"ირაკლი ღარიბაშვილი, გომელაური, მთავრობა, სად იმალებით? რატომ არ ჩადიხართ რაჭაში?"
შოვში მომხდარ სტიქიას "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმაურება და მთავრობის მაღალჩინოსნებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ირაკლი ღარიბაშვილი, გომელაური, მთავრობა, სად იმალებით? რატომ არ ჩადიხართ რაჭაში? ჩართეთ ყველა რესურსი! დრო არ ითმენს! განსაცდელში მყოფი ყველა მოქალაქე უნდა გადარჩეს! ", - წერს გიორგი ვაშაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ხვალ დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფი 50 ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.
"ინტერპრესნიუსი"