ტრაგედიას შეწირულნი... - ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ ან იძებნებიან
საქართველოში გლოვის დღეა - გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე.
შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა რიცხვი სამწუხაროდ, სულ უფრო იზრდება... 20-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც ადგილობრივები, ასევე, ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნაპოვნი ადამიანების ცხედრების ამოცნობა ძალიან ჭირს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონიდან ამოყვანილი ცხედრების უმეტესობა დასახიჩრებულია და მათი ნაწილის ამოსაცნობად დნმ-ს ანალიზის ჩატარება გახდება საჭირო.
ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, დაკარგულებს ტალახით დაფარულ ადგილებში ისევ ეძებენ.
მაშველებმა იპოვეს ავტომობილებიც, თუმცა, ისინი იმდენადაა დაზიანებული, რომ მარკისა და სახელმწიფო ნომრის გარჩევა ჭირს. რამდენიმე მანქანა იპოვეს ასევე მოხალისეებმაც, რომლებიც ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, სამუშაოებში არიან ჩართულნი. პერიოდულად მოხდება ამ მანქანების ამოყვანა, სპეციალური აპარატურით გაჭრა და დათვალიერება.
მძიმეა დაკარგულების ოჯახის წევრების ემოციური მდგომარეობა. სასოწარკვეთილი ადამიანები დახმარებას კვლავ ითხოვენ და თავიანთი ძალებითაც ცდილობენ მოძებნონ ოჯახის წევრები. სულისშემძვრელია იმ კადრების ყურება, როცა ხედავ, ამ ღვარცოფით დაფარულ ადგილებში როგორ დადიან თავად ოჯახის წევრები და როგორ ცდილობენ სადმე იპოვონ თავიანთი ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შს მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და სხვადასხვა თანამდებობის პირები, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში იმყპფებიან და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დრონების საშუალებით ხორციელდება ტერიტორიის დათვალიერება.
ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული ვითარება.
მდგომარეობა მართლაც უმძიმესია, ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები, შს სამინისტროს სხვა დანაყოფები, მოხალისეები, ადგილობრივები ძალღონეს არ იშურებენ ცხედრების აღმოსაჩენად.
მუშაობს დიდძალი ტექნიკაც.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის 19 ადამიანია ნაპოვნი და მათ შორის არიან:
გიორგი გოგინაშვილი, დავით ბერიაშვილი, სამირა ისაევა, ლუკა დოდაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, მეგი და გიგი გუტიშვილები, ქსენია ტრიჩევა, ალინა პოლიკოვსკა...
ზაზა მესხის მეუღლე - ალინა პოლიკოვსკა, ქუთაისის პროზექტურაში დასვენებულ ცხედრებს შორის ახლობლებმა ამოიცნეს. ამ დრომდე იძებნებიან თავად ზაზა მესხი და მისი სამი შვილი. ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობდა, მისი მეუღლე უკრაინელი გახლდათ და ოჯახი ორი დღის ჩასული იყო დასასვენებლად სოფელ უწერაში. ეს სოფელი შოვთან ახლოსაა და ცნობილია ის, რომ ხუთშაბათს, ტრაგედიის დროს, მესხები მანქანით იყვნენ ასული შოვში. მას შემდეგ მათ ეძებენ.

ეძებენ, ასევე, დეიდაშვილებს - თემურ ჩარკვიანს და ნიკა ჩალაძეს, მათ მეგობართან - დიტო ფირცხალავასთან ერთად. ცნობილია, რომ ბიჭები სტიქიის შედეგად დანგრეულ კოტეჯებში მუშაობდნენ, წყალი გაჰყავდათ კოტეჯებში. სოფელ ლაგვანთიდან არიან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა.

ამ დრომდე იძებნება გუტაშვილების დიდი ოჯახი. დაკარგულებიდან და-ძმის, მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები იპოვეს, ასევე იძებნებიან მათი დეიდა და დეიდაშვილები - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები, მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე, სამი მცირეწლოვანი ბავშვით, რომელთაგან 7 წლის ლუკა დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. გარდაცვლილი ბავშვის ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერეჯრობით მაშველებს არ უნახავთ ლუკას და-ძმა და დედა, რომლებიც შოვში, სტიქიის დროს გაუჩინარდნენ.

"გთხოვთ პატივი ეცით გარდაცვლილებს და მის ახლობლებს. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას სოციალურ მედიაში (განსაკუთრებით FB - ზე) ჯერ მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი. ნუ მწერთ ჟურნალისტები: "დარწმუნებული ხართ?!', 'ზუსტად იცით?!"...
იფიქრეთ და ადამიანის მდგომარეობაში შედით, გთხოვთ! ჩემით მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა და როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს, რომელიც სულ ეკლებში იყო, თქვენი აზრით არვიცი ზუსტად? გთხოვთ, დაფიქრდეთ სანამ რამეს დაწერთ ან მოგვწერთ. მადლობა ყველას თანადგომისთვის ...ვეცდები, ახალი ინფორმაცია გაგაგებინოთ, რადგან სათითაოდ ყველას ვერ გწერთ." - წერს გარდაცვლილი ბავშვის ნათესავი.

ნატო ჭელიძესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს, ლუკას, ანდრიას და ანასტასიას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათგან ამ დროისთვის მხოლოდ ლუკას პოვნა შეძლეს.
სამი მეგობარი - გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, მათ ოჯახის წევრები იმ საბედისწერო დღიდან ეძებდნენ. ცნობილი ხდება, რომ ნინო კენჭაძის ცხედარი მამამ უკვე ამოიცნო... ეძებენ მათ მეგობარს - გვანცა ბუბაშვილს. არსებული ინფორმაციით, გოგონები ბოლოს კალცის წყალზე იყვნენ და მას შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.

შოვში სტიქიისას დაკარგული და-ძმიდან გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს. გიორგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ადასტურებენ.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
"წავიდა ყარალა... გუშინ ღამით დადასტურდა გიორგის და დათოს ამბავი. ოჯახმა არ იცოდა და დარჩა გულის გასახეთქ საიდუმლოდ, რომელიც უბრალოდ მარტო უნდა გამოგეტირა. არამხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულებების მქონე პატრიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!" - წერს ირაკლი კუპრაძე.
როგორც ცნობილია, გიორგი ყარალაშვილი სორბონას უნივერისტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

როგორც ინფო რუსთავი წერს, დაღუპულებს შორის, 2 ადამინი რუსთავიდანაა - 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.
"დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" გარდაცვლილი გოგონას ძმამ, ისკანდერ ისაევამ.
რუსეთის მოქალაქე, პერმიდან ქსენია ტრიჩევა საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში ადასტურებენ.
„დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ქალის ცხედარი მისმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეწყერის დროს რომ რუსეთის მოქალაქე შესაძლოა სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, მედიაში გავრცელდა. გაუჩინარებული ქსენიას დედა პერმიდან საქართველოში გამოფრენას გეგმავდა.

მონაცემები რეგულარულად განახლდება.
მძიმეა სურათი...
"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს და სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას.
(სპეციალურად საიტისთვის)