"ეს ერთი დამრჩა, ეს ძაღლი არ ვიცი, როგორ გადარჩა" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მთელ ოჯახს ეძებს: ემოციური ვიდეო შოვიდან
მარიტა გუტაშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, მაგრამ ის ამ დრომდე ვერ უკავშირდება ოჯახის წევრებს. მეწყრის შემდეგ დაკარგულები არიან მარიტას ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით.
აღსანიშნავია, რომ შოვში არსებულ პრობლემაზე მარიტა ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა. უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც 2020 წელს აქვს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული.
ცოტა ხნის წინ შოვში მარიტა ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, რა დროსაც იქ მყოფიები საკმაოდ ემოციური მომენტის მომსწრენი გახდნენ. მოულოდნელად მარიტასთან მისი ძაღლი მივიდა, რომელიც ასევე დაკარგული იყო.
"ეს ერთი დამრჩა, ეს ძაღლი არ ვიცი, როგორ გადარჩა" - აღნიშნა მარიტამ.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 25 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. შოვში მაშველების დასახმარებლად იმყოფებიან მოქალაქეები, მოხალისეები, ძებნის სამუშაოებში ჩართულია ჯარიც. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 12 ადამიანი.
მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.