"შოვში ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და 5 ბუნებრივი მოვლენა"
გადასული ვართ ახალ ერაში და ესაა კლიმატის ცვლილება, აბსოლუტურად უდროოა ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის, რაც აუცილებელია პრევენციისთვის, რომელიც აზღვევს რიგ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ არის მოვლენები, რომელთა დაზღვევა შეუძლებელია, - ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძემ რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულებს მიუსამძიმრა. როგორც მან აღნიშნა, სტიქიის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს. დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს.
სამწუხაროდ, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც დღესდღეობით გვაქვს ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით 2 კმ - მდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 5 მილიონამდე ინერტული კუბური მასით არის დაფარული და შექმნილია ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც გუშინდელი დღიდან ებრძვის მთელი ქვეყანა", - განაცხადა ბითაძემ.
ბითაძემ ხელისუფლების მისამართით კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მონიტორინგის სისტემა, რაც აუცილებელია პრევენციისთვის წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა, ხოლო მათ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა 5-6 წლის წინ დაიწყეს.
"ამ ეტაპზე დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ გეოლოგები დამატებით გააკეთებენ განცხადებას, რომელიც ბუნებრივ პროცესებს აღწერს, მეორე მხრივ კომენტარი უნდა გავაკეთო როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ადამიანმა, რომელიც სფეროში მეტ- ნაკლებად ერკვევა. ჩვენი პოლიტიკოსების და ყველა ის ადამიანის მხრიდან, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უბედურება გადაექცია რაღაც პოლიტიკურ აქტივად, ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. როგორც ადამიანმა, რომელიც სფეროშია გარკვეული, მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელიც გუშინ გარკვეულ საკითხებზე საუბრობდა, არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომ დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ მონაცემებს, ასევე მეტეოროლოგიურ მონაცემებს. რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების პრევენცია - ბუნებრივია მოხდა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელის, დაახლოებით 60 - დან 110 სადგურამდე გვაქვს ჯამში ჰიდროლოგიური მონიტორინგის. ქვეყანას საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური პროგნოზების ძალიან მაღალ ინფორმაციულ საშუალებას გვაძლევს, რაც ჯამში გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას, რაც მე დღეს ვთქვი, რომ ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და 5 ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ არის კლიმატის ცვლილება და თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში გარდა მიწისძვრის, რომელიც 90- იან წლებში მოხდა, ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში და ეს ახალი ერა არის კლიმატის ცვლილება, აბსოლუტურად უდროოა ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის, რაც აუცილებელია პრევენციისთვის. ეს პრევენცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აზღვევს რიგ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ არის მოვლენები, რომელთა დაზღვევა ისევე როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე აშენებული კოტეჯები ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან არსებობს, რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, ბითაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მომავალში გეგმავს ის გეოლოგიური რუკების საფუძველზე გასცეს.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებობს სპეციალური გეოლოგიური რუკები, იყო საუბარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და ა.შ. როცა ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს არ არის აბსტრაქცია და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და აყვანილია მთავარ პრიორიტეტებში ადამიანის უფლებათა ჭრილში, ეს რატომ ხდება, იმიტომ რომ მოვლენები რაც მსოფლიოში მიმდინარეობს იწვევს ეროზიებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას და ა.შ. ანუ ბუნება შეიცვალა, ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. კოტეჯები, რომელიც იქ არის აშენებული, არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ნებართვები ძველი გაცემული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის მეწყრული ზონა, მაგრამ ის 5 ბუნებრივი მოვლენა, რომ ერთად ამოქმედდებოდა სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ხუთი მოვლენა ერთმანეთს, ამის პროგნოზი შეუძლებელია. ეს გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას. ამ ფერდზე, სადაც ეს პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა,"- განაცხადა ბითაძემ.
"ინტერპრესნიუსი"