სტიქიის ზონაში დაკარგულ მოქალაქეებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებითაც ეძებენ
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებაში კინოლოგთა ჯგუფიც ჩაერთო, რომლებიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
"ინტერპრესნიუსი"