"მეწყერი დაგვეჯახა და მაშოსთვის ხელი გამაშვებინა, მიწის უზარმაზარი ტალღა დიდი სისწრაფით მოდიოდა ჩვენკენ" - რა დეტალებს იხსენებს მეწყერს გადარჩენილი დავით ჯელაძე?
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსთან" რაჭაში, შოვში სტიქიურ ზონაში განვითარებულ მოვლენებზე, მეწყერს გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ისაუბრა. საზოგადოებამ დავითი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი გაიცნო, მას მეწყრიდან მცირეწლოვანი ბავშვი ზურგით გამოჰყავს:
"მზიანი დღე რომ გათენდა, ბავშების შოვში წაყვანა გადავწყვიტეთ. სახლში წამოსვლისას, სანამ კოტეჯებს მივუახლოვდებოდით იქვე მინერალური წყალია და გაჩერება გადავწყვიტეთ. ბავშვებმა წყალი დალიეს, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. რომ წამოვედით ჩემი სიძე ავიდა ხიდზე და მეძახდა სწრაფად წამოდიო. ხიდზე რომ ავედი დავინახე, რომ მთელი შოვი წაღებული იყო, არც გზა იყო. მიწის დიდი მასა მოდიოდა დიდი ხმით. გადავწყვიტეთ უკან წავსულიყავით, საიდანაც მოვდიოდით, იქნებ აქედან მაინც გაგვესწრო. დავინახეთ რომ უკანა გზაც ჩაგვიკეტა, ჩავიდა მინერალურ წყალშიც და ის ადგილი, სადაც 2 წუთის წინ ვიყავით, საერთოდ აღარ იყო, მიწამ სულ გადაფარა ყველაფერი.
ვინც მიხვდა რა შეიძლება მომხდარიყო, ზოგმა მოასწრო ტყეში ასვლა. ვინც ქართველი ტურისტი იყო, ისინი როგორ არიან არ ვიცი. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ცუდ ადგილას მოხვდნენ. მანქანიდან გადმოვედით, ვერც წინ მივდიოდით, ვერც უკან.
ავიხედეთ ზემოთ და მიწის უზარმაზარი ტალღა დიდი სისწრაფით ჩენსკენ მოდიოდა. გასასვლელი არ გვქონდა. მთელი ოჯახი იქ ვიყავით, პატარა ბავშვებით. ხიდთან ჩვენს გარდა კიდევ ორი ოჯახი იყო. ხიდმა მიწის ერთ მასას გაუძლო, მაგრამ მეორე მასა რომ დაეჯახა, ეს ხიდი ორივე მხრიდან მოწყვიტა და ოთხივე მანქანა წაიღო. ჩვენ აღმოვჩნდით შუა მეწყერში და ჩემი დისშვილი შემრჩა ხელში. მაშოს ვუთხარი, იმ ხემდე უნდა მივიდეთ რომ გადავრჩეთთქო. მაშოს თავიდან შეეშინდა, შემოვისვი მხრებზე და ერთად წავედით. ღრმა მიწა იყო, მივედით ხესთან და უეცრად დამანგრეველი ხმა გაისმა, ისევ ისეთი მიწის ტალღა მოდიოდა...
მაშო ჩავიხუტე და ზურგით დავდექი მეწყერთან. მეწყერი დაგვეჯახა მაშოსთვის ხელი გამაშვებია, მეწყერი რომ მინელდა, ბავშვი ჩაფლული იყო, ამოვიყვანე როგორღაც და ხეებისკენ გადავიყვანე, ხელებს ვერ ვხმარობდი, მიწა რბილი იყო, სიმაგრე არ იყო არსად... მთლიანი შოვი იყო დაფარული. საბოლოო ჯამში გადავრჩით, მაშველები და ბიჭები დაგვეხმარნენ", - ამბობს დავით ჯელაძე „360 გრადუსთან".
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.