"გარდაცვლილი ორი პირი, რომელიც უკვე იპოვეს, ადგილობრივი არ არის და სავარაუდოდ, ისინი კოტეჯში ისვენებდნენ"- რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი რაჭის სტიქიის ზონიდან?
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება.
უწყების ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. მოქალაქეები ეძებენ დაკარგულ ახლობლებს, რომლებსაც ვერ უკავშირდებიან. იმდენად მძიმე ემოციური ფონია, რომ მომხდარის დეტალებზე საუბარი ყველას უჭირს.
როგორც ჩვენთან საუბარში ონის საკრებულოს დეპუტატი გივი მეტრეველი ყვება, გარდაცვლილი ორი პირი, რომლიც უკვე იპოვეს, ადგილობრივი არ არის და სავარაუდოდ, ისინი კოტეჯში ისვენებდნენ.
გივი მეტრეველი, ონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი:
- ძალიან მძიმე მდგომარეობააა, სამწუხაროდ ორი ცხედარი ნაპოვნია, ამას გიდასტურებთ. ახლა მიდის ამოცნობის პროცესი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივები არ არიან. დაზუსტებული არ არის ვინაობაა, სავარაუდოდ, ისინი იყვნენ კოტეჯებში, იქ ისვენებდნენ.
- "სანსეტ შოვის" ყველა დამსვენებელი გადარჩა?
- "სანსეტის" ხალხი არ იყო, იქიდან ყველა გამოყვანილია. "სანსეტი" შენობამ დაიცვა, სწორედ ამ შენობას მოაწვა უკნიდან ეს უზარმაზარი მასა, მაგრამ შენობამ დააკავა და ამის შემდეგ იცვალა მიმართულება და წავიდა სხვა მხარეს. ეპიცენტრი იყო მთისკენ, სასტუმროდან 2 კილომეტრში მოხდა დაგუბება, ზვავი ჩამოწვა და რადგან ამ შენობამ დაიცვა, წავიდა ეს მასა პატარა კოტეჯებისკენ, რომელებიც იქვე ახლოს მდებარეობდა. რამდენიმე კოტეჯი იდგა, დაახლოებით 8-10 კოტეჯი, რომელიც საერთოდ აღარ არის, მიწასთან არის გასწორებული ყველაფერი. საბედნიეროდ დატვირთული არ იყო იმ დროისთვის ეს კოტეჯები, მაგრამ რამდენიმე დამსვენებელი ჰყავდა. სწორედ ამ ადამიანებს ვეძებთ ახლა. ამ კოტეჯის მეპატრონეც საშინელ დღეშია, ის თავის ოჯახის წევრებსაც ეძებს. თავის ცოლისდას და ბავშვს ვერ უკავშირდება ჯერჯერობით. საშინელ დღეშია, ისეთ ემოციურ მდგომარეობაშია, რომ ვერც საუბრობს ადამიანი. კოტეჯები მთლიანად წაიღო, აღარაფერი აღარ დგას, ვინც აქირავებდა ის ისეა დაბნეული, რომ ზუსტად ვერც ამბობს რამდენი ადამიანი იყო მის კოტეჯში, შოკშია.
- დაახლოებით რამდენ ადამიანს ეძებთ ამ დროისთვის?
- სულ დაახლოებით 10 ადამიანს ვეძებთ ჯერჯერობით. ამ კოტეჯის მეპატრონის ორი ნათესავი და დანარჩენები სავარაუდოდ, მისი დამსვენებლები იყვნენ. რამდენიმე პერსონალია, რომელსაც ვერ უკავშირდებიან. დაახლოებით 10 ადამიანია, ვისთანაც კომუნიკაცია ვერ ხერხდება. "სანსეტ შოვიდან" ყველა ადამიანი გამოყვანილია. სამწუხაროდ, კიდევ ერთი ქალბატონია დაკარგული, რომელსაც "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ჰქონდა თავისი კოტეჯი და ამ ქალბატონსაც ვერ პოულობენ ჯერჯერობით. ის ამ დროს მარტო არ იყო თავის კოტეჯში, მასთან ერთად სხვებიც იყვნენ, ისინი გადარჩნენ, ამბობენ, მასა რომ დაინახა ქალბატონმა შეშინებული შიშისგან გავარდა გარეთო და ამ დრომდე ეძებენ, ხმა ვერ მიაწვდინეს. ისინიც შოკში არიან. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. საშინელება დატრიალდა.
- წვიმამ გადაიღო, ხომ არ არის ისევ ზვავის საშიშროება?
- წვიმამ გადაიღო, ამინდი კარგია, მაგრამ დაკარგულ ადამიანებს ეძებენ, ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები და ამ ეტაპზე დაახლოებით ვეძებთ 10 ადამიანს საშინელი მდგომარეობაა, სხვა ტერიტორიებზე არ არის საფრთხე, განმეორების საშიშროება ამ მომენტისთვის არ არის. რაც იყო ეტყობა გახსნილი, ის მთლიანად ჩამოსულია. ალბათ ამაზე უფრო კარგად შესაბამისი სამსახურები ისაუბრებენ. დიდი მასა დაგროვდა და წამოიღო ის მთლიანად, იმ სასტუმროს შენობას რომ არ დაეკავებინა მაშინ სასტუმროს ტერიტორიაზე გავრცელდებოდა მთლიანად. ამ სასტუმროს უკანა კედელმა დაიცვა იქაურობა, ამის შემდეგ მიმართულება იცვალა და წავიდა კოტეჯებისკენ.
- ეს ზვავსაშიში ზონა იყო?
- საერთოდ, ადრე ამ ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა ზვავი. ამ სასტუმროს 10 წლიანი ისტორია აქვს და იმ ადგილზე მსგავსი რამ საუკუნის მანძილზე არ მომხდარა. მსგავსი რამ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სტიქია მოხდა არ ყოფილა. იმედია დაკარგულ ადამიანებს მოვჩებნით და მსხვერპლთა რიცხვი არ გაიზრდება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
(სპეციალურად საიტისთვის)