შოვში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - 7 აგვისტო გლოვის დღეა...
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 17-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში საზოგადოებამ საშინელი კადრები იხილა. სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოანგრია ხიდები, გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები.
სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი მომხდარიდან რამდენიმე საათში დაიწყო და ამ დროისთვის შოვიდან უკვე 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს...
სამწუხაროდ, შოვში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 17 გარდაცვლილი ამოიყვანეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ჯარი შეუერთდა.
სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვრას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ ნომერზე: 598 913 089.
ტრაგედიას შეწირულნი... - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სტიქიის ადგილზე იძებნებიან