მეწყერი რაჭაში და სამაშველო შვეულმფრენების "დაფასება" გაჭირვების დროს...
ჩვენმა საქართველომ კვლავ შეგვახსენა,რომ რამდენად ულამაზესია მისი მთაგორიანი რელიეფი და ბუნება, იმდენად დიდ პოტენციურ საფრთხეს შეიცავს მდინარეების ადიდება და მეწყრების ჩამოწოლა...
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს 4 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 11 პირის ცხედარია ნაპოვნი. 70-მდე ადამიანი სტიქიის ზონიდან 3 აგვისტოს საღამოს შვეულმფრენის სამი რეისით უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, ხოლო 4 აგვისტოს დილის 6 საათიდან ორმა შვეულმფრენმა 9 რეისით დამატებით კიდევ 140-მდე ადამიანი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან სამშვიდობოზე, თუმცა რამდენიმე ადამიანის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება და მათ ძებნას მაშველები ადგილზე აგრძელებენ...
ფაქტია, რომ მეწყრის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენების ეკიპაჟების მიერ საერთო ჯამში (4 აგვისტოს დილის 9 სთ-ისთვის) 210-მდე ადამიანია ევაკუირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაისმის მკაცრი კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და ქვეყანას შვეულმფრენები არ ჰყავს, ყველა დაყიდეს და გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეებს არავინ ეხმარებაო...
ამ ბლოგის ავტორი მთავრობის დამცველად რომ არ გამოდგება(ნებისმიერი მთავრობის), ჩემი სტატიების დიდი ხნის მკითხველს,კარგად მოეხსენება,მაგრამ როდესაც შავზე ამბობენ თეთრიაო და პირიქით,ძნელია გაჩერება და არ თქმა...
დიახ,შვეულმფრენების პარკის სიდიდისა და გამართულობის პრობლემა დიდი ხანია დგას და ოც წელზე მეტია ამაზე ვწერ,რომ საქართველოსნაირ მთაგორიან ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სამაშველო შვეულმფრენების არანაკლებ ორი საჰაერო ბაზა,ერთი აღმოსავლეთ და ერთიც დასავლეთ საქართველოში,რომ ოპერატიულად მოხდეს რეაგირება მთებში ზვავისა თუ მეწყრის ჩამოწოლისას ან ზღვაზე შტორმისას, ადამიანების სასწრაფო ევაკუაციის განსახორციელებლად...
მაგრამ,სრული უტიფრობა და დაუნახაობაა,როდესაც შოვის მაღალმთიანი რაიონიდან მესაზღვრეების შვეულმფრენების ეკიპაჟებს დიდი რისკის ფასად გამოჰყავთ ადამიანები და მათგან დამატებით კატეგორიულად მოითხოვო,ღამით რატომ აჩერებთ სამაშველო ფრენებს,სასწრაფოდ გაფრინდითო...
ზუსტად ერთი წელი შესრულდა იმ დიდი ტრაგედიიდან,რაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს კატასტროფა განიცადა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა,რასაც ეკიპაჟის 4 წევრი,2 მაშველი და 2 მედიკოსი შეეწირა.
ის,ვინც ღამით მთებში შვეულმფრენების ეკიპაჟების დაჟინებით გაგზავნას ითხოვდა ან საერთოდ ვერ ერკვევა ფრენების უსაფრთხოების წესებში,კონკრეტული ტიპის(ამ შემთხვევაში Mi-8MTV-1 ტიპის)შვეულმფრენების ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებში და ეკიპაჟების ფრენების მინიმუმებზე(ანუ კონკრეტულ მფრინავს დღე-ღამის რა პერიოდში და როგორ მეტეოროლოგიურ პირობებში აქვს დაშვება ფრენის განსახორციელებლად) ან ეს ყველაფერი იცის,მაგრამ მათ კრიტიკას უფრო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს,მითუმეტეს,რომ პრეტენზიების ავტორები ძირითადად სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახლდნენ...
სხვათა შორის ძირითად სწორედ ეს ხალხი ასევე მოითხოვდა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს შვეულმფრენების გამოყენებას,რაც დამატებით დიდ ტრაგედიას გამოიწვევდა,რადგან ქალაქის ქუჩების თავზე გაბმული ასობით ელექტროსადენისა და ინტერნეტის კაბელის პირობებში,დაბალ სიმაღლეზე ფრენა და ჩამოკიდება,ისიც ღამის პირობებში, შვეულმფრენის თითქმის გარდაუვალ ავიაკატასტროფას მოასწავებს,რაც არ უნდა გამოცდილი ეკიპაჟი მართავდეს მას...
კიდევ ერთი ბრალდება ის გახლდათ,რომ შვეულმფრენი შოვში ზავის ჩამოწოლიდან თურმე მხოლოდ... სამი საათის შემდეგ გამოჩენილა!
შვეულმფრენი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი არ არის,რომ პილოტები მის კაბინაში მუდმივად ისხდნენ აფრენაზე ბრძანების მიღების მოლოდინში და ჰაერში 7-10 წუთში აიჭრან.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩრდილოეთ მონაკვეთზე,ალექსეევკის ბაზაზეა განთავსებული და იქ ყოველთვის იმყოფება მორიგე ეკიპაჟი,მაგრამ აფრენაზე ბრძანების მიღებიდან არანაკლებ 40-50 წუთი მაინცაა საჭირო წინასაფრენი ტექნიკური პროცედურების შესასრულებლად(საბჭოთა ჯარში ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს ამ სტატიის ავტორი სწორედ ამ ტიპის შვეულმფრენის საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი გახლდათ და მრავალჯერ მოუმზადებია შვეულმფრენი გასაფრენად),რასაც ემატება მაშველების ჯგუფის თბილისის ზღვის ბაზიდან აყვანის დრო(თუ მაშველები თავად ალექსეევკაში არ მივიდნენ) და შოვამდე ჩასაფრენად საჭირო ერთი საათიც ანუ ორსაათნახევარი-სამი საათი ზუსტად ის დროა,რაც შეიძლება დასჭირვებოდა შვეულმფრენს ბრძანების მიღების მომენტიდან სამაშველო ჯგუფის შოვში გადასასროლად.
რა თქმა უნდა,თუკი სამაშველო შვეულმფრენების კიდევ ერთი ბაზა თბილისის აეროპორტის გარდა,დასავლეთ საქართველოში,მაგალითად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტშიც მოეწყობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ოპერატიული რეაგირების დროს.
ახლა რაც შეეხება საშვეულმფრენო პარკს - შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის განკარგულებაში ამ ეტაპზე სამი ერთეული Mi-8MTV-1 ტიპის შვეულმფრენები რჩება.
ერთმა ასეთმა შვეულმფრენმა ერთი წლის წინ გუდაურში განიცადა კატასტროფა,ერთიც ბეწვზე გადაურჩა იმავეს,როდესაც ა.წ.-ის 23 ივნისს მყინვარწვერზე,მეტეოსადგურთან დაშვებისას წინა შასი მიწას წამოსდო და მოამტვრია.შვეულმფრენი მშვიდობიანად დაბრუნდა თბილისში და დაჯდომისას წინა შასის ადგილზე საბურავები „დაახვედრეს“,მაგრამ ის შესაბამის რემონტამდე,მწყობრიდან გამოსულად ითვლება.
სასაზღვრო პოლიციის სამი-ოთხი,ასევე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე შვეულმფრენი(რომელთა კაპიტალურ რემონტს წარმატებით ახორციელებს „თბილავიამშენი“) ,რა თქმა უნდა საკმარისი არ არის,თუმცა მათ მალე უნდა შემოემატოს H145 ტიპის სამი თანამედროვე ევროპული შვეულმფრენიც,რომლებიც იმ ცნობილი და ყბადაღებული „სუპერ პუმის“ ნაცვლად უნდა მივიღოთ,რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ „ვიპ-კლასის“ მოდიფიკაციის სახით შეუკვეთა,მასში ძალიან ძვირიც გადაიხადა,თანაც ისე,რომ შვეულმფრენ-სალონს სამაშველო ფუნქციის შესრულება არ შეეძლო შესაბამისი ასაწევი ჯალამბრის არქონის გამო.
საშვეულმფრენო პარკი გასაზრდელიც და გასაახლებელიც გვაქვს,მაგრამ მოდით ნუ მოვთხოვთ მფრინავებსა და მათ შვეულმფრენებს იმას,რისი შესრულებაც მათ დიდი ხიფათის წინაშე დააყენებს,თორემ კიდევ ახალი პრობლემები დაგვემატება,რისი მწარე გამოცდილებაც ერთი წლის წინ მივიღეთ გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციის დროს...
"კვირის პალიტრის" რედაქცია უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.
იმედს გამოვთქვამთ, დაკარგული ადამიანების პოვნა დროულად მოხერხდება და ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.