეგობრებიდან აღარავინაა ცოცხალი. ჩვენი თეატრის ყოფილი მსახიობები ან თანამშრომლები მირეკავენ ხოლმე, ახლაც ხუთმა გოგონამ (ასე ვეძახი ჩემზე უმცროს ქალბატონებს) დამირეკა და მითხრეს, რომ ხუთ საათზე ავიდოდნენ სასაფლაოზე. მაგათზე დიდი ამაგი გვაქვს მე და თენგოს, ჩვენი შვილობილები არიან. რადგან მე და მერაბი უკვე გზაზე ვიდექით, ამათ ვუთხარი, რომ ექვსზე ჩემს სახლთან მოსულიყვნენ. აქვე ახლოს, ძალიან კარგი რესტორანია, თან მიცნობენ, მარტო ერთი დარეკვა იყო საჭირო. ირგვლივ ყველა პატივს მცემს, განებივრებული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, თენგოს დამსახურებაა. მშვენიერი სუფრა იყო და ლამაზი დღე გამოვიდა. თამადა ნატო გიორგაძე გახლდათ - 18 წლისა მოვიდა სამუშაოდ თეატრში და ჩვენს ხელში გაიზარდა, სახასიათო მსახიობი გახდა. ჩემი ჯგუფელი და მეგობარი, კომპოზიტორი ჯუბა (ჯუმბერ) ჯანდიერიც ჩვენთან ერთად იყო. ზარები არც რესტორანში წყდებოდა... სუფრასთან მოვიდა საშუალო ასაკის კაცი და მეუბნება: ქალბატონო ზაირა, ვერ მიცანითო? ჩვენს თეატრს ერთხანს პატარა ორკესტრი ჰყავდა და იქ უკრავდა. ამდენი წლის მერე ვეღარ ვიცანი. რესტორანში უცხოელები - ინგლისელები ისხდნენ, იმათი ყურადღების არეშიც მოვექეცით, საგანგებოდ ჩვენ მოგვიძღვნეს მუსიკალური ნაწარმოები.
- ბატონ თენგიზს რა მუსიკა მოსწონდა?
- გამორჩეულად ჩარლი ჩაპლინის მუსიკა უყვარდა. თენგო რომ გარდაიცვალა, გასვენებამდე დღე და ღამე მხოლოდ ჩაპლინის მუსიკა ისმოდა, ძალიან წყნარად და ჩუმად. მის დაკრძალვაზე არკადი რაიკინის თეატრიდან, მგონი, ნახევარი დასი ჩამოვიდა, მათთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. რაიკინმა წიგნი მაჩუქა წარწერით. მერე როცა ლენინგრადში გვქონდა გასტროლი, ერთი ქალბატონი - კულტურის სახლის დირექტორი ისე მოიხიბლა ჩვენი სპექტაკლით („კაცია-ადამიანი?!"), რომ მითხრა: ძალიან გთხოვთ, ნება დამრთეთ გიყუროთ, ხორეშანის როლისთვის როგორ ემზადებითო. თბილისში დავბრუნდით და იმ ქალმა დაბადების დღეზე გამომიგზავნა სურათი, სიყვარულით სავსე მინაწერით და ნამცხვარი, რომელიც მიყვარდა.
- თქვენი მომზადებული კერძებიდან, ყველაზე მეტად რომელი უყვარდა?
- ერთ-ერთ სპექტაკლში სასიყვარულო სიტყვებს მეუბნება და ერთ დღესაც მითხრა, - ჩემო „სოუზო“ (უყვარდა ძალიან). მერე ჩვევად გაიხადა, რომ თუკი სახლში ეს კერძი გვქონდა სადილად, ამ ფრაზას იმეორებდა. ისეც ხდებოდა, რომ ახალი წლის წინ, ჩემო საცივოო, მეტყოდა ხოლმე. იყო სპექტაკლი, სადაც როლი არ მქონდა, მხოლოდ „მასოვკაში“ ვიჯექი. ვცდილობდი, ლამაზად ჩამეცვა და კაბებს ვიცვლიდი. პრანჭია ვიყავი ბავშვობიდან. ერთხელაც, ახალი, ოქრომკედით ნაქარგი კაბა ვიყიდე და პირველად ჩავიცვი ამ სპექტაკლზე. თენგოს ჯერ არ ენახა კაბა, არც მითქვამს. საერთოდ, ხელფასს რომ ავიღებდით, ხელს არ ჰკიდებდა, მე ვიყავი ყველაფრის მოლარე, მენდობოდა. მიდის წარმოდგენა, ვზივარ ტახტზე წინა პლანზე და ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული. დაიწყო ის სცენა, რა დროსაც თენგო პარტნიორს მიმართავს და დროდადრო ჩვენკენ იყურება. გამოიხედა, რაღაც არ ეცნო ჩემი კაბა; კიდევ გამომხედა, გავუღიმე... იმ დღეს სახლში ფელამუში მოვამზადე. თენგო თავის ტექსტს ამბობს: აგერ, სტუმრები გვყავს, აქ არის ქალბატონი ფელამუშაც და იპრანჭებაო! ატყდა ხარხარი...
- შინაურულად რას გეძახდათ მეუღლე?
- ჩემმა დისშვილმა ლევან ლორთქიფანიძემ ბავშვობაში დამარქვა „თლიალა“, ზაირასთან რა კავშირი აქვს, არ ვიცი. თენგო და ყველა ასე მომმართავდა, დღესაც „თლიალა“ ვარ. თენგოს „ბურთუს“ (ლოყების გამო) ვეძახდი.
- ბაზარში დადიოდა?
- აბა, რა! მაგაზე ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. თეატრში დამთავრდა რეპეტიცია და ბაზარში გავიაროთო, მითხრა. არადა, საღამოს სპექტაკლი გვაქვს, თან „კაცია-ადამიანი?!“. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ლუარსაბის როლში თენგოს რა დატვირთვა ჰქონდა, კარგად იცით. შევედით დეზერტირების ბაზრის პირველ სართულზე მწნილების განყოფილებაში, წიწაკაზე გიჟდებოდა. ხის დიდ კასრებში მწნილებს ვათვალიერებთ და ამ დროს მოგვიახლოვდა ასაკოვანი კაცი: ბატონო თენგიზ, თქვენ ხართ? გადავირევი, დღეს თქვენს სპექტაკლზე მოვდივარ და აქ რამ მოგიყვანათო? მეუღლემ რომ მთხოვა, ბაზარში წადიო, ვუთხარი - საღამოს თეატრში მივდივართ და რა დროს ბაზარია-მეთქი, ძლივს დამითანხმაო. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენ სულ მზად ვიყავით სტუმრების მისაღებად. თითქმის ყოველი სპექტაკლის შემდეგ, იმდენად ახლობელი ხალხი და სამეგობრო შემოდიოდა მოსალოცად, ყველას სახლში ვეპატიჟებოდით. ზოგჯერ გრიმი დილის 8 საათზე მომიხსნია. მივიდოდით თუ არა სახლში, მაშინვე სამზარეულოში შევვარდებოდი... დღესაც მიყვარს, როცა რამეს ვამზადებ. სტუმრები კი მოდიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად მარტო ვარ და სულ რაღაცას ვიგონებ, უბრალო საჭმელშიც კი სულს ვდებ. მიხარია, როცა ვინმე მოდის და ვუმასპინძლდები.
- ქალბატო ზაირა, 7 თებერვალს 85 წლის გახდით. საიუბილეო თარიღი ალბათ, ბევრმა მოგილოცათ.
- თენგოს ძალიან უყვარდა ჩემი დაბადების დღე, რომელსაც ზეიმად გადააქცევდა ხოლმე და თავისი ხომ, რაღაც სასწაული იყო. ყოველი წვეულება ჰგავდა სპექტაკლს, თამადა აუცილებლად თავად იყო. წელს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა ჩემს დაბადების დღეს. ჩემი შვილობილი გოგონები მოვიდნენ, დანარჩენები მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან, ამერიკიდან ჩემი კურსელი მზია მაღლაკელიძე შემეხმიანა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ზოგი იტალიაშია, ზოგი ესპანეთში... სხვათა შორის, ბლოკნოტში ვიწერ ვინც მირეკავს, ჩემთვის ვინახავ და მერე გადავათვალიერებ ხოლმე. ზოგჯერ თავსაც ვიწონებ.
- საჩუქრებს დაბადების დღეების გარეშეც გიძღვნიდათ ბატონი თენგიზი. მისი ბოლო საჩუქარი რა იყო, გახსოვთ?
- თუ რამე არსებობდა ლამაზი და მშვენიერი, თენგოს ყველაფერი ჩემთვის უნდოდა. მაშინაც ფული მომცა, რაც გინდა იყიდეო, თან კვდებოდა სიცილით, ხომ ვიცი, რასაც იყიდი - ბეჭედსო! სამკაულები მიყვარდა. როცა გარდაიცვალა, ფული ისევ მედო... ჩემი საჩუქრისთვის განკუთვნილი თანხა ერთ-ერთ მსახიობს მივეცი, ის საშინელება (სასახლე) უნდა გვეყიდა. მოვიდა ნამტირალევი. შეკვეთა მიუცია და უთქვამს, თენგიზ ჩანტლაძისთვის გვინდაო. ის კაცი გაგიჟებულა, - რა უბედურება მომხდარა, ფულს როგორ გამოგართმევთ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგემსახუროთ და სასახლეს საუკეთესო მასალისგან დავამზადებო. მაშინ მუხისა იყო ყველაზე ძვირფასი.
თენგოს საჩუქრების გაცემა უყვარდა, არ გამორჩებოდა ვინმეს დაბადების დღე, 8 მარტი. ყველაზე მეტად უყვარდა ჩვენი შვილობილი ნინო ჯაფარიძე და ყოველთვის გამორჩეულად ფიქრობდა მის საჩუქარზე. ნინოს რა ვუყიდოთო? - მკითხავდა ხოლმე. თეატრში გვყავდა სცენის მუშა, ახალგაზრდა ბიჭი საშა კოლცოვი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. ეს როცა გაიგო, საშა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ოდესაში რაიკინის თეატრის სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებად ჩავედით. თენგომ და მე უამრავი საჩუქარი შევიძინეთ თბილისში დასარიგებლად. იცით, ვისი იყო ყველაზე ძვირფასი ნივთი? კოლცოვის.
თენგიზს მეგობრები ძალიან ანებივრებდნენ. ქუთაისში როცა ჩავდიოდით, გადაყოლილები იყვნენ, ისეთ საჩუქრებს უკეთებდნენ. ერთხელ არაჩვეულებრივი ბეჭედი და ამერიკული ფოტოაპარატი - პოლაროიდი მოუტანეს. ყოველდღე ბანკეტი იყო დაგეგმილი. სასტუმროში ჩვენთვის ტოვებდნენ ტორტებსა და თაიგულებს. ცნობილი პიროვნება იყო მეობა - ოთარ სულაბერიძე, ჩვენს ქორწილს თბილისში ვერ დაესწრო და საღორიას ტყეში გადაგვიხადა ქორწილი. სვანი მეგობარი გვყავდა ჯოკი ონიანი, იმან თავის ოჯახში აღნიშნა ჩვენი შეუღლება. ქობულეთში ათი წელი ერთსა და იმავე ოჯახში მიგვყავდა მთელი თეატრი. იმ ხალხს ისე უყვარდა თენგიზი, რომ სახლის ასაშენებელი ადგილი გვაჩუქეს, მაგრამ...
- ჯვარი დაწერილი გაქვთ?
- არა, მაშინ მოდაში არ იყო, თან თენგო პარტიის წევრი გახლდათ. ერთ დილას ჩვენს სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილი მე ავიღე. პირველი მაისის რაიკომიდან რეკავს ერთი ქალბატონი, ციცო ჯანაშია და მეუბნება: ქალბატონო ზაირა, რაიკომის აზრია, რომ თქვენ მიგიღოთ პარტიაშიო. მგონია, რომ თენგოს სძინავს, თურმე ესმის მისი ხმა, თან იცნობდა და ხმამაღლა ამბობს: ციცო, დაკიდე ყურმილი, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო!
- როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, სიმკაცრეს იჩენდა? როგორი პარტნიორი იყო?
- ზოგჯერ აყვირდებოდა, გინებაც იცოდა... არ გამოდიოდა სხვანაირად, თეატრის ხელმძღვანელი ასე თუ არ მოიქცა, ზოგიერთი ისეთი დაუმორჩილებელია, ვერაფერს გააწყობ. რეჟიმის კაცი იყო, დაგვიანება არ უყვარდა. ის გახლდათ არაჩვეულებრივი და ურთულესი პარტნიორი... რეჟისორი იყო და პარტერში იჯდა პირველ რიგში, ჩვენ სცენაზე თავს „ვიკლავდით“. ჩვენთან ერთად სცენაზე არც ერთ რეპეტიციას არ გადიოდა. მუშაობის ასეთი მეთოდი ჰქონდა. პრემიერის დღეს რომელი კულისიდან გამოვიდოდა, არავინ იცოდა. თან შეეძლო ერთ დღეს სპექტაკლზე მარჯვენა კულისიდან შემოსულიყო, მეორე დღეს იმავე სპექტაკლზე - მარცხნიდან. სპექტაკლის მსვლელობისას იმპროვიზაციებზე აღარაფერს ვამბობ, თენგიზ ჩანტლაძე ამით იყო ცნობილი.
- მისი გარდაცვალების შემდეგ, სცენაზე დგომა რთული იყო თქვენთვის?
- სცენაზე ვიდექი და თენგოს ვეძებდი. ველოდი, რომელი კულისიდან გამოჩნდებოდა... უკვე გარდაცვლილი იყო, როცა მისი ბავშვობის დროინდელი ლამაზი სურათი კულონში ჩავსვი და ძეწკვთან ერთად სულ გულზე მეკიდა. ერთ დღესაც, სპექტაკლი ვითამაშე, გამოვედი „პაკლონზე“ და წკაპ, უცბად კულონი გაიხსნა. მეგონა, კარგად არ იყო დახურული... მომდევნო სპექტაკლებზეც იგივე განმეორდა და ცოტა შემეშინდა, ახლაც ყალყზე დამიდგა თმა. გრძნობდა, რომ სცენაზე ვიდექი?..
- 90 წლის თენგიზ ჩანტლაძე როგორი წარმოგიდგენიათ...
- ...თენგო ჩემთვის ისევ ისეთია, პირველ დღეს რომ გავიცანი... დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ აღარ არის... იმდენად მენატრება, რომ იცით, რა სურვილი მაქვს? ნეტავ შემეძლოს დავინახო, დღეს როგორია... თენგიზის სულს გეფიცებით, სულ ამაზე ვოცნებობ! სიკვდილის არ მეშინია...
ნანული ზოტიკიშვილი