"დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა" - მარიტა გუტაშვილი 9 ახლობელს ეძებს
შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 16 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპული ადამიანების ნაწილის ამოცნობა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. დაკარგულების ახლობლები დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, რათა მათ ამოეცნოთ ცხედრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გვამები ისეთი დაზიანებულია, რომ დნმ-ს ნიმუშების აღების და დამატებითი კვლევების გარეშე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
AMBEBI.GE მარიტა გუტაშვილს ესაუბრა, რომელიც 9 ახლობელს ეძებს:
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.
დღეს ჩვენი ძაღლი - ბონი გამოჩნდა, სტიქიის დროს არ ვიცი, სად იყო, ხანდახან გადიოდა და სეირნობდა. ვიფიქრეთ, იქნებ საიდანაც გამოვიდა, ჩვენებიც იქ იყვნენ და ახლა იმ მიდამოებში ეძებენ ბიჭები. ბონის გარდა, 3 ძაღლი გვყავდა და არც ერთი არ ჩანს. ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ტალახი სქელდება, როგორია იქ ძებნა? ჯერ-ჯერობით, იმედის მომცემი არაფერია, არსაიდან არანაირი ნიშანი არ ჩანს, ველოდები სამაშველო სამუშაოების დამთავრებას, ბიჭები თავს არ ზოგავენ.
ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა, მანქანით დგას შემაღლებულ ადგილას და გამუდმებით ჭოგრიტით ათვალიერებს არემარეს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ან ამოიყვანონ". (გააგრძელეთ კითხვა)