"ეს ტერიტორია მითითებულია, როგორც უკიდურესად საშიში... დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია" - შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რომელი რეგიონებია მეწყერსაშიში?
გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. დამსვენებლები სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში ტელეფონებით ერთვებოდნენ და შველას ითხოვდნენ. სამ საათში სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაება, ადგილზე ჩავიდა ოთხასამდე მაშველი, რომელიც აქამდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.
ბოლო ინფორმაციით, რაჭაში მეწყერს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პროცესში იქნებოდნენ ჩართულები როგორც ხელისუფლება, ასევე ის ბიზნესმენები, ვისაც საკურორტო ზონაზე კოტეჯები და სასტუმრო ჰქონდათ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა სცოდნოდათ დამსვენებლებს თუ რამდენად საშიში იყო ეს ზონა დასვენებისთვის...
- ბატონო ზურაბ, ამ გადმოსახედიდან იყო თუ არა შესაძლებელი ადგილზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება?
- გარკვეულწილად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის მეწყერული და ღვარცოფის საშიშროების მქონე უბანი და ალბათ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ როგორც მშენებლობას, ასევე საკურორტო ზონების მოწყობას. დამსვენებლებმაც ინდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია. შეიძლება ეს მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ელოდნენ, მაგრამ უახლოეს წლებში ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა ნამდვილად არ მომხდარა.
- ამბობენ, რომ ეს კოტეჯები 50 წელია რაც აშენებულია.
- კი ბატონო, მაგრამ თბილისში, 2015 წელს ვერეს ტრაგედია რომ გავიხსენოთ, იქაც 50 წლის წინ იყო მოხდა ანალოგიური შემთხვევა. ამას გულისხმობს კვლევა და პრევენცია, უნდა გამოიკვლიო, მდინარეებს ადიდების მასშტაბები და პერიოდები. მე დიდი ხანია იქით არ ვყოფილვარ, მაგრამ სატელიტურ გამოსახულებაზე რომ დავხედე, ძალიან ახლოს არის მდინარესთან ეს კოტეჯები, სადღაც 10-15 მეტრში დგას, ეს ადგილები მდინარის კალაპოტი თუ არა, მიმდებარე ტერიტორია მაინც არის.
- როგორ ფიქრობთ, რაიმე ნიშნები იქნებოდა სანამ მეწყრული პროცესი დაიწყებოდა, რაც შესაძლოა ვინც ამაზე იყო პასუხისმგებელი, გამორჩათ?
- არ მგონია, რომ იქ დაკვირვების სისტემები ყოფილიყო, მაგალითად, რაც ახლა ბეთანიის გზაზე დააყენეს. ამ სისტემების წყალობით, თუ მეწყრული პროცესი დაიწყება ავტომატურად ხდება გზის გადაკეტვა და შეტყობინება. პირველ რიგში ამის მაუწყებელი იქნებოდა წვიმა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოვიდა, მაგრამ როგორც გითხარით, იქ არ იქნებოდა ეს სისტემა რომ ვინმე გაეფრთხილებინა.
სწორედ ამას ვგულისხმობ თანამედროვე უსაფრთხოების ზომებში, რომ მსგავს ადგილებში აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილების სისტემა. რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის კატასტროფები შეილძება ყველგან მოხდეს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ასეთ შემთხვევში ნაკლებია მსხვერპლი.
გარემოს ეროვნული სააგანეტოს გეოლოგიური დეპარტამენტი ყოველწლიურად ანგარიშებს აქვეყნებს და ამ ბიულეტინებში მითითებულია ეს ტეროტირა როგორც უკიდურესაც საშიში, პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, შემოხაზულია, შოვის ირგვლივ მეწყრები და ღვარცოფები. (გააგრძელეთ კითხვა)