იმიტირებული ომი - რუსეთის ბირთვული შანტაჟიდან რეალურ ბირთვულ დარტყმამდე - სრულიად გამორიცხული თუ მაინც შესაძლებელი?
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მთელი ომის პერიოდში მიმდინარე ბირთვული შანტაჟის თემა ბოლო დღეებში ისევ გააქტიურდა, მას შემდეგ,რაც რუსეთის ექსპრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის-პრეზიდენტ პუტინის მოადგილეა,დაიმუქრა,რომ უკრაინის არმიის კონტრიერიშების წარმატების შემთხვევაში მისი ქვეყანა ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც კი წავა...
ამ ბლოგის ავტორი თვლის, რომ ეს რუსული ბირთვული შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან იღებს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირს ჯერ ატომური და შემდეგ კი თერმობირთვული შეიარაღება გაუმოუჩნდა თავის არსენალში.
პირველი თავად სტალინი გახლდათ, რომელიც კულუარული დიპლომატიური არხებით დაემუქრა აშშ-ს, რომ 1950-53 წლების კორეის ომში საბჭოთა კავშირი ატომური ბომბების გამოყენებაზე წავიდოდა,თუკი გაეროს ეგიდით მოქმედი კოალიციური ძალები აშშ-ის მეთაურობით მთლიანად ჩრდილოეთ კორეას აიღებდნენ...
1962 წლის კარიბის ბირთვულმა კრიზისმა კი დედამიწა, მართლაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინ დააყენა, როდესაც ხრუშჩოვმა კუბაში ფარულად გააგზავნა ბალისტიკური რაკეტები ბირთვული ქობინებთან ერთად და პრეზიდენტი კენედი მზად იყო დაერტყა ფიდელ კასტროს კუბისთვის, რადგან იქ ჩატანილი საბჭოთა ბირთვულქობინიანი რაკეტები ვაშინგტონსაც კი სწვდებოდნენ...
ბრეჟნევის პერიოდში, მართალია მოხერხდა შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისში ბირთვულმა დაპირისპირებამ მაინც პიკს მიაღწია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯერ კრემლმა ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის საშუალო სიშორის მობილური ბირთვულქობინიანი სარაკეტო დანადგარები „პიონერები“ მალულად განათავსა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რის საპასუხოდაც ამერიკელებმა დასავლეთ გერმაინაში ასევე ბირთვულქობინიანი „პერშინგები“ ჩაიტანეს...
გორბაჩოვისა და ელცინის მმართველობის პერიოდებში კრემლს ნაკლებად ეცალა დასავლეთის ბირთვული რაკეტებით დასაშინებლად, პირიქით ამერიკელები იქით ეხმარებოდნენ მოსკოვს-დაშლილი საბჭოთა კავშირის მთავარ მემკვიდრეს, რომ ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში დარჩენილი ბირთვული მუხტები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენები გატანილი ყოფილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, რითაც დასავლეთმა ფაქტობრივად გააძლიერა კიდევაც რუსეთის ბირთვული პოტენციალი...
ამის შედეგად ყველაზე მოტყუებული ის უკრაინა დარჩა, რომელსაც აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ერთად, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით გარანტად დაუდგნენ, რომ ბირთული იარაღის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არავინ დაემუქრებოდა...
რეალურად კი, ერთმა გარანტორმა-რუსეთმა თავად წამოიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, დანარჩენმა ორმა გარანტორმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 2014 წელს ამას ვერაფერი დაუპირისპირეს...
2000 წლიდან რუსეთის სათავეში მოსულმა პუტინმა დაიწყო ქვეყნის ბირთვული პოტენციალის მოდერნიზება-განახლება და დღეს მართლაც სერიოზულ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.
თუმცა, რამდენადაც საშიშია ბირთვული იარაღი, იმდენად აფხიზლებს ის მის მფლობელებს ანუ ბირთვული იარაღის ფაქტორი თამაშობს დიდ შემაკავებელ როლს, რადგან მისი ორმხრივი გამოყენება დედამიწაზე გამარჯვებულს არ დატოვებს...
თუმცა, ეს ეხება ბირთვული იარაღის მქონე რუსეთ-აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებას, მაგრამ რას მოიმოქმედებს მსოფლიო და პირველ რიგში ნატო, თუკი რუსეთი ბირთვულ შეტევას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი და ბირთვული იარაღის გარეშე დარჩენილი უკრაინის წინააღმდეგ მაინც განახორციელებს?
მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა მცირეა, მაინც უნდა იყოს განხილული მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები.
ვთქვათ, უკრაინის არმიამ მართლაც მოახერხა ზაპოროჟიეს სტეპებში რუსი ოკუპანტების ძლიერი თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა, გაიჭრა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გასანთავისუფლებლად, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად და შესაბამისად გადაკეტა რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე მოქმედი სატრანსპორტო დერეფანი, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის სრული ჩამოშლისა და შესაბამისად დიდი პანიკის დაწყების ტოლფასიც კი შეიძლება გახდეს.
რუსეთს არ ჰყოფნის დამატებითი ძალები გარღვეული ფრონტის აღსადგენად და კრემლში დიდ არჩევნის წინაშე დგანან-ან ისევე სამარცხვინოდ გაიქცნენ უკან, როგორც ეს გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვის ფრონტზე განცდილი ფიასკოს დროს მოუვიდათ, თუ მართლაც გამოიყენონ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი უკრაინელების მთავარი კონტრიერიშის შესაჩერებლად?
ბირთვული იარაღის სამიზნის არჩევაც არ არის ადვილი საქმე.
ეს შეიძლება იყოს უკრაინული არმიის მსხვილი დაჯუფება ფრონტის ხაზზე ან რომელიმე მშვიდობიანი უკრაინული ქალაქიც კი.
თუკი ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ აერობალისტიკურ რაკეტა "ისკანდერ- მ“-ზე 50 კილოტონა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება, რომლის ინიცირების შედეგად ყველაფერი სრულად განადგურდება არანაკლებ 30 კმ-ის რადიუსში, ამ სიმძლავრის ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი საშუალო ქალაქის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია.
უკრაინული ქალაქის ბირთვული დაბომბვა, სამხედრო თვალსაზრისით კრემლს ბევრს არაფერს მისცემს, პირიქით მთელ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ განაწყობს.
რუსული თავდაცვის ზღუდეების გამრღვევი უკრაინის არმიის დაჯგუფების წინააღმდეგ ბირთვულქობიანი „ისკანდერის“ გამოყენება კი, მსხვერპლს თავად რუს ოკუპანტებშიც აუცილებლად გამოიწვევს...
რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ერთი-ორი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინის გამოყენება საბრძოლო მოქმედებების ზონაში, კრემლს ამ ომში გამარჯვებას ვერ უზრუნველყოფს, სამაგიეროდ რუსეთს უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის, რადგან მის წინააღმდეგ პოლიტიკური თვალსაზრისით, თვით ჩინეთიც და ინდოეთიც კი დადგებიან, რადგან ამ ბირთვული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ შეუთვალეს პუტინს, რომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი არიან რუსეთ-უკრაინის ომში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა.
მაგრამ, რა რეაქცია ექნება ასევე დიდ ბირთვულ სახელმწიფოს-აშშ-ს, რომელიც უზარმაზარ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ უკანსკნელის წაგება აგრესორ რუსეთთან ომში, მსოფლიოში ასევე აღიქმება,როგორც აშშ-ს მიერ გატარებული საერთაშორისო პოლიტიკის უდიდეს მარცხად?
ამერიკელი პოლიტიკოსები ნახევრადოფიციალურ განცხადებებში აფრთხილებენ კრემლს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი ძალზე დიდ საფასურს გადაიხდის...
მაგრამ რა იგულისხმება ამ საფასურში, ნუთუ ამერიკა საპასუხო ბირთვულ დარტყმას მიაყენებს რუსეთს? და სად,რუსეთის ტერიტორიაზე თუ ისევ მრავალტანჯულ უკრაინის ოკუპირებულ მიწაზე?
იმ ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ეწევა, როდესაც შორსმოქმედი ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას დღემდე ბლოკავს, ხოლო სამი ათეული მოძველებული „აბრამსის“ გაგზავნასაც კი სპეციალურად აჯანჯლებს, თითქმის წარმოუდგენლად მოჩანს, რომ ამერიკელების პასუხი ასევე ბირთვული გახდეს...
სტატიის ბოლოში ისევ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ,ნაკლებადრეალურია და კრემლიდან მომდინარე მუქარები მხოლოდ ბირთვული შანტაჟის როლს ასრულებენ, რაც გარკვეულწილად მიზანს აღწევს და დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებს მუდმივი შიშის ქვეშ ტოვებს-ემანდ პუტინი ძალიან არ გავაბრაზოთ უკრაინის არმიისთვის უფრო სერიოზული შეიარაღების მიწოდებით და ერთი-ორი ბირთვული ბომბი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში არ ჩამოგვიგდოსო...
P.S. უკრაინის ფრონტის ხაზიდან საქართველოს საზღვრამდე აფხაზეთში, პირდაპირი ხაზით 600 კმ-მდეა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევაში მცირე დონის საფრთხე შეიძლება ჩვენც გაგვიჩნდეს, რადგან საქართველოსკენ ძირითადად ჩრდილო-დასავლეთის ქარი უბერავს...უკრაინა კი ჩვენგან სწორედ ჩრდილო-დასავლეთითა განთავსებული და ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნაწილაკების ქარის საშუალებით შემოტანის მცირე რისკი გაჩნდება, მითუმეტეს, რომ ამის ცუდი პრეცედენტი მოგვეპოვება, როდესაც 1 166 კმ-ით დაშორებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომურ ენერგობლოკზე მომხდარი კატასტროფული მასშტაბის ავარიის შედეგად ატმოსფეროში გამოტყორცნილი მაღალრადიოაქტიური იზოტოპები ქართულ ცაშიც „გვესტუმრნენ“ 1985 წლის აპრილ-მაისში...