"ბიძინა ივანიშვილი მოსწონთ და რა გახდა ასეთი, ლევან ბერძენიშვილი აიტანონ? თურმე დავით აღმაშენებელი არ მყვარებია... თამარზე კი სულ სხვა რამ ვთქვი!"
ინტერვიუ ჩაწერილია 1-ლ აგვისტოს
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ლევან ბერძენიშვილის მიმართ არაერთი კრიტიკა გაისმა... თუ რას ფიქრობს მწვავე გამონათქვამებზე, რა ახალი წიგნები გამოსცა და ამჟამად რაზე მუშაობს, ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილს დავუკავშირდით...
- ბატონო ლევან, რას იტყვით თქვენი გამონათქვამების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე?
- კრიტიკას ვინც გამოთქვამს, ის ხალხი გახლავთ, რომლებიც 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, ჩემს ლექციებსაც უსმენენ, შემდეგ იქედან რაღაცას ამოკრეფენ, ვერ გაერკვევიან და შენიშვნებს მაძლევენ... მაგალითად, შენიშვნა მივიღე მოქალაქე - ნინო წილოსანისგან, რომელსაც ჰგონია, რომ თამარ მეფის მამას გიორგი ბრწყინვალე ერქვა... აი, ასეთ ხალხს რა უნდა ვუსმინო? - წარმოდგენა არ აქვთ ისტორიის შესახებ...
- ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გამოცემები გაქვთ, რომლის შესახებ ნაკლებად საუბრობენ...
- ჩემი ავტორობით შვიდი წიგნი გამოვიდა, შვიდი კიდევ უნდა გამოვიდეს, თავი მოვიკალი არქივებში ჯდომით და პასუხად მივიღე, რომ მე თურმე დავით აღმაშენებელი არ მყვარებია... პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ასეთი უსინდისობა არ მეკუთვნოდა! სინამდვილეში, მე დავით აღმაშენებელს ვაღმერთებ!
- დავით აღმაშენებელზეც თქვით რამე უარყოფითი?
- არა, ვამბობ, რომ დავით აღმაშენებელი კარგი მეფე იყო და სხვები - ნაკლებად...
- თამარ მეფეზე მართლაც ასე თქვით, რომ მისი მეფობა კატასტროფა იყო ჩვენს ისტორიაში?
- არა, რა თქმა უნდა! თამარზე მე სულ სხვა რამეს ვამბობ... იმ წესების მიხედვით, რომელიც ქრისტიანული წესრიგის მიხედვით არსებობს, „ვეფხისტყაოსანში“ გამეფდა ტარიელი და არა - ნესტან-დარეჯანი... რუსთაველმა, ფაქტობრივად, გააკრიტიკა ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ისტორიაში იყო. მისი აზრით, თამარი მეფე არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა, რაც ისტორიაში ჩაღრმავებას მოითხოვს...
მე, ლევან ბერძენიშვილი, მოქალაქე ვარ და ჩემი აზრი მაქვს თამარ მეფის შესახებ. შეიძლება მე ძალიან მტყუანი ვიყო და ამით რა მოხდა?! მაგალითად, ძალიან კარგი პიროვნებაა, გადასარევი პროფესიონალია ჩემი მეგობარი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცოლი მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყარა... ამიტომ, ეს კაცი გადავაგდოთ?
– ეს ერთგვარი აღიარება ხომ არ არის, რომ თამარ მეფეზე შეიძლება შეგეშალათ?
– რა თქმა უნდა! შეიძლება, შემეშალოს კიდეც... ვფიქრობ, რომ დავით აღმაშენებელი იყო დიდი მეფე და ერეკლე მეორე პატარა. თუ შემთხვევით მე მართალი არ ვარ და ერეკლე მეორე იყო დიდი და დავით აღმაშენებელი პატარა (მეტი მაგათ არ აუდგათ გვერდები), ამით რა მოხდა?!
მე არ მომწონს ერეკლე, მომწონს დავით აღმაშენებელი და არ შეიძლება?! მომწონს ხვიჩა კვარაცხელია, არ ვგიჟდები თვით მესიზეც კი და არ მაქვს ამის უფლება?! - მაქვს! ისიც კი შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია ვინმეს არ მოსწონდეს. თუმცა ეს მე პირადად ძალიან მეწყინებოდა და ამიტომაც, მესმის ერეკლეს მომხრეებისაც.
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია და ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს! თუ ეს ვინმეს არ ესმის, ამ ჩამორჩენილ და შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ მინდა!
ბოლოს და ბოლოს არის ხალხი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი მოსწონთ და რა გახდა ასეთი, ლევან ბერძენიშვილი აიტანონ თუნდაც არაერთი, მათ აზრით, არასწორი გამონათქვამის გამო?!
– თქვენი ახალი გამოცემების შესახებ რომ გვითხრათ...
– რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, დიდი მადლობა ამით დაინტერესებისთვის და მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ჩემი შემდეგი წიგნები გამოიცა:
მოგონებების წიგნი „წმინდა წყვდიადი“ (თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, უნგრულ, რუმინულ, ჩეხურ, სერბულ, ინდურ და ეთიოპურ ენებზე), წარდგენილი იყო ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის პრემიაზე, მოხვდა ე.წ. „ლონგლისტში.“
წიგნიერების ევოლუცია
დიდი გასეირნება ლიტერატურაში
ჰო და არა
თარგმანები:
ჰომეროსის ილიადა
ესქილეს ორესტეა
ვერგილიუსის ენეიდა
ევრიპიდე 4 ტრაგედია
ესქილეს ტრაგედიები
შარშან გამოიცა:
„1921-1990, ერთი კაცისა და ქვეყნის ამბავი“ - აქ არის ჩემი და საქართველოს ამბები, წიგნი წარდგენილია ლიტერატურულ პრემიაზე - საბა“. ე.წ. „შორთ ლისტში“ ანუ ფინალში გავიდა.
ჩემი ავტორობით გამოვიდა "მედეა“, სადაც არის ოთხი „მედეა“ სხვადასხვა ენაზე დაწერილი... ვთარგმნე ფრანგულიდან, ლათინურიდან, ძველი ბერძნულიდან... არის ასევე ბევრი ცნობა მედეას შესახებ. ბევრი რამ ქართული საზოგადოებისთვის უცნობი იყო... ფრანგული ლიტერატურის შედევრის, პიერ კორნელის „მედეას“ თარგმანი არ გვქონდა. ქართველი პერსონაჟის შესახებაა, ნათარგმნია მსოფლიოს ასზე მეტ ენაზე და ქართულ ენაზე არ იყო. ეს შეცდომა გამოვასწორეთ...
მალე გამოვა ჩემი წიგნი, სამტომეული, სახელწოდებით - „წახნაგები“... ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურის შესახებ გახავთ...
- იმ წიგნებზეც რომ გვითხრათ, რომლებიც სამომავლოდ გამოიცემა...
- ჰომეროსის „ოდისეა“ ვთარგმნე პროზაულად, მალე ახალი თარგმანი გვექნება...
გამოვა სოფოკლეს ტრაგედიები, ევრიპიდეს ტრაგედიები, არისტოფანეს კომედიები.
ასევე მალე გამოდის წიგნი - ჩვენებურები, ქართველები ანტიკურ მითოლოგიაში...
სამი ოიდიპოსი, ანტიკური ტრაგედიის ანდრე ჟიდის, ჟან კოქტოსა და ჟან ანუის ვერსიები, თარგმნილი ფრანგულიდან.
ასევე გამოსაცემად მზადდება ჩემი წიგნი ფეხბურთის შესახებ...
წიგნი ფეხბურთის შესახებ ჩემს მოგონებებსაც მოიცავს: მამას მიშა მესხის თამაშის სანახავად ბათუმიდან ჩამოვყავდი. ასევე ბიძამ მოსკოვში წამიყვანა, პელე რომ მენახა, სან-პაულუში, მორუმბის სტადიონზე, კი მიშა მესხის სახელმა სიკვდილს გადამარჩინა...
(სპეციალურად საიტისთვის)