55-ტონიანი ფილა დაეცა მანქანას, რომელშიც მამაკაცი იჯდა - რა მოხდა სართიჭალაში?
გუშინ სოფელ სართიჭალაში უბედური შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანას 55-ტონიანი ფილა დაეცა, რის შედეგადაც მძღოლი ჯემალ მამუჩიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ჩინელებთან ერთად, ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომლებიც ვაზიანი- ბაკურისციხის გზას აგებენ. ამ ამბის გაგებისთანავე, დაღუპულის თანასოფლელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა და სპეციალისტებმა მოახერხეს ცხედრის ამოყვანა. გარდაცვლილი მამაკაცი ამავე სოფელში ცხოვრობს.
"ჯემალი გამოცდილის მძღოლი იყო. ამ ტრაგედიის შესახებ ალბათ, სხვადასხვა ვერსია გავრცელდება, მაგრამ იმედია, გამოძიება დაადგენს რეალურ მიზეზს. ამბობენ, მანქანის გაბარიტებისა და ხიდის სიმაღლე ვერ გათვალეს და ჩამოვარდილმა უზარმაზარმა ფილამ ადგილზე მოკლა მძღოლი. არ ვიცი, ეს რამდენად რეალური ვერსიაა. ჯემალი ჯართად ქცეული მანქანიდან დიდხანს ვერ ამოიყვანეს. ელემენტალურად, 55-ტონიანი ფილის აწევა ძალიან რთულია და ამას დიდი დრო დასჭირდა. მაშველებმა მანქანა ფილის აწევის შემდეგ გაჭრეს და ცხედარი ძლივს ამოიყვანეს. ჩვენი სოფელი პატარაა, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთზე შეგვტკივა გული. ჩემი სოფლის ხალხმა საოცარი ერთგულება და გვერდში დგომა იცის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვინმე გასაჭირშია. გუშინ, როგორც კი გაიგეს სოფელში ამ უბედურების შესახებ, ყველა, ვისაც შეეძლო, მივიდა ტრაგედიის ადგილას. ჯემალიც ყველას გვერდში ედგა, ძალიან გულისხმიერი ადამიანი იყო. ორი შვილი ჰყავს - გოგო და ბიჭი. უკვე დიდები არიან, სკოლა დამთავრებული აქვთ. სულ შესციცინებდა თავის შვილებს თვალებში. სოფელი სართიჭალა თბილისთან ახლოსაა. მშრომელი ხალხია აქ. ზოგს ვენახები აქვს, მაგრამ დამატებით სხვადასხვა სამსახურებშიც ასწრებენ მუშაობას.
წუხელ 11 საათისთვის გადაასვენეს ცხედარი სამხარაულში, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ძალიან განვიცდით. იმედია, კომპანია ისინდისებს და გაგვცემს პასუხს კითხვებზე, რამდენად იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული. გამოძიება ამ დეტალებს ალბათ დაადგენს" , - გვითხრა ადგილობრივმა ნანა ნიკოლაშვილმა.
(სპეციალურად საიტისთვის)