"სააკაშვილს აქვს შანსი, გახდეს ქართული დემოკრატიის მამა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს აქვს შანსი, გახდეს ქართული დემოკრატიის მამა"

"ლეიბორისტები ბოლო დროს ფინანსურ ინსპექციას ემსგავსებიან-

"ბატონი ბენდუქიძე ადამიანებზე "ძალიან ზრუნავს" და არავის ეხმარება"

ბიძინა ივანიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციასა და შემდეგ საარჩევნო ბლოკის საქმიანობაში. ამის პარალელურად აქტიურდება საუბარი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზეც, სადაც სავარაუდოდ, ის ოპოზიციური ძალები მოიყრიან თავს, რომლებიც ივანიშვილის კოალიციის მიღმა აღმოჩნდებიან. ამ თემებზე "ხალხის პარტიის- ლიდერს, კობა დავითაშვილს ვესაუბრეთ:

- რადგან ჩვენმა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ჩვენც უნდა ჩავრთულიყავით საერთო საქმიანობაში, ეს დიდი პატივია.

- აქამდე ლაპარაკი იყო ორი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, მაგრამ ახლა უკვე მესამეზეც ლაპარაკობენ. ეს ვის ინტერესშია.?

- ოპოზიციის დანაწევრება ხელისუფლებას აძლევს ხელს. ოპოზიცია უკეთეს შედეგს ყოველთვის მაშინ აჩვენებდა, როდესაც ერთიანი იყო. როდესაც ხმები იფანტებოდა, შედეგიც ნაკლები იყო. ამიტომ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირების საჭიროებას ვერ ვხედავ...

- ჩანს, ივანიშვილისგან იგნორირების შემდეგ ძალიან გაღიზიანდნენ ლეიბორისტები...

- ლეიბორისტებმა ამ ბოლო დროს უცნაური ფუნქცია იკისრეს და ფინანსურ ინსპექციას ემსგავსებიან. მათი ქმედებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. დარწმუნებული ვარ, ლეიბორისტები ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ. ოპოზიციური პარტია სხვა ოპოზიციურ ძალასა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმით არ უნდა იყოს დაკავებული. ვგულისხმობ "პალიტრამედიაზე" შალვა ნათელაშვილის თავდასხმას. ლეიბორისტებს ძალიან უყვართ სხვათა მხილება ხელისუფლებასთან ალიანსში და როდესაც საფინანსო სტრუქტურებია შესული თავისუფალ მედიაში, როდესაც საგაზეთო ჯიხურების ეპოპეა მიმდინარეობს და თავისუფალ პრესას ებრძვიან,

ასეთ დროს მედიაზე თავდასხმა აჩენს კითხვას, რატომ მოქმედებენ ლეიბორისტები ხელისუფლებასთან უნისონში, რატომ ხდება მათი პოლიტიკური ნების ხელისუფლებასთან თანხვედრა?

დღეს ხელისუფლების შეცვლის ძალა ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩამოყალიბებულ კოალიციას აქვს. თუ ბიძინა ივანიშვილი ცუდი იყო, რატომ დაასახელეს ლეიბორისტებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად? როგორც ჩანს, ივანიშვილი ნათელაშვილის წინადადებას რომ დასთანხმებოდა, ნათელაშვილი არც ბრალდებებს წაუყენებდა. ეს ძალიან ჰგავს ხელისუფლების ქმედებას. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებდა, მაშინ პატრიოტი და საქართველოს მოქალაქეობის ღირსი იყო, მაგრამ როდესაც ხმა ამოიღო უსამართლობაზე, მაშინვე ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. Aასე რომ, მკვეთრი პარალელები ჩანს ხელისუფლებისა და ლეიბორისტების ქმედებებში.

- ანალიტიკოსები ამბობენ, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა საზოგადოების 56%-მა დადებითად შეაფასა, თუმცა, პირველი პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ 10%-ის მხარდაჭერა მოაკლდა, ხალხი მისგან მეტ აქტიურობას ელოდაო. - ჩემი აზრით, ამ 10%-ში ისინი შედიან, რომელთაც საკუთარი ადგილი ივანიშვილის გვერდით ვეღარ დაინახეს მას შემდეგ, რაც მან პრიორიტეტები გამოკვეთა. ყველას მოსაწონი პოლიტიკოსი არ არსებობს და ვერც ივანიშვილი იქნება, მაგრამ მან მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა პოლიტიკაში. ჩვენთან ძალიან მაღალია არჩევნების წაგების, ხელისუფლების დაკარგვის ფასი, რადგან ვინც ხელისუფლებას კარგავს, კარგავს ქონებას, პირად თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი. ამიტომაცაა, რომ არც ერთხელ არ შეცვლილა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლება.

ივანიშვილის სიახლე ის არის, რომ შეძლო რადიკალური ამომრჩევლის მიმხრობა რადიკალური ლოზუნგების გარეშე. მას არა აქვს შურისმაძიებლური რიტორიკა, პირიქით, ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის- წევრებს, სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკურ ლიდერებსაც კი არაფერი ემუქრებათ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ.

ამას ვუკავშირებ რადიკალურად განწყობილ მოქალაქეთა 10%-იან იმედგაცრუებას, რადგან ისინი ივანიშვილში შურისძიების იარაღს ხედავდნენ. მინდა მათ ვუთხრა, - ჩემთვის ეს გრძნობა გასაგებია, შეიძლება მეც შურისძიების სურვილი მქონდეს, რადგან ამ ხელისუფლებისაგან ტერორის, თავდასხმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მეტი არაფერი მინახავს, მაგრამ თუ ქვეყანასა და ხელისუფლების შეცვლაზე ვიფიქრებთ, მივხვდებით, რომ ივანიშვილის განცხადებები სწორია. სააკაშვილი ცდილობს ივანიშვილი აგრესიაზე გამოიწვიოს და თავის გუნდს აჩვენოს აგრესიული მტრის ხატი. ივანიშვილის სიბრძნე ისაა, რომ სააკაშვილის პროვოკაციას არ აჰყვა. ზოგი ამბობს, ახალი რა მოიტანა ივანიშვილმაო. ახალი ეს არის სწორედ...

- ოპონენტები ამბობენ, ივანიშვილთან პოლიტიკოსები თუ საზოგადოების წარმომადგენლები ფულის გამო არიანო.

- ბენდუქიძესაც აქვს ბევრი ფული, მაგრამ ვერ მოიპოვა საყოველთაო სიყვარული. ამბობენ, ფული და ძალაუფლება ადამიანს აფუჭებსო, მაგრამ ივანიშვილზე ფულმა ცუდი გავლენა ვერ მოახდინა. ბენდუქიძემ ბევრი ფული რომ იშოვა, იდეოლოგიის ძიება დაიწყო, რომელიც გაამართლებდა იმას, რომ ფული არავისთვის მიეცა. ის ხშირად ამბობს, როდესაც კაცს ფულით ეხმარები, აფუჭებო. ბატონი ბენდუქიძე ადამიანებზე "ძალიან ზრუნავს- და არავის ეხმარება. ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია იდეოლოგიის ძიება, რომელიც მის სიხარბეს გაამართლებდა. მან სიხარბეზე თქვა უარი და თავისი თანხების უდიდესი ნაწილი დაახარჯა მეზობლებს, თანასოფლელებს, რაიონს, ქვეყანას. მან საკუთარ თავში დასძლია ბოროტი და ამას შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც. მისთვის ხელისუფლება არ გახდება თვითმიზანი. როდესაც ამბობს, ხელისუფლებიდან ორ წელიწადში წავალო, მჯერა, რომ გულწრფელია.

საზოგადოებაში ივანიშვილის მაღალი რეიტინგი იმან განაპირობა, რომ ხალხი გრძნობს, ამ კაცისაგან არ მოდის საფრთხე, ნეგატივი, შურისძიების სურვილი. არ არის გამწარებული, გაბოროტებული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაიწყებს ბოროტზე ბოროტის დამატებას. ხელისუფლება მისთვის მიზანი კი არა, საშუალებაა. ივანიშვილს მაღალი რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა საქმეების და არა ფულის გამო. ივანიშვილი დღეს ფულს არ არიგებს და აქვს მხარდაჭერა. პირიქით, ხალხი რიგში დგას და ბანკ "ქართუში" შეაქვს ფული.

სააკაშვილი ხედავს, რომ ხელისუფლებიდან მიდის და დაიწყო ფიქრი, რომ წავალ, რას დავტოვებო. რადგან ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, გადაწყვიტა, ქალაქი ააშენოს და ის დაგვიტოვოს. ამით ვერ დარჩება ისტორიაში. თუ უნდა, ისტორიაში დარჩეს, ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას უნდა შეეგუოს.  ვინც პირველი შეეგუება იმას, რომ არჩევნები წააგო, ის შევა ისტორიაში როგორც ქართული დემოკრატიის მამა.