"შოვი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს!" - რას ჰყვება სამუშაოებში ჩართული ადგილობრივი
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ბევრი დაკარგულის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სულ 8 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც. სპეცტექნიკა მუშაობს, მაშველებთან ერთად სამძებრო საქმეში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივები.
თემაზე ონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი მეტრეველი გვესაუბრება:
- სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა, დაკარგულებს ჯერ ისევ ვერ ვპოულობთ. ადგილობრივი მაცხოვრებლებიც აქტიურად არიან ჩართულები, ტექნიკა მუშაობს, მაგრამ იმხელა ლაფია, იმხელა მასაა, ადამიანი ეფლობა შიგნით. სამუშაოები მიდის, ვფიქრობ კურორტამდე, სადაც ძირითადად კოტეჯები იდგა, დღის ბოლომდე მივლენ, ახლა მისასვლელ გზაზე მუშაობენ, დიდი მანძილი არ არის, დაახლოებით 300 მეტრია, მაგრამ ძალიან რთული სამუშაოა. ვერ გადადიხარ. სამწუხაროდ, ალბათ კიდევ იქნება გვამები, გადაფარულია იქაურობა, ტექნიკა მუშაობს, შიგნით ეფლობი ადამიანი, წელამდე ჩადიხარ, ისეთი სიტუაციაა, საშინელი ამბავი მოხდა.
ჩაფლული მანქანებიც ჩანს, მაგრამ შიგნით არის თუ არა ვინმე ამას ვერ მიხვდები, სანამ არ ამოიყვანენ ამ მანქანებს და არ დაიჭრება. გზაზე ლავით დაფარული ავტომობილებიც ნახეს, ჯერჯერობით ვერ მიდიან იქამდე, რომ ამოიღონ, სპეცტექნიკა იქნება ამისთვის საჭირო, ეს იქნებ დღის ბოლომდე მოხერხდეს.
- ეს არის კოტეჯში მყოფი დამსვენებლების მანქანები?
- არა მგონია, იქ გზა გადის და შეიძლება ვინმე შემთხვევით გზად მიმავალიც მოჰყვა ამ ღვარცოფში. დაკარგულები არიან ადგილობრივებიც, მომსახურე პერსონალი, ძირითადად და რემონტებზე მომუშავე ბიჭები. მძიმე ემოციური მდგომარეობაა, მეზობლებიც გვყავს დაკარგულები და ძალიან განვიცდით. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იქ არსებულ ვითარებას.
- გუტაშვილები ხომ არ უპოვიათ?
- არ არიან ნაპოვნი ამ ეტაპამდე. სავარაუდოდ, ეგენი იქ კოტეჯებში არ იყვნენ, ალბათ. სურათი საშინლად მძიმეა. წუხელ ზემოდან დრონებითაც კი ათვალიერებდნენ. რომლებიც გადარჩნენ, ისინი ყველანი გამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, რამდენიმემ ტყეში მესაზღვრეებთან ერთად გაათენა ღამე.
დიტო მარკოიშვილი ადგილობრივი:
- ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ფაქტობრივად, შოვი აღარ არსებობს, საერთოდ განადგურებულია ყველაფერი. აქტიურად მიდის სამძებრო სამუშაოები, მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი. როგორც იცით, დიდი ტექნიკაც ჩართულია და ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამაშველოს ადგილობრივებიც დავყვებით, სადაც ვერ გადაადგილდება მაღალი გამავლობის მანქანა, ტრაქტორი, იქ ჭალაში ჩვენ დავდივართ.
მძიმე სურათია, იქ ვნახეთ მანქანები ჩაფლული, დაღუპული ხალხიც, ემოციურადაც ძნელია ამის ყურება. მანქანები ისეთ მდგომარეობაშია, ვერც ვატრიალებთ, ბურთივითაა დამრგვალებული, მიწით, ყველაფრით არის სავსე და ვერც ვნახულობთ შიგნით არის თუ არა ვინმე. ამ ეტაპისთვის ასეთი 4 მანქანა ვნახეთ. სულ მიწასთანაა გასწორებული, ამოცნობა, თუ რა მარკა იყო ან ვის ეკუთვნოდა, შეუძლებელია, ისეთ მდგომარეობაშია...
სავარაუდოდ, შიგნით იქნებოდნენ დაკარგული ადამიანები, მათ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. კიდევ არ არის ალბათ ცნობილი დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა, რადგან შეიძლება ზოგი შემთხვევითი გამვლელიც მოჰყვა. ზოგი ახლობელთან იყო, კურორტია, მჟავე წყლებია და ბევრი მიმსვლელ-წამსვლელია და იმ პერიოდში ვინ სად იყო, ამის გარკვევა რთულია. ან როგორი მოსაძებნია ამ მდგომარეობაში ცხედრები...
შეიძლება ვერ იპოვონ ყველა დაკარგული. ამის გაფიქრებაც არ მინდა, ნეტა ცხედრებს მაინც ვიპოვიდეთ.
ახლა აზრი აღარც აქვს ცოცხლებზე საუბარს, თუ ვინმე ცოცხალი გადარჩა, ის ტყის პირას მაინც გამოვიდოდა, დრონები, ვერტმფრენი დაფრინავს, ყველა ვეძებთ, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ ჩანს. ცხედრების აღმოჩენა ძალიან მძიმე პროცესია, იქ, სადაც მეც ვეძებდი, 3-4 ადამიანი ვნახეთ, მაგრამ საუბედუროდ, ცხედრები ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ იდენტიფიკაცია შეუძლებელია, ერთადერთი, სქესის გარჩევა თუ შეიძლება. საიდან სადამდე ატარა ეს ცხედრები, ვინ იცის და ამიტომ, დასახიჩრებულია, მიწაშია ამოგლესილი.
ხალხო, საშინელება ხდება. ვინც ტყეში გაიქცა, ისინი გადარჩნენ...
ყველა მხრიდან გავიშალეთ, ყველგან ვეძებდით მაშველებთან ერთად და ვინმე ცოცხალი რომ ყოფილიყო ვიპოვიდით, თან დრონები მუშაობს ვერტმფრენიც. სამწუხარო რეალობაა.
- როგორც ვიცი, ადგილობრივებმა იპოვეთ გარდაცვლილი ბავშვი.
- დიახ, ეს საშინელი სანახავი იყო, ერთი პატარა გოგოს ცხედარი ვნახეთ და ცოტა მოშორებით - ერთი ბიჭის, ვერც იცნობ მათ. საშინელი ტრაგედიაა. დავუძახეთ მაშველებს და ბევრი იწვალეს, გაიყვანეს. ვერტმფრენით გადაჰყავდათ ცხედრები, წვალობენ და ყველაფერი კეთდება დაკარგულების აღმოსაჩენად. ბავშვები სავარაუდოდ, კოტეჯში იყვნენ, რომელიც მოწყდა და მოშორებით, ქვემოთ, ჭალაზე ვნახეთ... ახლა იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი, ის ბიჭია.
ჩემი ინფორმაციით ამ დროისთვის 11 ადამიანია ნაპოვნი.
შტაბიც არის, სადაც გროვდება ინფორმაცია. ჩვენც გვეუბნებიან სახიფათოა იქ ყოფნაო, მაგრამ ასე შორიდან ამის ყურება წარმოუდგენელია, ვერ გაჩერდები ადამიანი, როგორ შეიძლება არ მიიღო მონაწილეობა. მით უმეტეს, ჩემი მეზობელია დაკარგული, გოგონა, თავისი სამი შვილით, ასევე, სამი ძმაკაცი დამეკარგა, ვიჯდე და ველოდო შორიდან? რას ველოდო? ვუყურო როდის გადავა ტრაქტორი?
ეს ძნელია ჩვენთვის, ვეძებ, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები.
- გუტაშვილებს ალბათ იცნობდით.
- დიახ, ისინი არ არიან ნაპოვნი. გელა გუტაშვილის მეუღლე ჩემი მეზობელია. გელას ჰქონდა კოტეჯები და საერთოდ გასწორებულია მიწასთან, მისი ორი შვილია დაკარგული, ჩემი მეზობელი გოგონა გელას ცოლისდა იყო და ნატო ჭელიძე თავისი სამი შვილით დაკარგულია, კიდევ, მათი სიძე იყო ჩამოსული და ისიც არ ჩანს.
ჩემს სამ მეგობარს: თემურ ჩიკვილაძეს, დიტო ფირცხალავას და ნიკა ჩალაძეს ვეძებთ, ისინი გელასთან მუშაობდნენ, წყალი გაჰყავდათ და მათზე არაფერი ვიცით. ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, გამოჩნდებოდნენ. ყველაფერი მოწყდა და დაზიანდა იმ ტერიტორიაზე. კოტეჯები მიწასთანაა გასწორებული.
გუტაშვილების კოტეჯების გარდა, იქ, შიგნით, 3-4 კოტეჯი იდგა, სასტუმროებიც იყო შიგნით, ერთი 3 სართულიანი სასტუმრო, კიდევ ცალკე იდგა სამი კოტეჯი, ამირან გამყრელიძის, მისი შვილის და მათი მეგობრების, ყველა წაქცეულია, აღარაფერი აღარ არსებობს.
"სანსეტ შოვიც" არ გადარჩენილა, ფაქტობრივად, უკნიდან არის სავსე ამ მასით. "სანსეტ შოვის" უკან არის მთა და ეტყობა, იმას დაეტაკა ეს მასა, მერე გადმოვიდა პატარა კოტეჯებისკენ და დაატრიალა ეს საშინელება. მყინვარი არის მოწყვეტილი, ჩაგუბებულია.
- ამის აცილება შეიძლებოდა? იქ მდინარე ჩამოდის?
- ვფიქრობ, უბრალოდ, ყურადღება რომ მიექცია ვინმეს, თუნდაც მოსახლეობას, ან "სანსეტის" მაცხოვრებლებს, შეიძლება ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. თურმე, მდინარეზე ორი დღე წყალი არ ჩამოდიოდა და არავის აცნობეს, ეტყობა მაშინ გაჭედილი იყო და მერე, გადმოხეთქა. იქნებ, რამე მოხერხებულიყო...
სამუშაოები მიდის, ჩვენ ყველაზე ძალიან გვინდა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. იმედია, დაკარგულებს ვიპოვით. ახლა თან წვიმა დაიწყო და ძალიან ვღელავთ.
(სპეციალურად საიტისთვის)