კრეისერ "მოსკვას" ბედი კინაღამ გაიზიარა... - კვირის პალიტრა

კრეისერ "მოსკვას" ბედი კინაღამ გაიზიარა...

რომ არა ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის სიახლოვე და საშველად მალევე მისული საზღვაო ბუქსირები,რუსული დიდი სადესანტო ხომალდი Оленегорский горняк -ი ასევე რუსული სარაკეტო ხომალდის Москва-ს ძალზე არასახარბიელო ბედს გაიზიარებდა შავი ზღვის ფსკერზე...

4 აგვისტოს გამთენიისას, რუსეთის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის რეიდზე უკრაინულმა უპილოტო კამიკაძე-კატარღამ მარცხენა ბორტიდან შეტევა განახორციელა რუსულ სადესანტო ხომალდზე, რისი ამსახველი ვიდეოკადრები, გადაღებული კამიკაძე-კატარღის ბორტზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ, მაშინვე დადო უკრაინულმა მხარემ, რითაც რუსეთის პროპაგანდას მოუკლა მორიგი დეზინფორმაციების გავრცელების საშუალება-თითქოს ყველა უკრაინული კამიკაძე-კატარღა ნოვოროსიისკის ბუხტის შესასვლელთან გაანადგურეს და რუსულ სამხედრო ხომალდებს არავითარი დაზიანება არ მიუღიათო...

გათენების შემდეგ, როდესაც ხილვადობა გაუმჯობესდა, ნოვოროსიისკის პორტში მყოფმა ადგილობრივებმა არაერთი ვიდეოკადრი გაავრცელეს, რომელზეც კარგად მოჩანს,თუ ორ საზღვაო ბუქსირს როგორ მიჰყავს ნოსვოროსიისკის ბუხტაში მარცხენა კრენაღებული (მარცხენა ბორტზე დაფერდებული) რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ოლენეგორსკი გორნიაკი“...

საგულისხმოა, რომ ეს ხომალდი არ ეკუთვნის რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, ის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში ირიცხება,მაგრამ ჯერ კიდევ 2021 წელს საზღვაო მანევრების ჩატარების მომიზეზებით, კრემლმა ჩრდილოეთისა და ბალტიის სამხედრო-საზღვაო ფლოტებიდან ორ-ორი დიდი სადესანტო ხომალდი გადმოისროლა შავ ზღვაში, რითაც გააძლიერა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ექვსი დიდი სადესანტო ხომალდის შემადგენლობა უკრაინაზე დაგეგმილი შეტევის წინ-უკრაინაზე თავდასხმისთანავე ათივე დიდ სადესანტო ხომალდს რუსული საზღვაო დესანტი უნდა გადაესხა ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე და დახმარებოდა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადასულ რუსულ სახმელეთო შენაერთებს ნიკოლაევის და ოდესის დაპყრობაში და შემდეგ მოლდოვას სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენ გაჭრაში, რათა უკრაინისთვის,ისევე როგორც აზოვის ზღვის შემდეგ,შავ ზღვაზეც გასასვლელი ჩაეკეტა...

2-des-1691153809.jpg
იგივე რუსული ხომალდი უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონის მარცხენა ბორტზე დაჯახებისა და აფეთქების შემდეგ, როდესაც საშიში მარცხენა კრენი მიიღო...

ომის დასაწყისშივე უკრაინელმა მეზღვაურებმა სასწრაფოდ დანაღმეს საზღვაო ნაღმებით სანაპიროს დესანტსაშიში მონაკვეთები, რითაც ფაქტობრივად ჩაუშალეს კრემლს დიდი საზღვაო სადესანტო ოპერაციის განხორციელების თეორიული შესაძლებლობაც კი...

რუსული დიდი სადესანტო ხომალდი Оленегорский горняк -ი 775 პროექტისაა და ის პოლონეთში,გდანსკის ვერფზე ჯერ კიდევ 1976 წელს აიგო.

მიუხედავად 47 წლიანი „ასაკისა“ ,ამ 4 ათასს ტონა სრული წყალწყვის ხომალდს(რომლის სიგრძე 112,5 მ,ხოლო სიგანე 15 მ-ია), 500 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია. ამ ტვირთის სახით შეიძლება იყოს 10 ძირითადი საბრძოლო ტანკი და 340 მედესანტე ან 12 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 340 მედესანტე ან მარტო 13 ტანკი.

საგულისხმოა, რომ უკრაინასთან საზღვაო ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა ერთი, 1171 პროექტის დიდ სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, როდესაც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში დგომისას უკრაინელებმა „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა ზუსტად მოარტყეს ნავმისადგომს, რის შედეგადაც აალდა „სარატოვის“ ტრიუმებში განთავსებული საბრძოლო მასალა, მოხდა,რამდენიმე აფეთქება და „სარატოვი“ იქვე, პირსთან ჩაიძირა.

3-des-1691153855.jpg
დაზიანებული და დაფერდებული რუსული დიდი სადესანტო ხომალდი ორ საზღვაო ბუქსირს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მიჰყავს...

ამავე დროს, დაზიანდა იქვე მდგომი მეორე რუსული დიდი სადესანტო ხომალდიც, მაგრამ მასზე, ეკიპაჟმა მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა და ბერდიანსკის პორტიდან გაქცევით თავის შველა.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა შავ ზღვაში 12 მცურავი საშუალება დაკარგა,მათგან ჩაძირული იქნა რვა(მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და საზღვაო ბუქსირი „ვასილი ბეხი“), ხოლო დაზიანებული კი ოთხი.

ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის მდებარეობა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგად ითვლება, რადგან პირდაპირი ხაზით 400 კმ-ითაა დაშორებული,ხოლო საზღვაო გზით კი არანაკლებ 700 კმ-ით უკრაინის ოდესის სანაპიროდან, თუმცა უკრაინული უპილოტო კამიკაძე-დრონების MAGURA V5 -ების მოქმედების რადიუსი 800 კმ-მდეა(უკრაინის გასაიდუმლოებული საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონების შესახებ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბლოგის სტატიაში „უკრაინის საიდუმლო დრონი "თახვი" - მოსკოვის ცათამბჯენების რისხვა“). ასე რომ, უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღები უპრობლემოდ მისწვდებოდნენ ნოვოროსიისკის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას, მითუმეტეს თუკი მათი გაშვება არა უკრაინის სანაპიროდან მოხდა, არამედ რომელიმე გემის ბორტიდან...

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები:

უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღის ვიდეოკამერით გადაღებული რუსულ ხომალდზე იერიშის მომენტი...

დაზიანებული რუსული ხომალდის ბუქსირებით შეყვანა ნოვოროსიისკის პორტში