"ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის" - მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ
3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც შოვის ტერიტორიაზე ისვენებდა და ამ დრომდე ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია.
დაკარგულებს შორის არიან მეგობარი გოგონები, გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ინფორმაციას მეგობრების დაკარგვის ბაია გეგეშიძე რაჭის ჯგუფში ავრცელებს.
"გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სეირნობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.
წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა. ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ. ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.
არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი. “